გილოცავთ, მეგობრებო, აღდგომას, დაე, თითოეული ჩვენგანის გულში დაევანებინოს სიხარულს ქრისტეს აღდგომით გამოწვეულს.
მე კი, ისევ ჩემი ბავშვობა გამახსენდა და ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული და საოცარი იყო. ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით. ახლოში ორი დიდი ქარხანა იყო, ერთი - ელექტროშემდუღებელი, სადაც მამა იმჟინრად მუშაობდა. ამ კორპუსებში, კიდევ ერთი ჩვენი კორპუსის წინ იდგა, მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, ქარხნებს დიდი მუშახელი ჭირდებოდა. დილით პატარები გამოვცვივდებოდით აღდგომის კვერცხებით ხელში, ვულოცავდით ერთმანეთს აღდგომას, ვიძახდით: ,,ქრისტე აღსდგა", ,,ჭეშმარიტად:, იყო პასუხი. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვურტყავდით ერთმანეთის კვერცხებს, რომლისაც უფრო მაგარი აღმოჩნდებოდა, არ ჩაიმტვრეოდა, ის იყო გამარჯვებული. მამას სპეციალურად ვარჩევინებდი მაგარს, რომ ჩემსას გაემარჯვა, კბილებით სინჯავდა. იმ დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვიყავი, იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებული კვერცხები გვქონდა: მარტო წითელი კი არა, ყვითელი და მწვანე, უკრაინული ტრადიციის თანახმად, დედა ხომ უკრაინელი იყო. ენდროში შეღებილი კვერცხებიც საოცრად ლამაზი გამოსდიოდა დედას, ოხრახუშს შემოახვევდა ზედ შეღებვის დროს, ყვავილებად რჩებოდა. აი, ამ წითელ-ყვითელ-მწვანე და ყვავილებიანი კვერცხებით რომ ჩავიდოდით ხოლმე დაბლა მე და ჩემი და-ძმები, ბავშვები შურით შემოგვცქეეოდნენ, მაგრამ დიდ ბატის კვერცხებსაც რომ მივაყოლებდით, ბებია გვიგზავნიდა იმერეთიდან, ეს უკვე საყოველთაო განსჯის საგანი ხდებოდა. ახლაც მეცინება, ყველა გვთხოვდა ბატის კვერცხს, ერთი გოგონა, მახსოვს პირველ სართულზე ცხოვრობდა, კვერცხს ნაძვის ხის სათამაშოებში მიცვლიდა, რატომღაც ძალიან მომწონდა ის პატარა სათამაშოები, ისე სათამაშოების მეტი რა გვქონდა, და ასე ვებმებოდი აღებ-მიცემაში, ახლაც მიკვირს ჩემი თავის. ის პატარა სათამაშოები, ბატის კვერცხებში გაცვლილი, ახლაც მაქვს სახლში და განსაკუთრებულად მიყვარს.
დიდი ხანია აღარ დამინახავს აღდგომის კვერცხებით ხელში გამოსული პატარები ჩვენი კორპუსის ეზოში. ბავშვებიც თითქოს აღარ არიან. სადღაა ის სიხალისე, რაც აღდგომას ახლდა თან. დროს, ყოვლიშემძლეს, მიაქვს ჩვენი ტრადიციები, ბებიების, მშობლების და ჩვენ ვრჩებით კომპიუტერების ამარა, ზეიმიც იქ გვაქვს, როცა სულის ზეიმი აქ, ჩვენთან, ჩვენს ახლობლებთან, ჩვენს ბავშვებთან უნდა გვქონდეს.
წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო! სიახლეების, ბედნიერების წელი დამდგარიყოს ჩვენი ქვეყნისთვის!
No comments:
Post a Comment