Sunday, July 31, 2022

მინიმა

 გაფრინდი, ჩემო მეგობარო, ცისკენ გაფრინდი,

ოღონდ ნუ მიხვალ მზესთან ახლოს, რომ არ დაიწვა,

შემოგეშველოს უცილობლად უნდა ამინდი

ცის ნამი შესვი, როგორც ღვინო წითელ აისთან.

მინიმა

 ტკივილებად რომ ირწევი, 

გულო, აკვანში დაბმულო,

მიწაც არ გვრჩება ძირძველი,

რაღა გვაქვს სასიქადულო.



შაგვედრებ, ღმერთო( 29 ივლისს დაღუპულ მაშველთა ჯგუფს ვერტმფერენის ვარდნის შედეგად)

 შაგვედრებ, ღმერთო,მათ სულებს,

მიეც შავარდნის ფრთებია,

სხვათა საშველად წასულებს,

მიიღებ როგორც წესია,

სული უცხონე, უფალო,

ამოიყენე გვერდშია.


სალაღობო, მინიმა

 კარგი ჯიში გაქვს, სახარე,

ჩემთვის ლუკმა ხარ, ნატრულო,

იმასა ვფიქრობ ახლავე, 

თუ მერე ჩაგახრამუნო.

აბრიალებულს გადამასხეს, მგონია, წყალი,
და ახლა, როგორც მქრქალი ცეცხლი ვბოლავ და ვხრჩოლავ,
თუნდ ბროწეულის ყვავილების ფეთქავდე ძალით,
მაინც ჩაგაქრობს უცნაური ქარების ქროლვა,
და როგორც ცეცხლი, მეც გავქრები ადრე თუ გვიან,
დავემონები წუთისოფლის ფატალურ ტრიალს.
მაია დიაკონიძე
31.07.2022წელი



 ლექსებში შემომისახლდი

ახალგაზრდული სულით,

შენთვის დავაცხვე ხმიადი,

შენთვის გავტეხე პური,

შეგასვი წყალ ნაკადულის,

მოგეც ცის თაღი  ბანად,

შენა ხარ ჩემი წარსული, 

ჩემი ოშკი და ბანა.

,

.

.



Saturday, July 30, 2022

 შენ ჩემი ციხე ხარ, მთელი ცხოვრება 

რომ ვაშენებდი ოცნებებში, დარდში, ფიქრებში 

და აგამაღლე თითქმის ზეცამდე,

ახლა ჩემს გულში ფესვი გაიდგი,

არ მეშინია მაღლა გავფრინდე,

შენს ქონგურებზე შემოვსკუპდე პატარა ჩიტი,

ვიცი, ბავშვივით მომიფრთხილდები,

ვიცი, ყოველთვი ცის კართან მიცდი.








Friday, July 29, 2022

 მზე დასდგომია ვარდნარის ბაღებს,

თაკარა სიცხე დულში იწვევს,

თითქოს დაუგეს სიყვარულს მახე,

ვარდიც და კაციც ჩრდილისკენ იწევს.

ვერცხლისფერს უკვე ვერ იტევს თმები,

გული კი მაინც სალაღოდ იწვევს

და კაცისა თუ მზის თვალთა მზერა,

ქალს მისდომია იმ ჩრდილშიც  ისევ.



Thursday, July 28, 2022

 აღარც ლექსს მიწერ, არც სიტყვებს, 

როგორცა შვენის ფხოველსა,

არ მცალიანო, მივიწყებ,

კაცს არ ედარო მქსოველსა.


მიდის დრო და ეს ცხოვრებაც ქრება,

გიფრთხილდები ახლა ყველა წამო,

თითქოს სული ამ სიცოცხლით თვრება,

ყველა წუთით მინდა გავიხარო.

მოასწარით, რაც რომ ვერ თქვით გუშინ,

სიყვარული აუხსენით ყველას,

თორემ როცა ჩაიხედავთ სულში,

ნახავთ, იქ რომ არაფერი რჩება.



 სიზმრად მოხვედი, როგორც ტორერო,

იდუმალ ფიქრით სადღაც შორიდან,

ზეცას აისის ცეცხლი მოედო,

გამართულია ღრუბელთ კორიდა.

