მე შენზე ფიქრით ვარსებობ, ვსუნთქავ,
თავს მევლებიან სევდის პეპლები,
ნეტავ, იცოდე შენ, ჩემო სულდგმავ,
როგორ მსურხარ და მეიმედები.
გულანთებული ვკოცნი შენს სურათს,
გარეთ მაისის ლაღი დარია,
ერთი სული მაქვს, ნიავქარს ვუთხრა,
რომ მიყვარხარ და ეს მიხარია.
თვალდახუჭული ოცნებებს მივდევ,
ვგრძნობ ნაზ შეხებას თლილი თითების,
მივეკედლები მე შენზე ფიქრებს
და ნეტარებით გავირინდები.
და თუ განგება მიმუხთლებს ისევ
და მიმატოვებს ასე ნაისრალს,
ნეტარ ნუგეშად დამრჩება წამი
ჯერ არშემდგარი პაემანისა.
მე შენზე ფიქრით ვარსებობ, ვსუნთქავ,
თავს მევლებიან სევდის პეპლები,
ნეტავ, იცოდე შენ, ჩემო სულდგმავ,
როგორ მსურხარ და მეიმედები.
No comments:
Post a Comment