სასაფლაოზე (მინიატურა)
მამა-შვილი ზევით-ზევით მიუყვება ბილიკებს.
- მამა, მამა, შეხე, რამდენი ახალი საფლავია! - ყვირის გოგონა,
- ლტოლვილების სასაფლაოა, - უკან არ იხედება, ისე პასუხობს კაცი.
- მერე, ლტოლვილები ასე ხშირად კვდებიან?! ჩემს კლასშიც ბევრი ლტოლვილია, იმათაც რამე მოუვათ? - ჩაფიქრებული სახით კითხულობს გოგონა.
- არა, იმათ არაფერი მოუვათ, დიდებს არ სწყალობს ბედი, იმედი აღარა აქვთ, რომ თავის კუთხეს ნახავენ, - განმარტავს მამა.
- მერე, ამიტომ კვდებიან? - არ ისვენებს ბავშვი.
- დარდი კლავს ადამიანს, დარდი, ტკივილი, - ამბობს მამა და მშობლების საფლავზე ჭიქებს აწყობს.
- მოვედით!- ეუბნება შვილს. ბავშვი საფლავზე მდგარი კვიპაროსის ტოტებს ეფერება.
- მამა, ბებია გვხედავს ახლა? - ეკითხება მამას.
- კი, გვხედავს.
- ყველაფერი იცის?
- იცის,- გაისმის პასუხი.
- ისიც იცის, აქ რომ შენთვის სასაფლაო ააშენე?
- იცის, ჩემო გოგონა, ყველაფერი იცის,
- იმასაც ხედავს, რა ლამაზია ეს სასაფლაო, მარმარილოებით გააკეთე ხომ, ქუთაისიდან ჩამოიტანე? ბებიაც ქუთაისელი იყო, არა?!
- კი, ასეა!
- სახლში რომ ყველაფერი დანგრეულია და დედა ბრაზობს, ისიც იცის? აკი, ბებია სულ გეუბნებოდა, საფლავში ისე არ ჩამიშვა, სახლში რემონტი არ გააკეთოო. ნეტავ, ახლა რას ფიქრობს?!
კაცს თითქოს ხმა ჩაუწყდა, ბავშვისთვის ხმა არ გაუცია. საქმიანობა განაგრძო, პარკიდან საჭმელი ამოიღო, პლასტმასის თეფშებზე გაანაწილა, ღვინის ბოთლები მიწაზე დააწყო.
- ვის უნდა აჭამო?! სამსახურში არ უნდა წაგეღო?- კითხულობს ბავშვი.
- ზოგჯერ მკვდრებთან სადილობა სჯობს, ცოცხლებთან ჭამას, - ხმადაბლა წარმოთქვა კაცმა. ღვინო ჩამოასხა, დაილოცა, მოსვა, დანარჩენი საფლავების თავებთან მიასხ-მოასხა.
გაირინდა, საფლავთან ახლოს ჩაცუცქულ ძაღლს დაუწყო ცქერა.
- მოდი, პატარა, საჭმელი გაჭამო, - თავისთან უხმო, მოეფერა.
- რა ლამაზი სასაფლაოა, მამიკო, ეს შენი სახლი იქნება, რომ მოკვდები? ბებია რომ გეუბნებოდა, შვილებს სახლები აუშენეო, ასეთები უნდა აგვიშენო?! - ტიტინს განაგრძობდა გოგო. კაცი ჩამოჯდა საფლავის კიდეზე და თავი ხელებში ჩარგო . გაირინდა.
დიდხანს დახტოდა პატარა გოგონა მარმარილოს ფილაქნიდან ფილაქანზე, ბოლოს ისევ წინაპრების საფლავზე გადაინაცვლა, კვიპაროსის ტოტს ჩასჭიდა ერთი ხელი, მეორეთი მამას მოეხვია, სიცივე იგრძნო. მამის გვერდზე ჩამოჯდა და ატირდა.
მაია დიაკონიძე
25.02.2019წელი
No comments:
Post a Comment