მესახებოდი ვნების სამოთხედ,

ხელში ჩაგიდე ძაფის გორგალი

და მზის ასული შენს კვალს გამოვყევ,

მხარზე კაპარჭით, ვით ამორძალი.



მინიმა

 თავს გახვევ ჩემი ფიქრების ტალღას

და იმ სიყვარულს, რომ არ გჭირდება,

მოგყვები, როგორს ნიავ-ქარს აფრა

და დავიმსხვრევი შენს ნაპირებთან.


Wednesday, July 27, 2022

რტო, ავტ, ლევან მთავრიშვილი


რტო ბედთან აღარ ვდაობ, თუმცა რა აზრი აქვს... შენთვის მოტეხილი რტო ვარ იასამნის, ჩემი სიცოცხლე კი მომცრო ლარნაკშია, შენ რომ წყალს უსხამ და... ვსუნთქავ ღია სარკმლით უკვე ფესვგადგმული. გელი... და ამ დილით, წყურვილს ვეღარ ვიკლავ, რადგან ეს ეს არის ვგრძნობ, რომ უმოწყალოდ დაგავიწყდი, შენი მონატრებით ფესვშემშრალი.

 "...რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს

სადმე წარსულში ან მომავალში." მიხეილ ქვლივიძე * * * წამოდი ზეცაში, სად ლურჯი მინდვრები მორთულა ღრუბლებით - ბაბუაწვერებით, რომ უტყვი გრძნობების აქ თუ ვართ მძევლები, ჯადოსნურ მითებში პეპელად მევლები. თოვლისფერ კაბით, ქალწულად მოხვალ, ყელს შემოივლებ ვარსკვლავთა მძივებს... დუმილის ოქროდ გულს რომ ამძიმებს ამომხდეს მინდა: მიყვარხარ - ოხვრად... შენ მონატრების ლექსებს მომისევ - თეთრ გვირილებად მოჰფენ მდელოებს, ზღაპრად მიამბობ, როგორ მელოდე, ვით პენელოპე დაღლილ ოდისევს

 რისთვის მინდოდა, რომ დავიბადე,

რად გავიზარდე მე შენს კალთაში,

თუკი ვმღეროდე უნდა ბაიათებს,

და მოგიკითხო სევდის სალამით.

თუ იმისათვის გაიხსნა ზეცა,

მხოლოდ დარდების ცრემლი გაწვიმოს,

გზაზე აყვავდეს ეკალი, ძეწნა,

გაქრეს ვაზების ძირი საჩინო.

დღეს გორგასალის ცხენის ნაკვალევს

შემოჰყოლია ასი ხიზანი

და რომ შეგხედე, მშობელო დედავ,

ნატანჯ-ნაგვემი ვეღარ გიცანი.

სულში შემოდის მტანჯველი ფიქრი,

ნუთუ სამყარომ უნდა გაგწიროს?

მაგრამ გავმართე დრო-ჟამთან ქიშპი,

დარჩები ვრცელი და უნაპირო.



,




Monday, July 25, 2022

გრიგალი სულში (სატრფიალო)

გრიგალი სულში, სხეულში  - ვნება,
მეტოქეობას ერთმანეთს უწევს,
მთებზე ნისლები ქულებად წვება,
დავიდგამ შენზე ფიქრების უღელს.
გულს სიმფონია ბუნების ართობს,
ჭახჭახებს შაშვი, ,,მემენტო, მორი",
მსურს დაგიჭირო სიცოცხლის წამო,
სანამ გავხდები ცასავით შორი.
ყვავილთა ფიფქი ტრიალებს ირგვლივ,
პეპელა მზერას თვალისას ატკბობს,
შენ კი გარშემო ღრუბლებად მივლი,
და როგორც ღმერთი, ჩემს გულში სახლობ.





Sunday, July 24, 2022

მოდი და...

