Thursday, August 5, 2021

მე და ჩემზე შეყვარებული გურულები (მოგონებებიდან)

 ისევ ისტორიებს მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან. უნივერსიტეტში სწავლის ხანა, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში, ვიკრიბებოდით ახალგაზრდები, დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, მუზეუმებშიც, სახინკლე არ გვქონდა დატოვებული, რომ არ ვყოფილიყავით, კაფე, ბარი, მაშინ თბილისში ცოტა იყო, ხანდახან რესტორანსაც გამოვკრავდით ხოლმე ხელს, თუ ბიჭები დაგვპატიჟებდნენ. გახსოვთ, ალბათ, იქ შესვლა ძალიან ძვირი იყო. სამაგიეროდ ყოველ დღე ვსტუმრობდით ლაღიძის ხაჭაპურებს და ლაღიძის წყლებს. კიდევ კაფე მახსოვს რუსთაველზე, იქ "პონჩიკებს" ვყიდულობდით, მეორეგან ხორციან "ბლინჩიკებს", ძალიან მიყვარდა. ლაღად და ბედნიერად ვცხოვრობდით, სიცოცხლე გვიხაროდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც დავდიოდით, სვანეთში სამჯერ ავედით, რაჭა მოვიარეთ, ყველაზე ხალისიანი წლები იყო, რაც მქონია ცხოვრებაში. სვანეთში ქორწილში ვიყავით დაპატიჟებული, მეგობრის ძმამ ცოლი მოიყვანა, უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი, უშგულიდან ქალიც წამოვიყვანეთ, ჩვენ მაყარშიც ვბრძანდებოდთ, კარგად მახსოვს თოვლიანი სვანეთი. დილით სვანები მწვადებით და რახით გაგვიმასპინძლდნენ, რახი პირველად გავსინჯე მაშინ, მაშინდელი ფოტოები შემომრჩა კიდეც, ერთი მეგობარი გვყავდა, ფოტოგრაფობდა, შესანიშნავი ადამიანი, გურული იყო, ლანჩხუთელი. ასეთი ნათელი სახე, მას რომ ჰქონდა, არასოდეს მინახავს და შეუდარებელი ღიმილი. ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. არასოდეს გამოუმჟღავნებია ჩემს მიმართ გრძნობები, მაგრამ როგორც მეგობარმა გოგონებმა მითხრეს, შეყვარებული ყოფილა ჩემზე, მასთან სტუმრად მივედით და გავგიჟდითო, მთელ ოთახში შენი ფოტოები ჰქონდა გაკრულიო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ფეისბუქში ჩემს მეგობრებში არის და ჩემს ამბებს ასე იგებს. მომწონს ასეთი სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება და ადამიანთან ერთად კვდება, შეიძლება არც კვდება და სადღაც კოსმოსში რჩება, რომ სხვებიც ეზიარონ მის მარადიულობას და უკვდავებას. მხოლოდ ნაზი და სათუთი გრძნობები დატოვა ამ ადამიანმა ჩემს გულში.გავიგე, უსიამოვნებები შეხვდა ცხოვრებაში, დიდი ტრაგედიაც გადაიტანა, ვუსურვებ ბედნიერებას, სადაც არ უნდა იყოს.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ გურულებს ძალიან მოვწონდი და ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა მათ შორის. მახსოვს ერთი გურული ბიჭი, ისიც თეთრი, ნათელი სახით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბეებზე მხვდებოდა ხოლმე, მე, რა თქმა უნდა, არც იმას ვაქცევდი ყურადღებას, თვითონაც არასოდეს გამოუჩენია ინიციატივა, მოსულიყო, რამე ეთქვა, მარტო მიყურებდა. ერთხელ სასადილოში შევედი მეგობრებთან ერთად, დიდი სასადილო გვქონდა, ვხედავ, ეს ჩვენი გურული მოდის ლანგარით ხელში, ზედ რაღაცეები უწყვია, რომ დამინახა, თვალი ვეღარ მომაცილა, მიყურებს, მიყურებს და თავის ლანგრიანად გადავარდა, მაგიდებში, დაეცა სხვა სტუდენტებს თავის წვენებით და საჭმელებით. იქ ამბავი ატყდა... მე კი ბევრი ვიცინე.
იყო კიდევ ერთი გურული. ოღონდ თბილისელი. მეგობრებმა გამაცნეს, დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, სიმპათიური ბიჭი იყო, გიტარაზე უკრავდა და მღეროდა შესანიშნავად, მხოლოდ მაგ დროს მესმოდა მისი ხმა, სხვა დროს სულ დუმდა, მიკვირდა კიდეც, გურული კაცი და ასეთი ჩუმი როგორ არის-მეთქი. თურმე ესეც შეყვარებულია ჩემზე და მე დამინახავს თუ არა, ენა უვარდება. გოგოებმა მითხრეს, სხვა დროს ვერ გააჩუმებ, დაგინახავს თუ არა, ხმას ვეღარ იღებსო. არ მიყვარს მდუმარე ადამიანები, ყოველთვის ეჭვს ბადებენ ჩემში. დის ქორწილში დამპატიჟა, თურმე იმ დღეს ჩემს მოტაცებას აპირებს და ქორწილი და-ძმას ერთად უნდა გადაეხადათ, თავისი ახალი ვოლგით, მაშინ გახსოვთ, ეს იყო ძვირი მანქანა, აპირებდა ჩემს წაყვანას. ერთ-ერთმა მეგობარმა ამბავი მომიტანა, ასეთ გეგმას აწყობენ ბიჭებიო. იქ რაღა წამიყვანდა, არა და ყველა ქალი აღფრთოვანებული იყო მისით, რომ უკრავდა და მღეროდა, სულ დნებოდნენ, ის კი არა და დედაჩემსაც მოსწონდა, ოცნებობდა სიძეზე, რომელიც გიტარაზე იმღერებდა. მას მერე აღარ შევხვედრივარ, გავბრაზდი მის საქციელზე. თუ რამე გინდა, თქვი, ადამიანო! გავიფიქრე და ყოველგვარი სურვილი დავკარგე მასთან ურთიერთობის. "მეგობრებმაც" დიდი როლი შეასრულეს ჩვენი ურთიერთობის ჩაშლაში თავიანთი ენების მიტან-მოტანით. მახსოვს მაშინდელ ლენინის მოედანზე მივდიოდით, ვიტრინაში საქსოვი ძაფი დავინახე, შინდისფერი, მოხერის, ავღვფრთოვანდი, მაშინვე შევიდა მაღაზიაში და მიყიდა, არ ვართმევდი, მითხრა სესხად გქონდესო. რა თქმა უნდა, არ გამოურთმევია ფული. ახლა, როცა მოხერის საქსოვ ძაფს დავინახავ, ის მახსენდება. ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ჩვენს გვერდზე იყო, თუნდაც სულ მცირე ხნით, გარკვეულ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში, დააკვირდით, თუ ასე არაა!

No comments:

Post a Comment