გამათამამე!
გამათამამე, მომეც ნება,
ძლიერ მიყვარდე,
ხელი გავუშვა თოკით დაბმულ
და როგორც წვიმა, ჩამოგვბანს და
მოგვწმენს იარებს,
ეს სიყვარული დროს გაუძლებს,
დროს - პირქუშ ცერბერს.
შემიტკბე, როგორც ტკბილეული
აღდგომის სუფრის,
როგორც შარბათი, ხილის წვენი,
თაფლივით შემსვი,
და როგორც ჩემი სახის კანი
სიბერეს უფრთხის,
არ დაგავიწყდეს, ჩემი სისხლი
შენს სისხლს რომ ერთვის.
გამათამამე, მისახსოვრე
ლექსის ბწკარედი,
განა კი ერთი, უთვალავი,
როგორც ვარსკვლავნი
და როგორც შენი თვალებია
ზეცის კარედი,
დაე, მეც ვიყო შენს მკლავებში
ერთი ანკლავი.
მაია დიაკონიძე
14.04.2024 წელი
No comments:
Post a Comment