Thursday, August 5, 2021

პირველი კოცნა (მოგონებებიდან)

 დღეს დილიდან ჩემი ერთი ისტორიით გაგახალისებთ. ბავშვობაში, მერე ახლგაზრდობაში ხშირად ვიყავი ხოლმე იმერეთში ბიძებთან, ბიძაშვილებთან. კარგ დროს ვატარებდით. ახალგაზრდობა ვიკრიბებოდით ერთ ადგილას, ვხუმრობდით, ამბებს ვყვებოდით, ზოგჯერ კოცონსაც დავანთებდით, სიმინდს ვწვავდით, მერე . ალბათ, ყველას გახსოვთ შავი ხელის ისტორიები და ერთმანეთის შეშინება, გოგოები ვკიოდით, ბიჭები ხითხითებდნენ და ა. შ. ზოგჯერ კინოშიც მივდიოდით ხოლმე, მართლაც, ბედნიერი ხანა იყო. ბიძაშვილი მყავდა, ჩემზე ერთი წლით უფროსი, იმის ზურგს ვიყავი ამოფარებული, ვინ გამიბედავდა რამეს. კარგი მოჩხუბარი ბიჭი იყო. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ კინოში წასვლა, მე, თბილისელ სტუმარს, ყველა მეფოფინებოდა, ბიცოლა, ბიძა, ბიძაშვილები, ნათესავები, მეზობლები. ფილმი გვიან მთავრდებოდა, ჩემი გაშვება კი ეშინოდათ, მაგრამ ჩემს დევგმირ ბიძშვილთან ერთად წასვლაზე წინააღმდეგობა არ გამიწიეს, ვინ რას გაუბედავსო. წავედით მის მეგობარ ბიჭებთან ერთად. დამთავრდა ფილმი, წამოვედით უკანა გზაზე, იმ ტყე-ღრეში მოვეხეტებით, მთიანი სოფელია, ზოგი წინ, ზოგი უკან, დიდი გზა გვაქვს სახლამდე. მოვდივარ ერთ ბიჭთან ერთად, ვსაუბრობთ, მაღალი კუნთმაგარი ბიჭია, ეს მახსოვს, ტარიელი ერქვა. ჩემი ბიძაშვილი წინ მიდის სხვებთან ერთად. მოულოდნელად ჩემმა მხლებელმა მკლავებში მომიმწყვდია, თექვსმეტი წლისა ვარ, ნაზი, საროსტანისა, ეს კიდევ სოფლელი, ჯანიანი, რას დავუსხლტებოდი ხელიდან, ისე მაგრად მაკოცა ტუჩებში, გაფართხალებაც ვერ შევძელი რამდენიმე წუთი, როგორც იქნა, გამოვეგლიჯე ხელიდან, სულ ვიფურთხე, გული ლამის ამერია, მივხვდი, რომ ცოტა ნასვამი იყო და ამან მისცა სითამამე. გავიქეცი ჩემი ბიძაშვილისკენ, ხელი ჩავჭიდე და გვერდიდან აღარ მოვცილებილვარ. იმ ღამეს არაფერი ვუთხარი, მეორე დილას ყველაფერი ჩამოვფქვი, ისე გაბრაზდა, წავიდა საჩხუბრად, იმან სერიოზული გეგმები მაქვს და ხელსა გთხოვთ მაგ სილამაზის დედოფლის, შეყვარებული ვარო, ჩემს ბიძაშვილსაც გული მოულბა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არა, თანამდებობის პირის შვილი კი იყო, ამიტომაც იყო გათამამებული, ასეთებს ზოგჯერ ცხვირში თუ არ მოხვდა, ჭკუას ვერ სწავლობენ. პირველი კოცნა და ისიც ასეთი უხერო, მეცინება, რომ მახსენდება.

No comments:

Post a Comment