სიყვარულს რა ვუყო
(ოდა სვანეთს)
***************
ეს ჩემი თვალები მოესწრო ამასაც და შემომეღვიძა წყალობანაპკურებს,
მწვერვალზე ასწია მზემ სხივის თამასა და ვარცხნის გრიგალი შეცივნულ სამყურებს!
თოვლი რომ ჰფენია უშგულს და ლენტეხსაც, სულყვავილობაა ფიფქამოფეთქილი,
არწივმა კლანჭით რომ ბოხოხი შეტეხა - შხელდასი - ყივილით შეუწყრა ბეთქილი...
წუხელის იმ მთაზე თქეშით რომ აწვიმდა, დილით კი ნისლების ბოწოწო ცვიოდა,
წიოდა ქარი და - ვინ ნახავს აწი და - ეგ დალის ძუძუებს - კლდის წვერებს - სციოდათ!
ნუ დარდობ სვანეთო ტბაცრემლა მინარევს, ცრემლები ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ტომარა,
დასჭყივლე კაცურად სამშობლოს ვინც არევს, ვაჟკაცად მეგულვი, მძინარედ ხომ არა!
წუხელის მესიზმრე, გული კი შიშობდა, ახშობდა ამ შიშებს ქარების განგაში,
შენსავით დიდგულას სხვა მიწა ვით შობდა, ვიდოდი მდიდრულად, ამაყად, მხარგაშლით!
სიზმარი აგრეა - აყვავებს დუმფარებს - იმედით მევსება ნაფერთხი ტომარა,
კლდის გინდა განგრევა, გული მეხს უფარე, რა გაგტეხს, კაცი ხარ, თქმულება ხომ არა!
მზეც სასოწარკვეთას კუდს ამოუძუებს, სულს შენი იმედის ვაოკებ ამ ზღუდით...
და დალის შეცივნულ, მთრთოლვარე ძუძუებს დაფარავს შავლეგოს ტორების აზღუდი...
ამ მიწის ვნებები, მზის ახალუხები, ცხრაფერად იწვნება, ქალღმერთს რომ მოჰპარა,
სამშობლოს - დაჩოქილს - შეუდექ მუხლებით... აღდგომა იწყება! დაცემა ხომ არა!
დაჰკივლე მამაცო, მტერსა და მოყვარეს, თორემ აქ ბალახიც უკაცოდ აშქერდა,
გაათბე ის გული, ურცხვად რომ მოგვპარეს, დაჰკივლე! - ღრუბლები გარბოდნენ ლაშქენდარს!
დღეს ტყის ვაც-კაცები ჩვენს იმედს - ლაზარეს - კოჭად აგორებენ ჯერ თვლიან ყომარად...
შემოჰკარ ამ კლდეს და იქით კლდე დაბზარე, შენ ერის თესლი ხარ - ნაჭუჭი ხომ არა!
დარდები მასმიეს, ბოლომდე ვერ შევსვი... და ყველას საფიქრალს ვერა, ვერ ვერევი,
ამ მიწის კრისტალებს ვინახავ ვენებში და ხვალ თუ... ზეგ იყოს, მასვე შევერევი!
და რა ვქნა, დროს უდგას ხურვების ალაო... ზნედაცემულობის ჟამი-ჟამ ამინდის.
ეს სული წმინდანთა ლოცვებში ბანაობს და მიწის ყივილი ძარღვებში დამიდის!
თავისუფალი ვარ - უბატონ და უყმო, თვალმა კლდის ბოხოხი ზემოდან შეტეხა...
არ ვიცი, ამ მიწის სიყვარულს რა ვუყო, ვიღვიძებ ლარჩვალში... სულს დავლევ მეტეხთან!
ამოვთქვათ მე და შენ ამ დრომდე რაც ვიცით, ის „ხოჩა ლადეღი“ - სიკეთის რტო მარად,
ვასწავლოთ ქვეყანას ხელით ცის ლაციცი, ხალიბთა შვილნი ვართ! - ხაზარნი ხომ არა!
*************************
მარი ჟღენტი
07.07.2022
No comments:
Post a Comment