Wednesday, January 4, 2023

სატრფიალოები, რომლებიც შესატანი იქნება ახალ შევსებულ გამოცემაში, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

  ციკლიდან: ,,სატრფიალო – სალაღობო "

(ექსპრომტად თ - მ - ს)

თქვენ მე მიწოდეთ ,,ლურჯი ოცნება",
თავად სანუკვარ ოცნების დარო;
მერე, თვალებში როცა ჩაგხედე,
შემომღიმილე, – ,,მაცდური ხარო!"

თუმცა უსიტყვოდ მჯეროდა შენი,
ეგ ნათქვამი კი ვერ დაგიჯერე...
რადგან თვით ვგავდი ცდუნებულ ა დ ა მ ს, –
შენი მაცდური ღიმილის მერე!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 8. 09. 1996 წელი


ყველას უფალი შეგეწიოთ!

სიყვარულში ხელმოცარულებს,

ოცნების კოშკებდაქცეულებს,

საკურთხეველთან ვერ მისულებს,

საკურთხეველიდან გაქცეულებს;


ყველას უფალი შეგეწიოთ,

გულით სიყვარულის მატარებელთ,

„თავად ღმერთიაო სიყვარული," –

რა ლამაზად უთქვამს მახარებელს! 

ქ.თესალონიკი, 14.02. 2017 წელი

წლები...


ზოგჯერ სახეზე ნაოჭს ვლანდავ, როცა იღიმი,

თუმცა თვალებში ძველებურად ელვები კრთება...

ვფიქრობ, ჭარმაგის როლს სთამაშობ და... არის გრიმი, –

სპექტაკლის ბოლოს დაიბან და მყისვე გაქრება.


ალბათ არა აქვს კაცს სამყაროს შეცნობის წვდომა,

ან დრო ვინ დაყო, ვინ გამიჯნა აწმყო – წარსულად?!

მე არ შემცვლია შენზე ფიქრი, ვნება და ნდომა:

თითქოს ეს წლები არც მოსულა და არც წასულა!

ქ.თესალონიკი, 22.05.2017 წელი

No comments:

Post a Comment