 ისევ სატრფიალო ლირიკიდან

მოდი!
მოდი და ჩახსენ გულის კალთები,
ზედ იებმა და ვარდმა იბაღა,
მაგ სიყვარულით ზეცას ავწვდები,
ფეხქეშ გავთელავ ღრუბელთ იალაღს.
მოდი, სანამდე ელავენ თვალნი,
სანამ იჭერენ ამ გულს ღვედები,
თორემ გასკდება და ზეცას ცალი
თეთრდაწინწკლული შველი შევრჩები.
გახსოვს, რომ მკლავდი დუმილით ქვიშის,
უდაბნოს ხვატს რომ თვალში მაყრიდი,
ამის გაგება ახლაც კი მიჭირს,
გამოვიწვიე ყველა რაყიფი
დუელში, დავეც სუყველა ომში
და ბასტილიის შევხსენ კარები,
მაგრამ მდუმარედ ზიხარ შენს კოშკში,
გამომელია უკვე ძალები.
მოდი, თუ კიდევ გახსოვარ ცოტა,
თუ ჩემს სახსოვრად ცას გუნდრუკს უკმევ,
თორემ როდესაც წერილი მოვა,
ცოცხალი აღარ ვიქნები უკვე.
მაია დიაკონიძე
24.07.2022წელი

ავტ, კახა შალამბერიძე

 მოდი ისეთი, როგორსაც გელი,

ოღონდ ნუ მეტყვი რომ - „ის აღარ ვარ!“

ისედაც გული მიჭირავს ხელით,
ფორიაქით რომ ძლიერ დამღალა...
ნურაფერს იტყვი, არ მიპასუხო,
განა პასუხის არა ვარ ღირსი,
უბრალოდ შენ ხარ ასეთი უხმო,
ასეთი უხმო და არავისი...
გიყურებდი და არ მახსოვს სახე,
აღარც ის მახსოვს, გნახე თუ არა...
თავშესაფარი იყავი სახლი
ქარიშხალმა რომ გადაუარა.
იყავი თეთრი ღრუბელი დარის,
სად ქრება, რომ არ იცის არავინ,
მაინც მოგწვდება ბღავილი ხარის,
მზეზეც რომ დადგა ოქროს კარავი...
რომ გაცილებდი ნეტავ თუ გახსოვს,
წვიმას, ირისის გაბმულ ხიდამდე?
მე შემიძლია რომ სულ არ გნახო,
სულ არ გნახო და მაინც გხედავდე.
დასაბამიდან ბევრი ვიარე
და მომეკვეცა დაღლილი მუხლი.
შევეფარები მაგ თმის ხვიარებს
მოგისმენ ასე მეტყველს და უხმოს...
წავედი, უკან გავბრუნდე უნდა
დაბადებამდე, ჩავყვე თიხამდე...
მე შემიძლია არ ვიყო თუნდაც,
შენც არ იყო და... მაინც მიყვარდე!



ექსპრომტად თამილა გოგოლაურს სიტყვა ,, გაქშერების " ,, გაცოცხლებისათვის ." ( ფშაურ კილოზე .), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი


ექსპრომტად
თამილა გოგოლაურს
სიტყვა ,, გაქშერების "
,, გაცოცხლებისათვის ."
( ფშაურ კილოზე .)
1 . ვიცი , ფ ხ ო ვ ე ლ მ ა
წინაპართა მიწის ფერება ,
ჩემი მ ა მ უ ლ ი ,
უ ც ხ ო თ ა თ ვ ი ს
არ მ ე ქ შ ე რ ე ბ ა !
2 . ,, კ ა ი ყ მ ა " იყო ,
ჩემი ე რ ი ს
ს უ ლ ი ს სახსარი ...
დ ე ვ ე ბ ს ლახტავდნენ , ~
ხან კ ო პ ა ლ ა ,
ხან ი ა ხ ს ა რ ი !
3 . კვლავ იზრდებოდნენ
,, მ გ ლ ი ს ლ ე კ ვ ე ბ ი ," ~
ჯ ი ლ ა ბიჭები ,
ჰკვებავდათ მიწა ,
ა რ ა გ ვ ე ლ თ ა
დანაბიჯები !
4 . თემის ჯ ვ ა რ ~ ხ ა ტ ი ს
მოგვდგამს რ ი დ ი
და მ ო რ ჩ ი ლ ე ბ ა ...
,, ს ხ ვ ა ს არას ვართომთ , ~
ჩ ვ ე ნ ს ნურავინ
შ ა გ ვ ე ც ი ლ ე ბ ა !
5 . თორემ ფ ხ ო ვ ე ლ მ ა
მწარედ იცის გადამტერება ,
მ ა მ უ ლ ი ს მ ი წ ა , ~
არავისთვის არ
გ ვ ე ქ შ ე რ ე ბ ა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
21 . 02 . 2020 წელი .

