როცა მოხვედი ჩემს ზღაპრებში, შემოაღწიე
და ამირანის მკლავები და მხრები გაშალე,
ასე მეგონა ჩემი გული განში გასწიე,
შემოამატე ფერადი ქვა საშენ მასალებს.
შემოუკეთე ხმელი ფიჩხი ანთებულ კოცონს,
და ტკაცა-ტკუცი დამწვარი ხის როცა გაისმა,
ალმოდებული მე ვიყავი ლამაზი ფიჭვი,
შენ შელოცვილი ავგაროზი ჯადო ღამისა.
დილამდის ჩემთან იყავი და არ მქონდა ძილი,
აფახულებდნენ ვარსკვლავები ოქროს წამწამებს,
და როცა თავზე წამოგვადგა ნათელი სხივი,
მზის სარჩული და სიყვარულის სახე მანახე.
ერთი პატარა ნაპერწკალი ვიყავ ცვარისა
და შენს თვალებში ყვავილების ნათება ვსახე,
ამირანივით ეშინიათ შენი ძალისა,
ჩემს სხეულს ასე უსაშველო ვნებით რომ ავსებს.
არ მინდა მალე რომ გამიცვდეს ზღაპრების ფერი,
რომ ალამაზებს აკვარელით სულის პალიტრას,
მინდა რომ მყავდე სიზმარშიაც, ცხადშიაც გვერდით,
სურვილი დაგრჩეს ათას ერთი მწველი ღამისა.
No comments:
Post a Comment