Monday, May 9, 2022

კომენტარი ელგუჯა ციგროშვილის ლექსზე: ,,პილატე სხვა ჭრილში"

 რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში ემიგრანტი პოეტის - ელგუჯა ციგროშვილის ლექსი მომხვდა თვალში: ,,პილატე სხვა ჭრილში", რომელიც ინტერესით წავიკითხე და კმაყოფილი დავრჩი, იმდენად მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებს ეხება ავტორი და განიხილავს საკითხებს, არა როგორც აქსიომას, დოგმას, არამედ, როგორც თეორემას, რომელსაც მსჯელობა და დამტკიცება ჭირდება. იყო კი დამნაშავე პილატე, როდესაც იესოს დასჯის განკარგულებას გასცემდა?! მან ხელები დაიბანა, ვითომდა ცოდვა ჩამოირეცხა ხელებიდან! ამით გვიჩვენა მაგალითი, რომ დანაშაული შეიძლება სხვისი ხელებით ჩაიდინო, შენ კი სუფთა და შეურყვნელი დარჩე, მაგრამ ჩამოგშორდება კი ის სისხლი როდისმე, თუნდაც უდანაშაულო იყო?! მეორეს მხრივ, შეეძლო კი მას ბრბოსთან დაპირისპირება, რომელსაც იესოს სამაგალითოდ დასჯა ჰქონდა განზრახული?! რა არის ბრბო, რომელსაც შეუძლია სასტიკად გაუსწორდეს უდანაშაულო ადამიანებსაც კი და ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს ისტორიაში. მე კი ცხოვრებაშიც შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, როცა ჩემი ერთი ნაცნობი ისე ცემეს, რომ მოტეხილობებისა და სისხლჩაქცევებისგან გარდაიცვალა, მერე კი უდანაშაულო აღმოჩნდა. ახლაც მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა" გამახსენდა, სადაც ანგელოზივით სათნო და კეთილ ადამიანს - სოფიოს ააღებინა ბრბომ ქვა ხელში, სწორედ სატანა ათამაშებს ამ დროს ბრბოს და სოფიოს ნასროლ ქვასაც ტყუილად არ დაარქვა მიხეილ ჯავახიშვილმა ეშმაკის ქვა. განა ტალახი, რომელსაც მარიტას ესვრიან თანასოფლელები სამართლიანობის და სიწმინდის სახელით, ეშმაკის ნასროლი არ არის? (გ. ლეონიძის ,,ნატვრის ხე"). ასევე მინდა გავიხსენო ილია ჭავჭავაზის ,,სარჩობელაზედ", როცა პეტრე ცდილობს პილატესავით დაიბანოს ხელები, უკვირს, რატომ ადანაშაულებენ მას ბიჭის სიკვდილში, რომელიც მოედანზე ჩამოახრჩეს, ხალხი კი, ბრბო, რომელიც იქ დგას, უგრძნობია, გულგრილია, თუმცა ზოგიერთ დედაკაცს ცრემლიც კი მოსწყდება, რა ახალგაზრდაა და უნდა მოკვდესო, იტყვიან, ვაი, მის დედას, , მაგრამ სადაა სინანულის ტკივილი?! პეტრეს, კი მოხუც პეტრეს, რომელიც ალბათ ყველაზე უდანაშაულოა იმ ხალხში, რადგან ერთხელ იმ ბიჭებს, ძმებს, დაეხმარა კიდეც, სიკვდილის დასჯის ეს სცენაც რაღაც გათამაშება ჰგონია, ყველაზე მეტ პასუხს სთხოვენ, მთელი საზოგადოების გამო სთხოვენ პასუხს! ახლა ლექსს გთავაზობთ, რომელმაც ასე დამაფიქრა და სამსჯელო მომცა:

პ ი ლ ა ტ ე სხვა ჭრილში
1. ც ო დ ვ ა – ა რ ც ო დ ვ ი ს შუა ვქანაობ, –
2.000 წელია თითქმის...
,,პ ი ლ ა ტ ე მ ხ ე ლ ი დ ა ი ბ ა ნ ა ო! "
სხვისაგან — სხვაზე, ადვილად ითქმის!
2. გადამეფარა თვალებზე თალხი,
ჩემს სიტყვას მეტი არ ჰქონდა წონა...
რადგან ჯ ო გ ა დ თუ იქცევა ხ ა ლ ხ ი,
წამსვე გახდება ეშმაკის მონა.
3. ცრემლით ამევსო ორივე თვალი,
როს ცრუ მოფიცართ ტყუილზე ჰფიცეს,
ააბრიალეს სიცრუის ალი, —
თ მ ა იხოკეს და მკერდს მჯიღი იცეს.
4. ვერ დაუმტკიცეს ვერც ერთი ბრალი,
და ... მე ვირწმუნე მისი ღ მ ე რ თ ო ბ ა...
მაგრამ, ს ა მ ა რ თ ა ლ ს არა აქვს ძ ა ლ ი,
ვიდრე ს ა ტ ა ნ ა ბ რ ბ ო თ ი ერთობა.
5. ამ დროს არ ესმით სიკეთის ხმები,
გ უ ლ ი ს კ ა რ ი აქვთ გამოკეტილი...
ბ ო რ ო ტ ს ყოველმხრივ ეხსნება გ ზ ე ბ ი,
რადგან ღ მ ე რ თ ი ა უ ა რ ყ ო ფ ი ლ ი!
6 . მათ ა ვ ა ზ ა კ შ ი გაცვალეს იგი, –
ძ ე უ ფ ლ ი ს ა და თავად უ ფ ა ლ ი...
მე კი აღმოვჩნდი ბ რ ბ ო ს წინ მარტოკა,
ვით ე რ თ ა დ ე რ თ ი ჭ ი რ ი ს უ ფ ა ლ ი!
7. ,,ჯ ვ ა რ ს ა ც ვ ი, ე გ ე!"— როგორც გველები,
სისინებდნენ , რომ მისთვის მეგანა,
და ... დ ა ვ ი ბ ა ნ ე მაშინ ხ ე ლ ე ბ ი,
მართლის ს ი ს ხ ლ ი რომ ჩამომებანა!
8. სხვას ჰგმობს, ვინც თვითონ გასაკიცხია,
თავის მართლების იგავებს სთხზავენ,
უ ფ ლ ი ს ს ი ს ხ ლ ი რომ ხელებზე სცხია, –
ჩემს სუფთა ხელებს განიკითხავენ!
9. ვ ფ ი ც ა ვ! ი ე ს ო არ დამისჯია
და ერთგული ვარ ამ ჩემი ფ ი ც ი ს!
არ ვნაღვლობ, კ ა ც ნ ი როგორ განმსჯიან, –
ჩემი ს ი მ ა რ თ ლ ე უ ფ ა ლ მ ა იცის!
10. P.S. ც ო დ ვ ა — ა რ ც ო დ ვ ი ს
ზღვარზე ვქანაობ, – 2 .000 წელია თითქმის...
,, პ ი ლ ა ტ ე მ ხ ე ლ ი დ ა ი ბ ა ნ ა ო! "
სხვისაგან – სხვაზე ადვილად ითქმის!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 24 აპრილი, 2022 წელი
,,აღდგომა"

No comments:

Post a Comment