Thursday, July 21, 2022

გალათეა (ზღაპარი)

   ,,გალათეა"
გოგონას ლურჯი თვალები ჰქონდა, ზღვასავით კამკამა, შიგ ირეკლებოდა დღისით მზე, ღამით - მთვარე და ვარსკვლავები, წამწამები კი ისეთი გრძელი ჰქონდა, რომ მათ წინაშე ყველაფერი იჩრდილებოდა. სრულიად არავინ ჰყავდა ნათესავი და ახლობელი, დედაც კი არ ახსოვდა. დადიოდა თავის პატარა ძაღლთან ერთად სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან - ქალაქში, მოწყალებას ითხოვდა, იმიტომ რომ სხვა არაფერი იცოდა. ეს ხელობაც ერთმა დედაბერმა ასწავლა, თავი ასე ირჩინე, თორემ შიმშილით მოკვდებიო, თვალები კი ყოველთვის დაფარული გქონდეს, არავინ დაინახოს. ერთ დღეს შენს მშვენიერ თვალებს შეამჩნევენ და სათანადოდ დააფასებენო. სულ უკვირდა, რა იყო სათანადოდ დაფასება, მაგრამ არ იცოდა და რა ექნა? მას მერე სახეზე ვუალჩამოფარებული დადიოდა, ადამიანებს ეგონათ, რაღაც სიმახინჯე ჰქონდა, ეცოდებოდათ და მოწყალებას უხვად აძლევდნენ, თუმცა ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ სადაც გოგონა გაივლიდა, იქ ვარდების და ნარცისების ბაღი ჩნდებოდა, ხოლო მტრედები მუდმივად თან დაჰყვებოდნენ. ისიც, როცა მოწყალებას მისცემდნენ, პურს ყიდულობდა, დაფშვნიდა და თავის მფრინავ მეგობრებს უმასპიძლდებოდა. დედაბერიც უკან დაჰყვებოდა და შემოსავლის ნაწილს თვითონ იბარებდა. გადიოდა წლები. გოგონას ძალიან უყვარდა თივის ზვინზე წოლა, თუმცა დედაბერი ეუბნებოდა ხოლმე, არ შეიძლება, გველმა არ გიკბინოსო, მანდ იციან დაბუდება მაგ ოხრებმაო, მაგრამ გოგონას მაინც არ ეშინოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, გველებიც, მისი სილამაზით დატყვევებულნი, შორიდან უყურებდნენ ხოლმე, რომ არ შეშინებოდა და მისი თვალების ელვარებით ტკბებოდნენ. ღამ-ღამობით გოგონა თავქვეშ ამოიდებდა ხოლმე თივის ბულულს და ვარსკვლავებიან ცას შეჰყურებდა, თავის ბედის ვარსკვლავს ეძებდა. ერთ დღესაც მიხვდა, რომელი იყო მისი ბედის ვარსკვლავი და გულმოდგინედ დააკვირდა. ის სხვა ვარსკვლავებს არ ჰგავდა, პირველი გამოჩნდებოდა ხოლმე ცაზე და ყველაზე მკვეთრად ანათებდა. ალბათ, მიხვდებით, რომ ეს ვარსკვლავი ვენერა იყო, ხანდახან მას "მწუხრის ვარსკვლავსაც" უწოდებენ.
ერთხელაც გოგონა კუნძულ კვიპროსზე მოხვდა. სახალხო ზეიმი იყო გამართული. აფროდიტას დღეს დღესასწაულობდნენ. აფროდიტა კი სილამაზის ქალღმერთი იყო, ზოგ ქვეყნებში მას ვენერას უწოდებდნენ. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ის მათ სიყვარულს, ოჯახურ ბედნიერებას და მრავალ შვილს მისცემდა. გარშემო ყველაფერი ყვავილებით იყო მორთული, გოგონები გვირგვინებით შემკულნი დასეირნობდნენ, ვაჟებს ნამცხვრებით და სხვა ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ. სახეზე ვუალჩამოფარებული ქალიშვილი ყველას ყურადღებას იქცევდა. ბიჭები ცდილობდნენ, ნიღაბი სახიდან ჩამოეგლიჯათ, მაშინ გამწარებულმა გალათეამ, ასე ერქვა მას, ზღვას მიმართა, ადამიანებისგან საშველი რომ ვერ ნახა. რადგანაც ცურვა არ იცოდა, ტალღებმა წაიღო. ამ დროს კვიპროსში ერთი ცნობილი მოქანდაკე ცხოვრობდა. ერთხელ მან გოგონას ქანდაკება გამოკვეთა, რომელიც ძალიან შეუყვარდა. მუდმივად მას შესცქეროდა, ოცნებობდა, რომ მისი ცოლი სწორედ მას მსგავსებოდა. მაგრამ ასეთი ქალიშვილი ვერა და ვერ ნახა, მაშინ სახლში ჩაიკეტა და არავისი დანახვა აღარ სურდა. აფროდიტას დღეს ქალღმერთს შესთხოვა, თავისი საბედო ეპოვა. პიგმალიონი, ასე ერქვა მოქანდაკეს, ზეიმზე გამოვიდა და ისიც დაინახა, როგორ წაიღო სახეზე ვუალჩამოფარებული გოგონა ზღვამ. წყალში გადახტა და ნაპირზე გამოიყვანა. გოგონას სახეზე ვუალი შემოსცლოდა. მისმა სილამაზემ დაატყვევა პიგმალიონი, ეცნო კიდევაც, მიხვდა, რომ სწორედ ეს გოგონა გამოაქანდაკა. გალათეამ თვალები გაახილა, მხატვარმა მის თვალებში მზე დაინახა და დარწმუნდა, რომ ის იყო მისი საბედო. ქალ-ვაჟი დაქორწინდა. გალათეას სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გინახავთ ცაზე ვარსკვლავი გალათეა, როგორ ბრწყინავს და ანათებს?! ასე ანათებდა ჩვენი გოგონა სულიერადაც და ფიზიკურადაც და არაერთი კეთილი საქმის ჩამდენი და წამომწყები გახდა თავის ცხოვრებაში.
მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment