Sunday, May 29, 2022

,,ქალთა ისტორიები"

 ძვირფასო მეგობრებო, დავიწყე მუშაობა წიგნზე: ,,ქალთა ისტორიები", ახლა ერთს მოგიყვებით, შეგიძლიათ თქვენებიც მომაწოდოთ პირადში, თუ თვლით, რომ ის (შეიძლება თქვენი ახლობლების ცხოვრების ისტორიებიც გამომიგზავნოთ) მნიშვნელოვანია და აუცილებლად წიგნში უნდა მოხვდეს.

ეს ამბავი არც თუ ისე მრავალი წლის წინ მოხდა, დაიწყო მეოცე საუკუნის ბოლოს და დამთავრდა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. იყო გოგონა, რომელიც ინტელიგენტების, პედაგოგების ოჯახში დაიბადა, კარგი გვარიშვილი გახლდათ, თვითონაც პედაგოგის განათლებით, არ აკლდა მშობლების სითბო და ყურადღება, ერთადერთი, რაც მას თრგუნავდა და აწუხებდა, გარეგნობა იყო, მაგრამ დამეთანხმებით, როცა გიყვართ ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ლამაზია ის თუ ულამაზო. მინახავს ბევრი არც თუ ისე ლამაზი ქალი ბედნიერი და ძალიან ლამაზები - უბედურები. სილამაზეც ხომ ფარდობითია, ყველას სხვადასხვანაირად ესმის, ყველას სხვადასხვა კრიტერიუმები აქვს სილამაზის აღქმის და დანახვის. გუშინ გზაზე მამაკაცი და ქალი დავინახე, ორივენი მთვრალები იყვნენ, ქალმა განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება, ულამაზესი გოგონა იყო, ქერა, ციფერი თვალებით, მაგრამ დაუვარცხნელი, აბურდული თმებით, საშინლად ჩაცმული, მამაკაცი შავგრემანი, ასაკით გოგონაზე უფროსი, გული ჩამეთუთქა, გავიფიქრე, რომ არა მისი ასეთი მდგომარეობა, ის ხომ მანათობელი ვარსკვლავი იქნებოდა ბევრ ოჯახში. შველა ჭირდებოდა, შველა და სად არიან მისი ახლობლები? შეიძლება ვერც შველიან, რა იცი, მაია, ვუთხარი ჩემს თავს. მთვრალ წყვილთან მისვლას, რა თქმა უნდა, ვერც გავბედავდი. ამგვარად ისევ ჩემს ქალბატონზე გავაგრძელებ მოყოლას. ვიცით, ზოგან გარიგების ინსტიტუტი კიდევ ძალაშია და მაშვლობით გადაწყდა მისი გათხოვების საქმე. სასიძომ ფეხები გააფხარკალა, ხომ არ გაგიჟდით, ქალის სანახავად მე არ წავალ, თქვენ გინდათ ცოლი მოვიყვანო, თქვენ ნახეთ და თუ მოგეწონებათ, დავქორწინდებიო. ამ საქმისთვის სხვა ვერავინ მოიცალა და გააგზავნეს სამმამთილო ქალის სანახავად. ხუმრობა არ გეგონოთ ეს ამბავი, ნამდვილად ასე იყო. ნახა კაცმა სარძლო, მოეწონა, ასე ერთმანეთის უნახავად, ჯვრისწერაზე ნახეს პირველად ერთმანეთი, დაქორწინდა ეს წყვილი. დაიწყეს ოჯახური ცხოვრება, მაგრამ აქ აეხილა თვალი დედამთილსაც, მაზლსაც, მაზლისცოლსაც, ეს მახინჯი ვინ შემოგვივიდა სახლშიო, დაიწყეს ამ ქალის დაცინვა, არ ახარებდნენ, დღე არ გავიდოდა, გულსაკლავი სიტყვა არ ეთქვათ მისთვის. ის კი არა და, საჭმელსაც გამოზომილად აჭმევდნენ, რასაც გაძლევთ, ესეც გეყოფაო. ერთადერთი მამამთილი იყო მისი დამცველი. ორი ქალიშვილი ეყოლა ცოლ-ქმარს. ქმრისგან საყვედური ქალს არასოდეს გაუგონია, უყვარდა ცოლი და პატივს სცემდა. ახლობლების შემოტევებისგან რომ დაეცვა, ცალკე სახლი იყიდა და ოჯახით იქ გადავიდა, მაგრამ ხომ იცით, შეძახილმა ხე გაახმოო. გავიგეთ, ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ქალის მდგომარეობა დამძიმდა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, მრავალი წლის განმავლობაში მასზე მორალურმა ძალადობამ თავისი კვალი დატოვა. მეზობლები ჭორაობდნენ, განაწყენებული იყვნენ ამ ოჯახზე, რანაირად ექცევიან რძალსო, მაგრამ ოჯახის საქმეებში ჩარევა არავის უნდოდა. ქალმა რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა, დაუწყეს მკურნალობა, მაგრამ აღარფერი შველოდა, აღარც ჭამდა, აღარც სვამდა, შვილები ყარაულობდნენ, თავი არ მოეკლა, მაგრამ ერთ ღამეს მაინც გაეპარათ და ეზოში ზეწრის დახეული, გადაბმული ნაჭრებით თავი ჩამოიკიდა. იმ ღამეს სიზმარი ვნახე, ერთ-ერთი ჩემი გარდაცვლილი ნათესავი ლოგინში იწვა, თავსასთუმალთან კი ის ქალი ეჯდა, მე, უფრო ახლო ნათესავს, თავის ოთახში არ მიშვებდა. იმ საწყალმა კი გამიღიმა, წინ ჩაშავებული კბილები გამოუჩნდა, სინამდვილეშიც ასე ჰქონდა. დილით დაგვირეკეს, თავი ჩამოიხრჩოო. ახლაც გული მწყდება, კეთილი, სათუთი, ნაზი ადამიანი იყო, გასვენებაში არავინ მივიდა ოჯახის წევრების მიმართ პროტესტის ნიშნად. ქმარმა მალე ცოლიც მოიყვანა და შვილიც ეყოლა, ღმერთმა კარგად უმყოფოს, ამ ქალის მიმართ კი ბედი საოცრად სასტიკი და უმოწყალო აღმოჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ თავდაცვა არ შეეძლო.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
Sofio Chelidze, Eteri Isakadze და 48 სხვა
44 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment