გულისტკივილით ვაკვირდები, როგორ იცლება ჩვენი სამშობლო, როგორც ვიცით, ქართველები გადაშენების პირას მდგომი ერი ვართ, ეს ყოველივე თვალნათლივ ჩანს. როცა ვუყურებ, რომ მხოლოდ მოხუცები და ბავშვები რჩებიან საქართველოში, მშობლები მოეწყობიან თუ არა სადმე, ბავშვებიც მიჰყავთ და არავინ მითხრას, ისინი უცხო ქვეყანაში ქართველებად იზრდებიანო! შეიძლება ქართული იციან, ისიც ცუდად, და რატომ გინდათ თქვენი შვილები იქ ჩაიკარგონ, როგორც ხორბლის ბეღელში ერთი მარცვალი, როცა აქ შეგიძლიათ სამშობლოს მცველებად და მოამაგეებად გაზარდოთ და მათი სახელები ისტორიაშიც ჩაიწეროს?! თუ რა თქმა უნდა, სწორედ გაზრდით! მთელი ცხოვრება მატერიალურ შეჭირვებაში ვიცხოვრე, მახსოვს, ოთხმოცდაათიანებში ერთი კვერცხი გვქონდა, პურის ნაჭრებს ამოვავლებდი გათქვეფილში, მარგარინში შევუწვავდი ჩემს შვილებს, მაგრამ არასოდეს მიფიქრია სამშობლო დამეტოვებინა. ასე არიან ჩემი შვილებიც, არ უნდათ ქვეყნიდან წასვლა. დაცლილია სოფლები, შეხვალ ინტერნეტში, გაოცდები, ვინ სადღა არ გაქცეულა. თუ ყველა წავედით, ვინ დარჩება ქვეყნის მომვლელად?! გამოსწორდება მდგომარეობა და მერე ჩამოვალთო, გამოსწორდება კი, თუ ხელი არავინ გამოიღო?! ავტობუსში ახვალ და ქართველი სადღაა, ინდოელი, არაბი, შავკანიანი, უკრაინელი, რუსი, რა ეროვნების ხალხს აღარ ნახავ! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ თქვენ სად ხართ, ქართველებო?! იკარგება ქართული გენი და სისხლი, ტრადიცია და ჯიგარი, მარტო ფურცლეზეა შემორჩენილი ! მე კი მიყვარს ჩემი სამშობლო უზომოდ, ბავშვობიდან ასე ვიყავი, შეყვარებული ჩემს ქვეყანაზე, ყველა ყვავილი მიხარია, რომელსაც ვხედავ, ყველა პეპელა, ყველა სახლი და ეზო.
არხოტზე წყალი მეძახის და დაბამბული ქედები,
კლდიდან კლდეებზე გადავალ, ჯიხვივით გადავევლები,
უბრალო მწყემსი ვიქნები, ნაბადში გამოხვეული,
მჭადი და ყველი მეყოფა, გუდაში გამოვლებული,
არ ვუღალატებ ჩემს სამწყსოს, - ცხვარი ხომ ღმერთის კრავია,
არხოტზე წყალი მეძახის, - მივდივარ, მიმიხარია...
მაია დიაკონიძე
16.11.2012წელი
No comments:
Post a Comment