Friday, December 3, 2021
ბებია (ასი სიტყვა)
ჩამჭკნარი თითები ხელში ჩამიდო, ისე მომესალმა, ვისი ბიჭი ხარო, მკითხა, კარგად ვერ გხედავ, გამოიწიე, მზის შუქზე შეგხედოო. ცრემლი მომაწვა, - შენი შვილიშვილი, ვანიკო ვარ, - ვუთხარი. გულში ჩავიკარი დაპატარავებული. ავათვალიერე, სუფთად ეცვა. რას საქმიანობ, ბებია?- ვკითხე, ერთხანს ხმას არ იღებდა, მერე თვალები მოჭუტა და მიპასუხა, - რას უნდა ვაკეთებდე მარტო ამ ეზო-კარში, სიკვდილისთვის ვემზადებიო. - ყურადღება აღარ მოუქცევია ჩემთვის, ჭიშკრისკენ გაეშურა, ეზოდან გავიდა, იქვე პაპაჩემის გაჩორკნილ სკამზე დაჯდა, შორს მთებისკენ დაიწყო ცქერა, მივედი, გვერდზე დავუჯექი, მეც თეთრონ მთებს გავხედე, რომელთა დავიწყებაც ვერ შევძელი. - ვის ელოდები ბებია? - ვკითხე, - შვილიშვილს, - მიპასუხა, - სხვა ქვეყანაშია წასული, მალე ჩამოვა, ტანი მიგრძნობს... დიდხანს ვისხედით გარინდული. საღამოხანს ადგა, ხელზე ხელი მომკიდა, სახლში შემიყვანა...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment