ერთხელ ქალი გავიცანი, აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობაში იყო შესახლებული ვაჟიშვილთან ერთად. ვაჟი ჩემზე ცოტათი უმცროსი გახლდათ, მოთამაშე, თუ რამე ფულს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე კაზინოში გარბოდა. ეს ასაკოვანი ქალი, ხელ-ფეხი დასიებული, ღამით ორ საათზე დგებოდა, მწვანილი ჩამოჰქონდათ ამ დროს მარნეულიდან, საბითუმო ფასში ყიდულობდა, კონებად დაყოფდა, შეკრავდა, დილით ყიდიდა. ასე ყოველ დღე. ამდენი შრომისა და უძილობისაგან თვალები ჰქონდა ჩაშავებული. შვილიშვილი ჩამოუვიდა გალიდან, სკოლა დაემთავრებინა. მასწავლებლები აუყვანეს, უმაღლესში ჩააბაროსო. ერთხელ სტუმრად მივედი. ქალი ჩუმად ტიროდა. გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი. ბიჭმა მითხრა, დედამ სწავლის ფული გამომიგზავნა, ბიძაჩემს აუღია და კაზინოში დაუხარჯავსო. ეს ფულიც ახლა ჩემი შესაგროვებელი და გადასახდელი იქნებაო, წუხდა ქალი. გული დამეწვა. შვილიშვილმაც არ გაუმართლა. თვალი ქალებზე ეჭირა, ლამაზი ბიჭი კი იყო. ბოლოს ვიღაცა უფროს ქალთან დაიჭირა საქმე და სწავლასაც მიანება თავი. ახლა რა ხდება მათ თავს, არ ვიცი, დიდი ხანია აღარ შევხვედრილვარ, მაგრამ ქალების მდგომარეობა საქართველოში გულს მტკენს.
No comments:
Post a Comment