დღეს ისევ ისტორიას მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თექვსმეტი წლისამ, პატარა გოგო ვარ, არც სიყვარულის გამეგება რამე, ე. ი. მე არავინ მყვარებია, თორემ იცოცხლე რამდენს ვუყვარდი, შემიყვარდა ერთი ჩემი კურსელი ბიჭი. ისიც ჩემი ხნისა, მწარედ ვიყავი შეყვარებული, ჩემმა მეგობარმა გოგოებმა იცოდნენ ამის შესახებ, წამომყვებოდნენ ხოლმე, ვიცოდით სადაც ცხოვრობდა, ავუვლიდით, ჩავუვლიდით მის სახლს, უნივერსიტეტში იშვიათად დადიოდა, შესახედავად ერთი უბრალო ბიჭი იყო, სულ უკვირდათ, რამ მოგაწონაო, მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ, იმ იმედით, რომ სადმე შეგვხვდებოდა, არა და ის ბიჭი გონზეც არ იყო, რომ მიყვარდა, თუ ამას სიყვარული ერქვა. სამი წელი ასე უაზროდ მაბოდებდა მასზე, ზოგჯერ ვტიროდი კიდეც, მაშინ როცა სხვები თავს იკლავდნენ ჩემთვის, აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, რომ ჩემი გული მოეგოთ. ასე უაზროდ დავკარგე, ჩემი აზრით, ცხოვრების საუკთესო წლები. ლექციებზეც, მახსოვს, ასოცდახუთი სტუდენტი ვესწრებოდით ხოლმე, თვალს არ ვაცილებდი, თითქოს მაგნიტივით მიზიდავდა, ჩემი აზრით, ცხოვრებაში ბევრ რამეს ბედი განაპირობებს, არანაირად არ ხერხდებოდა ისე, რომ დავლაპარაკებოდი მაინც, თუ გვერდზე მომიჯდებოდა, ის ლექცია თუ სემინარი აუცილებლად გაცდებოდა, თითქოს ჯინაზე, რომ არ დავახლოვებოდი. რამდენიმე გოგო და ბიჭი ვმეგობრობდით ერთმანეთთან და ერთ დღესაც ერთმა "მეგობარმა" მითხრა "მიყვარხარო", საშინლად გავბრაზდი, მისგან ამას ნამდვილად არ ველოდი, საშინლად გავლანძღე, მაშინ მითხრა, ვიცი, ვინც გიყვარს, თვალს არ აცილებო, ამაზე კიდევ უფრო გავწიწმატდი, მითვალთვალებ კიდეც-მეთქი და კარგი ხანი არ ველაპარაკებოდი ამ ჩემზე შეყვარებულ ადამიანს, ნეტავ, რას ვერჩოდი, ვუყვარდი, სხვა ხომ არაფერი. მოკლედ, სასიყვარულო სამკუთხედი იყო შექმნილი, მე “იმას”ვუყურებდი, ეს - მე. ღმერთმა ორივე კარგად ამყოფოს, სადაც არიან. მახსოვს, ერთ ჯგუფელ ბიჭს იმიტომ გავებუტე, რომ ჩემი საფულე აიღო და ხურდების თვლა დაიწყო, ორი წელი არ ველაპარაკებოდი, არა და რა შესანიშნავი ადამიანი იყო. ჩემი ის ქცევები საშინლად მაოცებს ახლა. ძალიან დაუნდობელი ადამიანი ვიყავი, სიყვარულის პატარა გამოვლინებას, უბრალო ყურადღებასაც კი არ ვღებულობდი არავისგან, არ ვიცი, ასე გამზარდეს თუ რა იყო. ერთხელ ერთმა ცოლიანმა ბიჭმა, რვა მარტი იყო, ყვავილების თაიგული მომართვა, არაფრით არ ავიღე, ცოლს წაუღე-მეთქი. არა და როგორ გულით უნდოდა, რომ ამეღო, შერცხვა და სულ გაწითლდა, ახლა კი ვნანობ ჩემს საქციელს, ღმერთმა მაპატიოს, თუ რამე ვინმესთან ვცოდე ან გავამწარე. სამაგიეროდ რამდენიმე ლექსი დავწერე მერე, "შენს სახლს ვუცქერ" და სხვანი.
სიყვარული, პასტელი, მხ. მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment