Tuesday, July 13, 2021

ლურჯი თვალები

   არავინ იცოდა, საიდან გამოჰყვა ლურჯი თვალები, დედაც ადრე გარდაეცვალა და მამაც, ბებიამ და პაპამ ზარდეს, სანამ შეეძლოთ, შეიძლება ეუბნებოდნენ კიდეც, ამ ფერის თვალები ვისი ჰქონდა, მაგრამ რომ გარდაიცვალნენ, ერთ წელიწადში ერთმანეთს მიჰყვნენ, ვარლამი მაშინ მხოლოდ ხუთი წლისა იყო, ამიტომ არაფერი ახსოვდა, მერე კი, ბავშვთა სახლში იყო, სადაც არავინ იცნობდა არც მის დედას, არც მამას და არც პაპა-ბებიას, არც მშობლების ფოტოები შემორჩენოდა და არც რომელიმე ნათესავის, ისე კი ბავშვთა სახლში კარგად ექცოდნენ, მის მიმართ ყველას სიმპათიები ჰქონდა, ასეთი ანგელოზის თვალები საიდან დაგყვაო,  ეუბნებოდნენ და შეჰხაროდნენ, მაშინ როცა სხვა ბავშვებს დიდი გულისხმიერებით არ ეპყრობოდნენ, ეს რბილად რომ თქვათ, თორემ ბევრ შემთხვევაში სასტიკადაც უსწორდებოდნენ. ვარლამიც მიხვდა თავისი გარეგნობის ფასს და ხშირად ამ უპირატესობას უსინდისოდაც იყენებდა, არაერთი ქალის გულთამპყრობელი გახლდათ და სრულწლოვანი რომ შეიქნა და ცხოვრების ასპარეზზე დამოუკიდებლად გამოვიდა, ქალების ხარჯზე დროის გატარებასაც არ ერიდებოდა. შეიძლება ითქვას, ფუფუნებაშიც კი  ცხოვრობდა, ბოლო საყვარელი, ქალბატონი მანანა არაფერს აკლებდა, მისთვის ბინას ქირაობდა, ერთი ოთახი მისი ძვირფასი სამოსით იყო გამოვსებული, დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ სად აღარ დადიოდნენ, პარიზსა თუ ლონდონში, ბაჰამის კუნძულებსა თუ ესპანეთის სანაპიროებზე. კმაყოფილი იყო ვარლამი, მანანაც მოსწონდა, თუმცა მასზე ათი წლით უფროსი იყო, ბიზნესმენი მეუღლე ჰყავდა, რომელიც თვითონ იყო მანანაზე 20 წლით უფროსი, არაფერს უშლიდა, თვითონ ცალკე იხარებდა გულის ჭიას. შვილი არ ჰყავდათ, არაფერი აკაშირებდათ იმის გარდა, რომ ერთიანი ბიზნესი ჰქონდათ და გაყრის შემთხვევაში გაყოფა და დანაწილება დააზიანებდა მათ საერთო საქმეს, რის გამოც შეგუებული იყვნენ იმ აზრს, უნდოდათ თუ არა, ცოლ-ქმარი უნდა ყოფილიყვნენ, ფორმალურად მაინც. ბიზნეს-ლანჩებს ერთად ესწრებოდნენ, საზოგადოების თვალში იდეალური ოჯახის იმიჯს ინარჩუნებდნენ. ახლაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე იყო ცოლ-ქმარი იტალიში. ვარლამი ბათუმში გაემგზავრა რამოდენიმე მეგობართან ერთად, ბავშვთა სახლიდან აკავშირებდა მათთამ  ნაცნობობა, ცოტას გაგულავებთო. მაღალფასიანი სასტუმრო არ აურჩევია, ზღვას კი გადაჰყურებდა თავისი ოთახის აივნიდან. ადრე გაეღვიძა. სანაპიროზე ჩავიდა, ადრიანად გამოსულიყო ხალხი სასეირნოდ, თუმცა ბევრნი არ იყვნენ, მაინც სუსხი იდგა, აპრილის თვე იყო. გზად ლურჯთვალება გოგო შენიშნა, ისეთივე ზღვისფერი თვალები ჰქონდა, როგორც  თვითონ, რაღაც სითბო იგრძნო მის მზერაში, გაუკვირდა, ეს არ იყო ქალის მზერა, რაღაცა სხვა იყო, უფრო მშობლიური. გოგონა ძალიან ლამაზი იყო, ქერა თმები ტალღებად ეშლებოდა მხრებზე. რაღაც გაურკვეველი ძალით მიიზიდა ახალგაზრდა ვაჟის ყურადღება, ახლოს მივიდა ვარლამი, გამოელაპარაკა. ამერიკაში გაზრდილი ქართველი აღმოჩნდა. ქართულად ძლივს ლაპარაკობდა, ვარლამმა, რა თქმა უნდა, ინგლისური არ იცოდა, ამიტომ გოგონა იძულებული იყო, დამტვრეული ქართულით ელაპარაკა ვარლამთან. აღმოჩნდა, ვაჟზე ორი წლით უფროსი იყო, 15 წლის წინ წასულიყვნენ მშობლები ამერიკაში სამუშაოდ, ისიც თან წაეყვანათ, თავიდან გვიჭირდაო, მაგრამ ახლა კარგად ვცხოვრობთო, ამბობდა კმაყოფილი ნია, ასე ერქვა გოგონას. სადღაც გულის კუნჭულში გული დასწყდა ვარლამს, ნია რომ ამერიკაში ცხოვრობდა და არა აქ, თავის სამშობლოში, რამდენი ქართველიაო გადახვეწილი უცხოეთში, ვინ მოსთვლისო, მაგრამ მძიმე ფიქრები უცებ გადაიყარა და გოგონა კაფეში დაპატიჟა. ნიამ უარი თქვა, მაშინ ვაჟმა ნაყინი იყიდა თავისთვისაც და ნიასთვისაც, დასხდნენ ბულვარზე ერთ-ერთ სკამზე, მიირთმევდნენ ნაყინს, გასცქეროდნენ ამომავალ მზეს, ისევ რაღაცა მშობლიური იგრძნო ვარლამმა გოგონას სიცილში, ნაცნობმა და თბილმა გაიელვა მის თავში, მაგრამ მალე ისევ გაქრა. გამვლელები აღტაცებულები უყურებდნენ ქალ-ვაჟს, მსახიობები ეგონათ, ანდა ანგელოზები, ზეციდან მოვლენილნი, ასეთი სილამაზე იშვიათად გვინახავსო, ამბობდნენ, ესალმებოდნენ, უღიმოდნენ.

No comments:

Post a Comment