Friday, May 13, 2022

მე და იმერეთი (მოგონებებიდან)

მე და იმერეთი
ღრმა და სულიერი კავშირი მაქვს იმერეთთან, მიყვარს განუსაზღვრელად და უზომოდ. მართალია თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მგონია, წიწილასავით იმერეთში გამოზრდილი ქათმის კვერცხიდან გამოვიჩეკე და იქ ავიდგი ფეხი, ისე მიყვარს იქაურობა, ჰაერი, მდინარეები, თევზიც კი, რომელიც იქ დაცურავს, ჭალები, ბროწეულის ხეები, ეზოები თავისი ჭებით. ჩვენი სახლი ჩხარში ისტორიულ წყაროსთან იდგა და ყველაზე ძალიან ის წყარო დამამახსოვრდა, ფრთხილად ჩავდიოდი კიბეებზე, ფეხი არ დამცდენოდა, ფრთხილად ავავსებდი დოქს, არ გამტეხოდა და ბებია-ბაბუას ცივ-ცივ წყალს მივურბენინებდი ხოლმე. დამლოცავდნენ, ალბათ იმ ლოცვასთან ერთად ჩავისუნთქე ბედნიერების განცდა, რასაც ჩემი კუთხის დანახვისას ვღებულობ ხოლმე. ბებიას დედა ძალიან უყვარდა, სულ აქებდა, ჩემზე ლამაზი რძალი არავის ჰყავსო ამ კუთხეში, დედასაც უხაროდა იქ სტუმრობა, ჩაგვიყვანდა, ცოტა ხნით დაგვტოვებდა კიდეც. ჩემს და-ძმებს ნაკლებად უყვარდათ იქ დარჩენა, ჩემთვის კი იქაურობა სამოთხე იყო და დღემდე ასეა. ჩხარში ჩემს ბავშვობაში თიხის ჭურჭლის დიდი ბაზრობა იმართებოდა. დამსვამდა ბაბუა ,,ტაჩკაზე", ასე ეძახდა, და წამიყვანდა ბაზრობაზე. იმხელა სიამოვნებას ვღებულობდი, ჩამოვურბენდი ქვევრებს, დოქებს, ჭინჭილებს, მოხატულებს და ლამაზებს, ერთს აუცილებლად მიყიდიდა ბაბუა და ამაყი და ბედნიერი ვბრუნდებოდი სახლში. გზად წყაროზე ავავსებდი დოქს, ბებიას მივურბნინებდი, ალბათ, ამიტომაა, ძალიან მიყვარს თიხის ჭურჭელი, მათ შეხედვას არაფერი მიჯობს. მახსენდება, როგორ იყო გაწყობილი ჩვენი ოდა სახლი: ლამაზი აივნით, კედელზე ჩამოკიდებული ძველებური ხალიჩით, ზედ დაკიდებული ხანჯლებით, ტახტის წინ დათვის ტყავი ეგდო, სწორედ ისე, ძველ კინოფილმებში რომ არის. ბავშვობაში სულ ვფიქრობდი, რომ ეს დათვი ვანიჩკა ბაბუამ მოკლა, მეგონა განთქმული მონადირე იყო, გზად ნადირობის ქალღმერთი დალიც შემოეყარა, მაგრამ ბებიას არ უღალატა. უსაზღვროა ბავშვის ფანტაზიები. მოხუცებს, მაშინ ასე მეგონა, ძალიან უყვარდათ ლექსებს რომ ვკითხულობდი მხატვრულად, გამოთქმით. დამაყენებდნენ ოთხფეხა სკამზე, მეც შემოვძახებდი: ,,ვარდს გაეფურჩქნა კოკორი..." და სხვა, რაც ვიცოდი, ყველა ლექსს ჩამოვარაკრაკებდ. ერთადერთი, რაც გუნებას მიწამლავდა ხოლმე, წინ მეზობლებში უცებ კივილი ატყდებოდა, ახალგაზრდა ქალს კრუნჩხვები ემართებოდა, ბნედას რომ ეძახიან, მერე გავიგე, ეპილეფსია რქმევია ამ ავადმყოფობას. ბებია საშველად გარბოდა, მეც მივყვებოდი, გადააფარებდნენ ქალს შავ ნაჭერს და ელოდებიდნენ, როდის მოვიდოდა გონს. გული მიკვდებოდა ამის დანახვაზე, მეცოდებოდა ახალგაზრდა ქალი, ავადმყოფობას მისთვის სახის ნაკვთებიც დაემახინჯებინა, ფერმკრთალი იყო მუდამ, დედისგან განსხვავებით, რომელიც ლამაზი და ფერხორციანი გახლდათ. ისე კი მასთანაც ვმეგობრობდი, ერთად დავსხდებოდით და დედამისს ნიორის გარჩევაში ვეხმარებოდით ტყემალისთვის, ზამთრისთვის ინახავდა. იმდენს ვარჩევდი, თითებიც კი ამტკივდებოდა ხოლმე, რომ რამეთი დავხმარებოდი. დადებითი და უარყოფითი ემოციებიც იბუდებს პატარების გულში და ის აუცილებლად პოულობს გამოსავალს სხვადასხვა საქმიანობაში. ზოგი წერს, ზოგი კერავს, ზოგი მოქანდაკეა და ა. შ. მაგრამ მაინც ყველანი, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი წარსულიდან მოვდივართ.
მატარებლის გუგუნში, თურმე, ჩამძინებია,
დილით გამოვიხედე, იმერეთის მთებია,
ბოგირ-ბოგირ ჭალები ერთურთს ეკონებიან,
ჩემი ჭირისუფალი მელოდება ბებია.
მაია დიაკონიძე
ჩემი ბროწეულებიც კი ქვევრებს ჰგავს, ისინი ჩვენი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, განსაკუთრებულად მიყვარს მათი ხატვა
ბროწეულები, პასტელი, მხ. მაია დიაკონიძე
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
ზაზა ფელიშვილი, Sofio Chelidze და 20 სხვა
13 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment