დღეს პოეზიასა და მის დანიშნულებაზე მინდა ვისაუბრო, მაგრამ მანამდე ერთ ამბავს გავიხსენებ. გურიაში ერთ ნათესავს ვსტუმრობ ხოლმე ხშირად, საღამოობით გამოვდივარ აივანზე, ვჯდები საქანელაში და ვუყურებ უზარმაზარ ბლის ხეს, რომლის ტოტზეც თეთრი ბუ ჩამოჯდება ხოლმე ხუთი-ათი წუთით. მის ყურებას არაფერი ჯობია, მით უმეტეს თუ მთვარიანი ღამეა და შუქიც ეფინება, ატრიალებს თავს, ხმებს გამოსცემს, თითქოს ვიღაცას ეძახის. როცა მასპინძელს ვკითხე, გაუკვირდა, არ შემიმჩნევიაო, თუმცა მასაც უყვარს იმ საქანელაში ჯდომა საღამოობით, რა თქმა უნდა, როცა მე ვარ, არ მეცილება ადგილს. ამგვარად, ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ სამყაროს, რაც ერთისთვის მნიშვნელოვანია, ის მეორისთვის არაფერია. რამდენიმე თვის წინ ერთი ქალბატონი დამემგზავრა იმერეთიდან, ამაყად განმიცხადა, მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სოფელი და ტალახის ზელვა ჩემი არ იყოო, ანუ მისთვის სოფელი ტალახის ზელვაა, მაშინ როდესაც ბუმბერაზი ვაჟა-ფშაველა, მსოფლიო მნიშვნელობის გენიოსი ქალაქში ვერ გაჩერდა, რადგან მისთვის თავისი სოფელი მთელი სამყარო იყო, უსაზღვრო და უკიდეგანო, ცა და ხმელეთი, მთვარე და ვარსკვლავები, მზე და ყვავილები, რომელთაც ის უმღეროდა, სამშობლო, კაი ყმის გამზრდელი, რომლისთვისაც მამულია ყველაზე ძვირფასი და საამაყო (ვაჟა-ფშაველა, ,,სიმღერა"). გუშინ ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ლექსი წავიკითხე ,,მე ვერ ვატყუებ", რომელშიც ის ასევე გრძნობს ბუნების მშვენიერებას, განიცდის დასიცხული ველების ტკივილს, გაზაფხულის მოსვლით ამოყელყელავებული ია-ენძელის სიხარულს, ხედავს დილის ცვარის ბრწყინვალებას. ყველა ადამიანი ინდივიდია და ვერ მოვთხოვთ, მგრძნობიარე თვალით შეხედოს სამყაროს. პოეტის დანიშნულება ისაა სწორედ, რომ ეს გრძნობები თუ შეგრძნებანი გააღვიძოს, მცირედიც თუ გვაქვს, გაგვიათკეცოს, რათა უფრო ბედნიერები ვიყოთ ჩვენ, არ მინახავს ადამიანი, ჭიამაია რომ არ უყვარდეს, სოფლის ბავშვიც იცნობს მას და ქალაქისაც, მისი დანახვა, ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ადამიანებში, ასე უნდა განვეწყოთ ჩვენც ყოველი გათენებული დღის თუ მზის სხივის მიმართ, რომელიც თვალებში ჩაგვივარდება, მის ამოსაღებად ხელს ხომ არ ამოვისმევთ?!
Monday, May 9, 2022
კომენტარი ელგუჯა ციგროშვილის ლექსზე: ,,მე ვერ ვატყუებ"
ბატონი ელგუჯას ლექსის წაკითხვისას აკაკი წერეთლის ,,ჩანგურიდან" სტრიქონი გამახსენდა: ,,მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს", დიახაც, არ უნდა იკადროს ტყუილი პოეტმა, მისი სინდისი ალმასივით სუფთა უნდა იყოს, განა შეიძლება ყველაფერზე ვწეროთ ლექსები?! არამც და არამც, გვეუბნება ბატონი ელგუჯა, მას სძულს ის პოეტებიც, ვინც ცდილობს მკითხველი მოატყუოს, შეცდომაში შეიყვანოს, სიმართლის თქმა, აი, რა არის უმთავრესი პოეტისთვის, თუმცა ამის გამო შეიძლება ბევრს არ მოვეწონოთ და არ ვუყვარდეთ კიდეც. პოეტი სიკეთისაკენ მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენში სიკეთე ისე გავზარდოთ, როგორც ნამგალა მთვარე აღწევს პირსავსეობას და დავტკბეთ მისი სისრულით. მთავარია, არ გადავუდგეთ სიკეთის გზას, როგორც წყლის წისქვილზე ღარს აცდენილი წყალი, პოეტი ღვთის სიტყვას ელოდება, მართალს და ისეთს, გულს რომ აუნთებს, თორემ ისიც სხვებივით ხ ა რ ო ბს, მასაც სტ კ ი ვ ა, ე ს მ ი ს და ხ ე დ ავს, მაგრამ ყველას მოსაწონ სიტყვას ვერ პოულობს თავის ყულაბაში. ემსახუროს თავის ქვეყანას, ესაა მისთვის ყველაზე მთავარი: ,,მაშინ ციდამ ნაპერწკალი თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა, მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!" (ილია ჭავჭავაძე, ,,პოეტი"). ასე ფიქრობს ბატონი ელგუჯაც. ახლა კი, ძვირფასებო, თვითონ თავად ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ლექსს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან მომეწონა და თავს უფლება მივეცი, ორიოდე სიტყვით კომენტარი დამეწერა:
მე ვერ ვატყუებ!
