,,მეტეორა"--ღრუბლებში მოლივლივე მონასტრები.
კვირას,19 მაისს,თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაციის ინიციატივით,მოეწყო საინტერესო ექსკურსია ,,მეტეორაზე."
,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი"-ს განმარტებით:,,მეტეორი"--ბერძნული სიტყვაა და ჰაერში მოლივლივეს ნიშნავს.ეს არის გავარვარებული სხეული,კოსმოსური წარმოშობისა,რომელიც სწრაფად მოძრაობს დედამიწის ატმოსფეროში."
არ ვიცი,მართლა ნახეს თუ არა,ძველმა ბერძნებმა ,,მეტეორების წვიმა",მაგრამ სახელი კი მართლა სწორად შეურქმევიათ!
ეს მრავალსართულიანი სახლების ხელა, უზარმაზარი ლოდები,ისე ყრია მინდორში,თითქოს მართლა ციდან ჩამოცვივდაო...
ისინი, ალბათ ათასწლეულები იყვნენ ასე,უსიცოცხლოდ,ვიდრე როგორც თიხისაგან გამოძერწილ ადამს, ღმერთმა უკვდავი სული ჩაჰბერა და გააცოცხლა,ასევე მადლიერმა ადამის მოდგმამ,ის ღვთიური სული ამ ქვებს ჩაჰბერა და უფალს მაგიერი მიაგო,--ისინი გააცოცხლა,მასზე უფლის სახლები,--მონასტრები ააშენა და მის სადიდებლად,წირვა--ლოცვა აღავლინა.
,,მეტეორა"-ს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საბერძნეთში,პინდოს მთის აღმოსავლეთით,თესალიის ქალაქ კალამბაკასთან.
,,მეტეორა"-ზე სამონასტრო ცხოვრება x-x1 საუკუნეებიდან იწყება.
საერთო კომპლექსი შედგება 24 მონასტრისა და კელიისაგან. აქედან დღეს მოქმედია 6. 4 მამათა და 2 დედათა მონასტერი.
იგი,რიგით მეორეა,წმინდა ათონის მთის მართლმადიდებლური სამონაზვნო ცენტრის შემდეგ.
1988 წელს,იგი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
თავი ზღაპარში გგონია...თითქოს ბოროტი ჯადოქრის მიერ გაქვავებულ სამეფოში მოხვდი,შესცქერი ამ უზარმაზარ,ქვად ქცეულ გორაკებს და გიკვირს: რა შესძლებია ადამიანის გონებას და შრომისმოყვარეობას,როგორ შესძლო ქვის ბილიკების გამოჭრა და მერე ამ ბილიკებით,სათითაო აგურის თუ კრამიტის ატანა და მონასტრად ქცევა!
ვაჟა-ფშაველას ,,მთანი მაღალნი" გამახსენდა:
,,სდგანან და ელიან...რას ელით,ვის ელით? ნუთუ სატრფო გყავთ დიდი ხნის უნახავი?სდგანან წარბშეუხრელად...ელოდნენ,ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი.რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას?არა აქვს იმას ბოლო,არც დასასრული,როგორც ღვთაებას!"
,,მეტეორა"-ს მთებიც იდგნენ და გველოდნენ...ჩვენ მივედით! ამისი სიტყვებით გადმოცემა არ შეიძლება,ის უნდა ნახოთ!
ექსკურსიის მონაწილეებს,გზაშივე მიეწოდათ ინფორმაციები ,,მეტეორა"-ს სამონასტრო კომპლექსის შესახებ.
თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაცია,კვლავაც გეგმავს ორგანიზებულ ექსკურსიებს,საბერძნეთის ღირსშესანიშნაობათა გასაცნობად.ექსკურსანტებს გზაშივე მიეწოდებათ ყველა ძირითადი ინფორმაცია,საექსკურსიო ობიექტების შესახებ.
დიასპორის კონფედერაცია ექსკურსიის ორგანიზებისა და კარგად ჩატარებისათვის მადლობას უხდის კონფედერაციის საბჭოს წევრ ქალბატონებს:მაია ჯანგიძესა და ხათუნა ბალახაშვილს.
თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარე,ელგუჯა ციგროშვილი.19 მაისი,2013 წელი.
No comments:
Post a Comment