Sunday, January 1, 2023

ზღაპრების გმირი მეგონა თავი (მეორე ვარიანტი)

წლების წინ, პეპლის ფერებით მთვრალი,
ვმუსაიფობდი იისფერ ქართან,
ზღაპრების გმირი მეგონა თავი, -
ტანთ სადედოფლო მემოსა კაბა.
ლეიბების ქვეშ ვეძებდი მარცვალს
(მუხუდოს ნაცვლად მიწყობდნენ ღერღილს),
სიყვარულის გზას იღბალი ასცდა,
ხელთ შემატოვა ბამბუკის ღერი.
სადღაც ბიჭუნა უკრავდა ხეზე
და იქვე ძოვდა წიქარა ხარი,
დედინაცვლის ხმას რამდენიც ვენდე,
იმდენი ცრემლმა ამიწვა თვალი.
იყო დრო, როცა მიყვარდა დევი,
ტკბილი ზღაპრების მძლეთამძლე გმირი,
ხელმარცხიანი, ზოგჯერ კი - ქველი,
ალერსიანი თვალებით ვირის.
ერთმა ზღაპარმა კენჭად მაქცია,
რომელიც მყისვე ჩაყლაპა თევზმა
და ჩემი, ვითომ ინკარნაცია,
თბილი რძესავით ბოროტმა შესვა.
ბალღამიც ხშირად დასხმია  ნექტარს,
მრავალჯერ ავცდი ეპოქას დროში,
კონკიასავით ვინამე ცრემლად,
როცა დავკარგე ძვირფასი ქოში.
გადაცრეცია ცინცხალი ფერი
უმშვენიერეს პაწია ზღაპარს,
სად წითელქუდას ჩაყლაპავს მგელი,
მონადირე კი არა და არ ჩანს...
სად დედინაცვალს არ უყვარს გერი,
წიქარა ვეღარ  ერევა ღვართქაფს,
გამოსტეხია სალამურს გვერდი,
ჯარა კი - ცოდვა-მადლისას ართავს.
ყინვის დედოფლის ზვიადი ნება
თითქოს სამყაროს დასასრულს უცდის,
კარებთან სხედან კაი და გერდა,
ვით მოყვარული სიამის ტყუპი.
ის კი, რაც გულში ვერ ჩაეტია,
მზეებრ აინთო მარჯნის ცისკართან,
ფიფქიაც ვიყავ, ნაცარქექიაც,
ჩიტი მზეწვიაც, ოქროსნისკარტა.
წლების წინ, პეპლის ფერებით მთვრალი,
ვმუსაიფობდი იისფერ ქართან,
ზღაპრების გმირი მეგონა თავი, -
ტანთ სადედოფლო მემოსა კაბა.
მაია დიაკონიძე
9.05.2019 წელი





No comments:

Post a Comment