1. მე ვერ ვისწავლე ყველაფერზე წერა ლექსების,
თუმც სხვაზე ნაკლებ არ შევიგრძნობ ნუშ-ატმის თოვას...
მ ი ნ დ ი ა ს ა ვ ი თ ჩუმი კვნესა მესმის ფ ე ს ვ ე ბ ი ს,
ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ი ს ა ს ხეები რომ იწყებენ გ ლ ო ვ ა ს.
2. ისაც მინახავს, თოვლი საბნად რომ ხურავს მთა-ველს,
ბებერი ქარი, ჭიუხებში ავობს და გმინავს...
მკაცრი ზ ა მ თ ა რ ი აკონტროლებს თვითეულ მტკაველს,
ჯადოსნურ ფუნჯით ვერცხლისფერად რომ ხატავს მინას.
3. ყინვა არტახებს მოუფონებს მთაში მდინარეს,
მონატრებული, ბარისაკენ ზათქით წამოვა,
საღათას ძ ი ლ ი დაეხსნება ტყეებს მძინარეს,
ი ა - ე ნ ძ ე ლ ა, პირმზითებში ლაშქრად გამოვა.
4. როცა მ ზ ი ს ხ ვ ა ტ ი თ გათანგული მინდორ-ველები,
დასიცხულ თვალით მ თ ე ბ ი ს ა კ ე ნ იხედებიან...
შავი ღრუბლები, როგორც ერთ დროს ა რ ა გ ვ ე ლ ე ბ ი, -
მისაშველებლად მთიდან ბარში დაეშვებიან.
5. შემიმჩნევია, ცისარტყელას ფერები თვალში,
როდესაც გულში ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დაიდებს ბინას,
ი მ ე დ ი ს თესლი ითესება ხნულში და კვალში,
თითქოს სხეულიც ანგელოზის ნათელით ბრწყინავს.
6. იცით? ყოველ თვე როგორა ვზრდი ნამგალა მ თ ვ ა რ ე ს?
ვარსკვლავებს შევთხოვ, მისთვის შუქის შემომატებას,
ძალიან ბევრჯერ, სიხარულის ცრემლებიც ვღვარე,
პირსავსეობას რომ ვუცქერდი იმის ნათებას.
7. მე იმასაც ვგრძნობ, როგორ ელის დ ი ლ ა ს სამყარო,
ვხედავ, მზის შუქი პირს რომ იბანს კამკამა ნ ა მ შ ი ,
ვიცი, ვერ შევძლებ, საკადრისი ს ი ტ ყ ვ ა ვაკმარო
მ შ ვ ე ნ ი ე რ ე ბ ა ს, — რომ ეტევა პატარა წ ა მ შ ი!
8. აი, ამიტომ, ყველაფერზე არ ძალმიძს წერა,
არ მიყვარს ა ზ რ ი შემპარავი, ს ი ტ ყ ვ ე ბ ი ფლიდი...
მე ვერ ვატყუებ მ კ ი თ ხ ვ ე ლ ს, — ვისაც პ ო ე ტ ი ს სჯერა,
ის პ ო ე ტ ი ც მძულს, მკითხველზე რომ კ ო ჭ ლ რ ი თ მ ა ს ჰყიდის!
9. ვერ დააბრუნებს დ ო ლ ა ბ ს წყალი, თუკი ღ ა რ ს ასცდა,
მზარავს სიყალბე, უტკივილოდ როცა კვნესიან,
ც ო დ ვ ი ს და მ ა დ ლ ი ს — საკმარისი არა აქვთ განცდა,
მაინც გვმოძღვრავენ და... ჰგონიათ თავი მ ე ს ი ა!
10. სულ ყველაფერზე ლექსს რომ არ ვწერ, იქნება ვცდები?
მეც ხომ სხვასავით ვ ხ ა რ ო ბ, მ ტ კ ი ვ ა, მ ე ს მ ი ს და ვ ხ ე დ ა ვ,
ჩემს ,,ყულაბაში" არ მაქვს ს ი ტ ყ ვ ა ყველას საქები,
სამაგიეროდ ს ი ნ დ ი ს ი მაქვს და ვერა ვ ბ ე დ ა ვ!
P.S. სულ ყველაფერზე ლექსს რომ არ ვწერ, ჰფიქრობთ რომ ვცდები?
იქნებ ტყუილად შევუკვეცე ოცნებებს ფრთები?!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 2-24 ოქტომბერი, 2014 წელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment