უფალო!
ვეღარ ავსებენ ჩემს გულში ღიობს,
წამომაშველე, ღმერთო, ხელები,
დაჰბერე ირგვლივ სიკეთის სიო.
დამჭკნარან თითქოს თეთრი ვარდები,
ჩემ ფეხქვეშ სურდათ რომ დაეყარათ,
და შემოუცვამთ მათ ქლამანდები,
ჩემთვის რომ კენჭი უნდა ეყარათ.
ხორცს ჰგავს ეს ჩემი სულის ვაზები,
აჩეხილს ასე უხმოდ, უწყალოდ,
ახლა ვიღასღა დავემგზავრები,
თუ აღარა ხარ ჩემთან, უფალო!
ბოროტთა შენზე იყარეს ჯავრი
მე სულით ცოდვილს, რაღას მიზამენ,
სულზე წამების დამაკარეს ჯვარი,
თან წაიყოლეს ჩემი სინაზე.
დაყრილან ხენი, როგორც ჯაჭვები,
რითაც, უზადო, ჯვარზე გაგაკრეს,
სისხლით შეღებილ ოლეანდრებსაც
მე ეს სამყარო მიტომ ვადარე.
ჩამოსჭკნობიათ ფერდები ხართა,
ბედის უღელი უნდა ეწიათ
და გვიკვირს ახლა ქუხილი ცათა,
ცოდვის ნაყოფად რომ დაგვეწია.
და მაინც, ჩემო უფალო, გვედრი,
არ მომაშორო წყალობის თვალი,
კვლავ აღმადგინე ღვთიური მზერით,
სულს მოუფონე, უფალო, ამინ!
მაია დიაკონიძე
24.04.2023 წელი
No comments:
Post a Comment