 მე მიყვარდი, შენ კი არა მგონია,

გავიფურჩქნე, როგორც ვარდი სილაზე,

სილამაზე ჩემი გამომყოლია,

მომემატა თვალის ეშხი, სინაზე.

მაგრამ განა ეს ცხოვრება დაგაცლის,

დედოფლობა არ ყოფილა ადვილი,

ქარი უცებ ფერუმარილს აგაცლის

და გაგწირავს სამუდამო ტანჯვისთვის.


Saturday, July 23, 2022

ვერ ენდობი, ავტ. ია ნანეიშვილი

ვერ ენდობი,დღეს ვერავის ვერ ენდობი!
ენდობი და სანანებელს გაგიხდიან.
გაგყიდიან.დაგცინებენ,დაგაქცევენ,
გვერდზე ჩუმად,უსინდისოდ ჩაგივლიან!
მერე გიკვირს თვალში როგორ გიყურებენ,
უსირცხვილოდ დაბლა თავსაც არ დახრიან....
კადრულობენ,სულ ყველაფერს კადრულობენ...
აპატიებ?! სისულელედ ჩაგითვლიან!
უარყოფენ,სულ ყველაფერს უარყოფენ,
უტიფრობით,ქედმაღლურად ბობოქრობენ.
გღალატობენ! მილიონჯერ გღალატობენ!
და ღალატით გულში თითქოს ამაყობენ!
არც რცხვენიათ,სამწუხაროდ არ რცხვენიათ...
არც იმ ცრემლის ,შენ თვალზე რომ დაგდენია...
რა ცოტაა ნდობის ღირსი ქვეყანაზე!
მოღალატე?!-სამწუხაროდ რამდენია!..
ია ნანეიშვილი

 გნატრობ, ვეძლევი საფიქრალს,

ზეცა მაღლდება ფერებით,

სხივებს მოიფენს მთვარისას

ჩემს ირგვლივ ჭადრის ხეები.

ჭავლი მოცვივა ვარსკვლათა,

როგორც უფლისგან კვერები,

დამეხმარება სანათა,

ლუხუმს გაცოცხლებს გველები.

მოხვალ, ვით ცხელი ზაფხული,

ყაყაჩოების ტევრებით,

უკვდავების წყალს შემასმევ,

ვერას გვიზამენ მდევრები.




მინიმა

 შენ ჩემი სულის ათინათებს

 ჩუმად იპარავ და გაზაფხულობ,

მე კი დარდებით სავსე მოგყვები,
ჩემი სიცოცხლის მზევ, ფერნაკლულო.

Thursday, July 21, 2022

არ ვიცი, სატრფიალო

 არ ვიცი!

თოვლია, ნამქერი, ქარბუქი,
ცივ მიწას ეწვია, კვალსა შლის,
არ ვიცი, გელოდო როდემდის,
არ ვიცი, გელოდო, სადამდის.
ფიფქებმა მიდამო დაფარა,
მზე ჩადის, ირიბად ეშვება,
დავეძებ სუყველგან შენს გზა-კვალს,
ფიქრები რუხ კვამლში ეხვევა,.
მე მაინც დაგიცდი ბოლომდის,
ვერ მოხვალ? არც შენი ბრალია,
ყოველთვის აზრი აქვს მოლოდინს,
თუ გიყვარს ჩემსავით ძალიან.
მაია დიაკონიძე
21.07.2022წელი

 სიყვარულმა გამაფრინა ზეცაში,

ღრუბლად მოველ, ხან კი ფრთათეთრ თოლიად,

მაგრამ უცებ დავენარცხე მიწაზე, –

რაც არ გქონდა, რად გექნება, გგონია?!


