Tuesday, July 27, 2021

მოგონებებიდან (დაწუნებული სასიძო)

 

დღეს ერთ სასაცილო ამბავს გავიხსენებ ჩემი ცხოვრებიდან. უნივერსიტეტი ახალდამთავრებული მქონდა და, როგორც წითელდიპლომიანი, კვლევით ინსტიტუტში მიმიღეს სამუშაოდ, იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. თან დაუსწრებლად ვსწავლობდი თსუ-ს ასპირანტურაში. ვიყავი გალაღებული და ცა ქუდად არ მიმაჩნდა, დედამიწა ქალამნად. თაყვანისმცემლები ბევრი მყავდა, მაგრამ არავინ მომწონდა და ამ დროს, ჩემმა ბიძაშვილმა, სასწრაფოდ საქმრო გამომიძებნა, შენი გათხოვების დრო დადგა და ბიჭიც აგერა გვყავსო.
ეს ეგრეთ წოდებული ბიჭი 32-33 წლისა გახლდათ თურმე, მაღალი თანამდებობის პირი იყო, ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის უფროსის მოადგილე, არ ვიცი ამ ასაკში როგორ მოახერხა ასე წინ წასვლა, სამსახურის მანქანა ემსახურებოდა, გარდა ამისა თავისიც ჰყავდა, ოპერასთან სამოთახიანი ბინა, რაიონში, დასავლეთიდან გახლდათ, სამსართულიანი გაწყობილი სახლი. ჩემი თავიც ენახებინათ თურმე და გადარეულა, ოღონდ წამომყვეს და ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭედს გავუკეთებო. ეს ყველაფერი მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა, კაი ხნის ლაპარაკი და თხოვნა-ვედრება დასჭირდა, რომ ნახვაზე დავეყოლიებინე. არც ახლა ვგიჟდები ბრილიანტებზე, რომ მქონდეს, უარს არ ვიტყოდი, მაშინ კი, 21 წლის გოგოს, საერთოდ არ მაინტერესებდა, წარმოვიდგინე კიდეც თავი ათივე თითზე ბრილიანტით, გავპარჭყე თითები, მოვკვდი სიცილით, მაგრამ ბიძაშვილს ხათრი ვეღარ გავუტეხე და წავედი ამ კაცის სანახავად, ახლა ამაზეც მეცინება, 33 წლის რა არის, ასაკთან ერთად წლოვანებაში სხვაობას უკვე ვეღარ ვამჩნევთ, მაგრამ მაშინ ის ბიძაკაცად ლამის მეჩვენებოდა. ინტუიციამ არ მიმტყუნა და სასიძო შარვალ-კოსტუმსა და გამოსასვლელ ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამომეცხადა, ლამის გადავირიე, ჩემს ბიძაშვილს თვალები ვუბრიალე, დამთავრდა ეს საქმე-მეთქი, ვაჩვენებდი, მაგას მე აღარ შევხვდები, განვუცხადე,, მაგრამ ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, სიძეც ჩაერია საქმეში და მისი ნათესავები, რომლებიც ამ კაცის ახლობლები იყვნენ და ძალისძალით ისევ დამითანხმეს. მეორე შეხვედრაზე ბეთანიაში ასვლა შემომთავაზა, ვიფიქრე, იქნებ ეკლესიის ნახვა ცუდი ნიშანი არაა და დავთანხმდი. ახლა სპორტულ თეთრ ფეხსაცმელებში და სპორტულ სამოსში გამომეცხადა, ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა, დაიძრა ავტომობილი ბეთანიისკენ, ავედით მაღლა-მაღლა, რა თქმა უნდა, მის გვერდზე ვიჯექი, ვსაუბრობდით, და უცებ ხელზე ხელი დამადო, აი, აქ კი გადამეკეტა ტვინი, როგორ გაბედე -მეთქი, მეგონა ჭინჭარმა დამსუსხა, ავკივლდი, ახლავე ქვევით წამიყვანე, არ მინდა ეკლესიის ნახვა, რაღა ექნა, წამიყვანა სახლში. ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც ის იყო, რომ მოსმენა დააყენა ჩემს ტელეფონზე, უსმენდა ვის და რას ველაპარაკებოდი, მერე შავ დღეში მაგდებდა, ეს რაზე უთხარი, ის რაზე უთხარიო, საშინელი ეჭვიანი იყო, ვიფიქრე, ჯერ ქმარი არაა და რა დღეში მაგდებს, მერე რას მიზამს-მეთქი. ჩემმა მეგობრებმაც დაიწუნეს, შენი შესაფერისი არააო. ასე რომ საშინელი უარი ვტკიცე ცოლობაზე, არა და დარწმუნებული იყო, გავყვებოდი.
წლების მერე გავიგე, რომ 90-იანებში დიდი ქონება ჩაეგდო ხელში, რაღაც გარჩევებს შეეწირა და მოკლეს, ეს უზარმაზარი ქონება კი მის ცოლს დარჩენოდა, რომელიც მერე მეორედაც გათხოვდა და მგონი მესამედაც. მაშინ ბიძაშვილი, მისი მეუღლე და ნათესავები სასტიკად გამინაწყენდნენ, ის კი არა და ახლაც მეუბნება ჩვენი ხანუმა, გოგო, ის მთელი ამხელა ქონება ხომ შენი იქნებოდაო! მე გულიანად მეცინება ხოლმე.

No comments:

Post a Comment