Tuesday, July 27, 2021

მოგონებებიდან, დაწუნებული საპატარძლო

 მოგონებებიდან

დღეს ისევ ჩემი ცხოვრების ერთ ისტორიას გავიხსენებ, მანამდე კი ერთ ამბავზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. გუშინწინ ავტობუსით ვიმგზავრე, ჩემს წინ წყვილი იჯდა, კაცი 35 წლისა იქნებოდა, ქალი - 45- ის მაინც. დავაკვირდი, ჩანდა ცოლ-ქმარი იყვნენ, ასეთი სიყვარული მამაკაცისგან არც მინახავს, ისე შესციცინებდა ამ ქალს თვალებში, ისეთი სიყვარულით ჰკიდებდა ხელს ხელზე, ისე უჭერდა, თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთმია. პირველად ჩემს ცხოვრებაში დავფიქრდი, რა ასეთი მნიშვნელობა აქვს ასაკს, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ? ქალიც მამაკაცის მხრიდან გათამამებული ჩანდა და ვარდივით ყვაოდა, მართლაც, ჩემს წინ ქალი კი არა, სურნელოვანი ნაზი ვარდი იჯდა, შლიაპითა და ჭილის ხელჩანთით. ჩემს გარშემო არიან კიდეც ასეთი წყვილები, როცა ქალი ათი წლით, ზოგჯერ მეტითაც უფროსია მამაკაცზე, მაგრამ ამ ხალხს ერთმანეთი უყვართ და შესანიშნავი ოჯახებიც აქვთ. ზოგჯერ ასეთი ურთიერთობები კრახითაც მთავრდება. ჩემმა ერთმა ნათესავმა, მრავალი წლისწინანდელ ამბავზე გიამბობთ, როცა ოცი წლისა იყო, 33 წლის ქალი მოიყვანა ცოლად, დიდი სიყვარული ჰქონდათ, კარგი შვილებიც გაზარდეს, მაგრამ 25 წლის თანაცხოვრების მერე ერთმანთს დაცილდნენ, სხვა შეიყვარა, ახლა თავისზე 15 წლით ახალგაზრდა ქალი და მასთან ცხოვრობს, შვილები არ ეყოლათ. ასეა, სიყვარული უკიდურესობებში აგდებს ადამიანს და რა ნაბიჯს არ გადაადგმევინებს ხან ქალს, ხან კაცს.
ახალგაზრდობაში ჩემთვის ასეთი რამ სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო. მახსოვს ასეთი შემთხვევა მქონდა ცხოვრებაში. ალახაძეში, ინტერბანაკში შრომით სემესტრში მოვხვდი, რჩეული გოგო-ბიჭები ვიყავით სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, ვიქნებოდი სადღაც 20 წლისა, ჩვენთან ერთად იყვნენ უცხოელებიც: ჩეხები, სლავები, გერმანელები, ვიეტნამელები, პაკისტანელები და სხვა. იქ ბევრი ადამიანი გავიცანი, დავახლოვდით კიდეც, ძალიან დამიმეგობრდა ერთი ახალგაზრდა, სადღაც წელიწადნახევრით იყო ჩემზე პატარა, ბავშვად ვთვლიდი და მისთვის არასოდეს არ შემიხედავს სხვა თვალით, თუმცა სულ ჩემს გვერდზე იყო ხოლმე, არ მცილდებოდა. დამთავრდა ეს ჩვენი შრომა-გართობა. დავბრუნდით თბილისში. გავიხედოთ, დამიმთავრდა ლექციები, მაღლივ კორპუსში ვსწავლობდი და მოვიდა ეს ბიჭი იქ, გოგოებს გვითხრა, სახლში მინდა დაგპატიჟოთო, არ გაგვკვირვებია, იქ ძალიან ვმეგობრობდით ყველანი. წავყევით სახლში, შევედით ულამაზეს ბინაში, ჭაღი იატაკამდე იყო ჩამოშვებული, მუზეუმებში მინახავს ასეთი. ამ ყმაწვილის დედა გვმასპინძლობდა, ულამაზეს ჭიქებში ჩამოგვისხა გოგოებს წვენი, ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ვიცინით. გავიხედე, დედა ქალბატონი ამ ყმაწვილისა მითვალთვალებს, ხან აქედან შემომხედავს, ხან იქიდან, აივანზე გადის, ფარდიდან მიყურებს. ამ ყველაფერმა ძალიან დამაეჭვა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. გოგოებმაც შენიშნეს ეს ამბავი და სახლიდან რომ გავედით, მომახსენეს, ის ქალბატონი რაღაც უცნაურად გაკვირდებოდაო. დავივიწყე ეს ამბავი. გავიხედე და დამხვდა ეს ჩვენი ბავშვი ისევ მაღლივი კორპუსის გაჩერებაზე. ახლა მარტოებმა გავისეირნოთო, მითხრა, თან ასკინკილით მომყვებოდა გვერდზე, კარგი. გავისეირნოთ-მეთქი. გზაში თავის სიყვარულზე მიამბო, ისე შემიყვარდი, ვკვდებოდი და გონზე რომ მოვსულიყავი ბიჭები ღამით წყალში მაგდებდნენ ხოლმეო, თუ ვინმე მოგიახლოვდებოდა და ელაპარაკებოდი, ეჭვიანობისგან ვტიროდიო. დედაჩემსაც ვუთხარი და იმ დღეს იმიტომ გიყურებდა ასე დაჟინებითო. გაოცებისგან ენა ჩამივარდა მუცელში. ამდენი ხანი როგორ იტევდა-მეთქი ამ გრძნობას. როგორც ბავშვი, შემეცოდა. ლამაზი ბიჭი იყო ძალიან, ვის არ მოხიბლავდა. ვკითხე, დედაშენს თუ მოვეწონე-მეთქი, არაო, არ დაუმალავს. დიდხანს ვიბობოქრე, ამ ბავშვთან რა საქმე მაქვს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიყვარულით და პატივისცემით მექცეოდა, ვის არ მოაწონებდა თავს. ძალიან გავლენიანი მამის შვილი იყო, თანამდებობის პირის, მე ინტელიგენტების ოჯახიდან, არ ვიყავით მდიდრები, ამან დიდი როლი შეასრულა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით, არ ჩამთვალა ოჯახმა თავის შესაფერისად. ასეთებიც ხდება. წლების მერე გავიგე, ვიღაც ბავშვიან ქალთან დაუწყია სიარული, ბოლოს ცოლადაც მოუყვანია. გავიფიქრე, ასე უნდა დედამისს-მეთქი. ამას წინ დავინახე, ისევ ისეთი ლამაზი და სიმპათიური იყო, მაინც გული შემიფანცქალდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, სადაც არის. კარგის მეტი მისგან არაფერი მახსოვს.
მაია დიაკონიძე
შატილში ექსკურსიაზე
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება 0 ადამიანი, მათ შორის, Maia Diakonidze, ბავშვი, დგომა, ზოლები და შენობის გარეთ
Sofio Chelidze, Tiniko Chezhia და 19 სხვა
11 კომენტარი

No comments:

Post a Comment