გალათეა (ზღაპარი)

   ,,გალათეა"
გოგონას ლურჯი თვალები ჰქონდა, ზღვასავით კამკამა, შიგ ირეკლებოდა დღისით მზე, ღამით - მთვარე და ვარსკვლავები, წამწამები კი ისეთი გრძელი ჰქონდა, რომ მათ წინაშე ყველაფერი იჩრდილებოდა. სრულიად არავინ ჰყავდა ნათესავი და ახლობელი, დედაც კი არ ახსოვდა. დადიოდა თავის პატარა ძაღლთან ერთად სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან - ქალაქში, მოწყალებას ითხოვდა, იმიტომ რომ სხვა არაფერი იცოდა. ეს ხელობაც ერთმა დედაბერმა ასწავლა, თავი ასე ირჩინე, თორემ შიმშილით მოკვდებიო, თვალები კი ყოველთვის დაფარული გქონდეს, არავინ დაინახოს. ერთ დღეს შენს მშვენიერ თვალებს შეამჩნევენ და სათანადოდ დააფასებენო. სულ უკვირდა, რა იყო სათანადოდ დაფასება, მაგრამ არ იცოდა და რა ექნა? მას მერე სახეზე ვუალჩამოფარებული დადიოდა, ადამიანებს ეგონათ, რაღაც სიმახინჯე ჰქონდა, ეცოდებოდათ და მოწყალებას უხვად აძლევდნენ, თუმცა ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ სადაც გოგონა გაივლიდა, იქ ვარდების და ნარცისების ბაღი ჩნდებოდა, ხოლო მტრედები მუდმივად თან დაჰყვებოდნენ. ისიც, როცა მოწყალებას მისცემდნენ, პურს ყიდულობდა, დაფშვნიდა და თავის მფრინავ მეგობრებს უმასპიძლდებოდა. დედაბერიც უკან დაჰყვებოდა და შემოსავლის ნაწილს თვითონ იბარებდა. გადიოდა წლები. გოგონას ძალიან უყვარდა თივის ზვინზე წოლა, თუმცა დედაბერი ეუბნებოდა ხოლმე, არ შეიძლება, გველმა არ გიკბინოსო, მანდ იციან დაბუდება მაგ ოხრებმაო, მაგრამ გოგონას მაინც არ ეშინოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, გველებიც, მისი სილამაზით დატყვევებულნი, შორიდან უყურებდნენ ხოლმე, რომ არ შეშინებოდა და მისი თვალების ელვარებით ტკბებოდნენ. ღამ-ღამობით გოგონა თავქვეშ ამოიდებდა ხოლმე თივის ბულულს და ვარსკვლავებიან ცას შეჰყურებდა, თავის ბედის ვარსკვლავს ეძებდა. ერთ დღესაც მიხვდა, რომელი იყო მისი ბედის ვარსკვლავი და გულმოდგინედ დააკვირდა. ის სხვა ვარსკვლავებს არ ჰგავდა, პირველი გამოჩნდებოდა ხოლმე ცაზე და ყველაზე მკვეთრად ანათებდა. ალბათ, მიხვდებით, რომ ეს ვარსკვლავი ვენერა იყო, ხანდახან მას "მწუხრის ვარსკვლავსაც" უწოდებენ.
ერთხელაც გოგონა კუნძულ კვიპროსზე მოხვდა. სახალხო ზეიმი იყო გამართული. აფროდიტას დღეს დღესასწაულობდნენ. აფროდიტა კი სილამაზის ქალღმერთი იყო, ზოგ ქვეყნებში მას ვენერას უწოდებდნენ. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ის მათ სიყვარულს, ოჯახურ ბედნიერებას და მრავალ შვილს მისცემდა. გარშემო ყველაფერი ყვავილებით იყო მორთული, გოგონები გვირგვინებით შემკულნი დასეირნობდნენ, ვაჟებს ნამცხვრებით და სხვა ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ. სახეზე ვუალჩამოფარებული ქალიშვილი ყველას ყურადღებას იქცევდა. ბიჭები ცდილობდნენ, ნიღაბი სახიდან ჩამოეგლიჯათ, მაშინ გამწარებულმა გალათეამ, ასე ერქვა მას, ზღვას მიმართა, ადამიანებისგან საშველი რომ ვერ ნახა. რადგანაც ცურვა არ იცოდა, ტალღებმა წაიღო. ამ დროს კვიპროსში ერთი ცნობილი მოქანდაკე ცხოვრობდა. ერთხელ მან გოგონას ქანდაკება გამოკვეთა, რომელიც ძალიან შეუყვარდა. მუდმივად მას შესცქეროდა, ოცნებობდა, რომ მისი ცოლი სწორედ მას მსგავსებოდა. მაგრამ ასეთი ქალიშვილი ვერა და ვერ ნახა, მაშინ სახლში ჩაიკეტა და არავისი დანახვა აღარ სურდა. აფროდიტას დღეს ქალღმერთს შესთხოვა, თავისი საბედო ეპოვა. პიგმალიონი, ასე ერქვა მოქანდაკეს, ზეიმზე გამოვიდა და ისიც დაინახა, როგორ წაიღო სახეზე ვუალჩამოფარებული გოგონა ზღვამ. წყალში გადახტა და ნაპირზე გამოიყვანა. გოგონას სახეზე ვუალი შემოსცლოდა. მისმა სილამაზემ დაატყვევა პიგმალიონი, ეცნო კიდევაც, მიხვდა, რომ სწორედ ეს გოგონა გამოაქანდაკა. გალათეამ თვალები გაახილა, მხატვარმა მის თვალებში მზე დაინახა და დარწმუნდა, რომ ის იყო მისი საბედო. ქალ-ვაჟი დაქორწინდა. გალათეას სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გინახავთ ცაზე ვარსკვლავი გალათეა, როგორ ბრწყინავს და ანათებს?! ასე ანათებდა ჩვენი გოგონა სულიერადაც და ფიზიკურადაც და არაერთი კეთილი საქმის ჩამდენი და წამომწყები გახდა თავის ცხოვრებაში.
მაია დიაკონიძე

მინიმა

 კი, შუქ-ჩრდილების თამაშია ჩვენი ცხოვრება,

გულის კარნახს რომ მივყოლოდი, არა გონებას,

მგონია უფრო მივიღებდი სულის ცხონებას,

ამ გამუდმებულ სინანულშიც სული ობდება.





Wednesday, July 20, 2022

ლექს~სურათის ,,თუ ვერ შევძელი" კომენტარად მაიკოს! (ფშაურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ლექს~სურათის ,,თუ ვერ შევძელი" კომენტარად მაიკოს!

(ფშაურ კილოზე)
1. ენა სხვას ამბობს,
გული სხვას,
გულის ნადებსა ჰფარაო ...
მკერდზე ტყუილად იფარებ, გამჭვირვალეა
მარაო;
2. გვირილით იმარჩიელე,
ის გეტყვის:
,, ჰ ო," თუ ,,ა რ ა ო ",
უფალს მადლობა,
კაფიამ,
თუ გული გაგიხარაო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
13 . 07 . 2022 წელი
,,სვეტიცხოვლობა!"

რად ვერ გიმღერე?! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 რად ვერ გიმღერე ...

1 . ვერ გამიგია ,
ც ხ ო ვ რ ე ბ ა შ ი
ასე რად ხდება ? !
შორ წ ა რ ს უ ლ ი დ ა ნ , ~
ს ი ნ ა ნ უ ლ ი ს
უბერავს ქარი ...
დ რ ო მ ჩაიარა ,
ამ ჩავლილზე
დღეს გული მწყდება ,
მაგ შენი მ კ ე რ დ ი ს
კ ვ ი რ ტ ო ბ ა ს რომ
ვერ მოვუსწარი .
2 . როცა სხეული
გ ი ყ ვ ა ო დ ა ვით
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ,
ყვავილს ღებავდნენ
შენს თ ვ ა ლ ე ბ შ ი
მორცხვად ი ა ნ ი ,
რად ვერ გ ი მ ღ ე რ ე ,
ვით ვ ა რ დ ს უმღერს
ტკბილად ბ უ ლ ბ უ ლ ი ,
გ ზ ა ხომ მაშინ ჩანს , ~
როცა უკვე არის გ ვ ი ა ნ ი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
6 . 10 . 2021 წელი .