Sunday, July 24, 2022

ავტ, კახა შალამბერიძე

 მოდი ისეთი, როგორსაც გელი,

ოღონდ ნუ მეტყვი რომ - „ის აღარ ვარ!“

ისედაც გული მიჭირავს ხელით,
ფორიაქით რომ ძლიერ დამღალა...
ნურაფერს იტყვი, არ მიპასუხო,
განა პასუხის არა ვარ ღირსი,
უბრალოდ შენ ხარ ასეთი უხმო,
ასეთი უხმო და არავისი...
გიყურებდი და არ მახსოვს სახე,
აღარც ის მახსოვს, გნახე თუ არა...
თავშესაფარი იყავი სახლი
ქარიშხალმა რომ გადაუარა.
იყავი თეთრი ღრუბელი დარის,
სად ქრება, რომ არ იცის არავინ,
მაინც მოგწვდება ბღავილი ხარის,
მზეზეც რომ დადგა ოქროს კარავი...
რომ გაცილებდი ნეტავ თუ გახსოვს,
წვიმას, ირისის გაბმულ ხიდამდე?
მე შემიძლია რომ სულ არ გნახო,
სულ არ გნახო და მაინც გხედავდე.
დასაბამიდან ბევრი ვიარე
და მომეკვეცა დაღლილი მუხლი.
შევეფარები მაგ თმის ხვიარებს
მოგისმენ ასე მეტყველს და უხმოს...
წავედი, უკან გავბრუნდე უნდა
დაბადებამდე, ჩავყვე თიხამდე...
მე შემიძლია არ ვიყო თუნდაც,
შენც არ იყო და... მაინც მიყვარდე!



No comments:

Post a Comment