Saturday, January 28, 2023

სიზმარი

შენ გელოდები, რომ დაღამდება,
როცა ქვესკნელი ამოდის ზევით,
ვიცი ოცნება ჩემი ახდება,
და დავესწრები ავსულთა ზეიმს.
ნიღბებით ვივლით მე და შენ, ორნი,
ვერ გავექცევით თვალებს მაცქერალთ,
წყლიდან ამოსულ ალთა კოჰორტის
დანთებულ კოცონს ჰგავს ეს არენა.
თითქოს გვიღიმის თვით მონა ლიზა,
მას მეწამული სამოსი  მოსავს,
და აღწევს იგი ყოველთვის მიზანს,
ატყვევებს ყველას: უკვდავთ თუ  მოკვდავთ.
თვით ალკეოსი გამოჩნდა, საფო,
მისთვის კითხულობს დაწერილ ლექსებს,
ოჰ, რა ყოფილხარ ცხოვრების ჟამო,
ბედნიერებას სულ სხვაგან ვეძებთ.
შევეფარებით  ცაცხვების ჩეროს,
(მინდა დავწერო სტროფი რეფრენად),
მაგრამ ვით ათას გადამფრენ წეროს,
 ჩვენც მოგვინდება ცაში გაფრენა.
შენ სიყვარულით მომაპყრობ თვალებს,
მოემატება სხივები ზეფირს,
განთიადი რომ ჩამოჰკრავს ზარებს,
გაიფანტება მირაჟიც  მზეში...


 


No comments:

Post a Comment