დღეს ისევ ჩემს ისტორიებს მოგიყვებით, რომ ცოტა გაგახალისოთ. ახალგაზრდა გოგო ვარ, 17-18 წლისა, სტუდენტი და სტუმრად ჩავედი ჩემს ბიძაშვილთან, მაიაკოვსკის რაიონი იყო მაშინ, ახლანდელი ბაღდათი, სოფელ დიდველაში, იქ იყო გათხოვილი ნამეტნავად კარგ ოჯახში. მაშინ გარიგება ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო და ეს ჩემი ყორნისფერთმიანი და ლამაზტანა ბიძაშვილი ზესტაფონის რაიონიდან კი გადასხლდა ბაღდათში, ერთი დანახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და დღემდე სიამტკბილობაში არიან, ასეთ თბილ და წყნარ ოჯახს ვერ ნახავ დუნიაზე. ჩავედი, კარგად მიმიღეს, ჩემი ბიძაშვილი ჭკუაზე არ არის, ჩემით ამაყობს, თბილისელი მზეთუნახავი ჩამომივიდაო, ტრიალებენ და ბზრიალებენ მასპინძლები, ბუხარში კეცებზე მჭადები დამიცხვეს, ხაჭაპურები იმერული, ყველი ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ, ქათმები დაკლეს, შეწვეს, სუფრა გაშალეს, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. მოაწია დრომ დაძინებისა და როგორც ძვირფას სტუმარს ზალაში გამიშალეს ლოგინი, ყველა თავთავიანთ ოთახებში შეიკეტა, მე კიდევ ამ გაზიზინებულ ზალაში კი ვწევარ მარტო. მაინც უცნობი ადგილია, კი არის ძველი იმერული ოდა. ზალიდან აივანზე გადიხარ და მერე რამდენიმე კიბით ეზოში ხარ უკვე. ჩააქრეს ყველგან შუქები, აივანზეც, სტუმარს თვალებში არ შეაჭყიტოსო. ვწევარ, ვერ ვიძინებ, გადავბრუნდები, გადმოვბრუნდები. ის არის ძილს უნდა მივცე თავი, რომ უეცრად რაღაც საშინელმა შიშმა დამიარა მთელ სხეულში. ძარღვებში სისხლი გამეყინა თითქოს, ვგრძნობ, რაღაცა ძალა მიახლოვდება, რა არის ვერ ვხვდები, ვეღარ ვინძრევი, თავსაც კი ვეღარ ვატრიალებ, ყვირილზე და ლაპარაკზე ზედმეტია ლაპარაკი. თითქოს სანთელი მოაქვს ხელში, ნელ-ნელა მომიახლოვდა, სახეზე დამხედა და მერე როგორც ნელა მომიახლოვდა, ისევე ნელა წავიდა და გაქრა. იმ ღამეს რაღა დამაძინებდა, დილით ჩემს ბიძაშვილს მოვუყევი ყველაფერი, იმ წუთშივე პატარა უცოლო მაზლს გადახედა ეჭვით, ეს ხომ არ იყოო, იმან გაიგიჟა თავი, რა ცილს მწამებთ, ეგეთ რამეს როგორ ვიზამდი, სტუმარი შემეშინებიანაო, ვარწმუნებდი ყველას, ადამიანი არ იყო, რაღაც სხვა ძალა იყო-მეთქი, არავინ დამიჯერა. მეორე დღეს წამოვედი იქიდან, ბიძასთან დავბრუნდი, იქ რაღა დამაძინებდა, როცა ამ ამბავს ვყვებოდი, მეუბნებოდნენ, ალბათ, ფუძის ანგელოზმა დაგხედაო, მას მერე ჩემი ბიძაშვილი ძირითად ოჯახს გამოეყო და ცალკე სახლში გადავიდა,ახალ სახლში მეპატიჟებოდა მერე. იმ ამბის გახსენება კი ისტერიკებში აგდებდა, დარწმუნებული ვარ დღესაც იმ მაზლზე აქვს ეჭვი, არა და ადამიანი ნამდვილად არ იყო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!!!!
No comments:
Post a Comment