Saturday, August 31, 2024

თვალი მივაპყარ! (პატრიოტული)

თვალი მივაპყარ!
დაშაშრულ ხელებს მისწვდა მზერა და
თვალი მივაპყარ ჩამოშლილ კბოდეს,
ქარს დაულეწავს დიდი ვერანდა,
სტუმართა გნიასს უძლებდა ოდეს.
დღეს დაცლილია იმ სახლის ეზო,
ბერიკაცს სკამზე ერევა ძილი
და ესიზმრება პატარა რეზო,
ხელში ლამაზი ბამბუკის სტვირით.
ეჯიბრებოდა სტვენაში ფრთოსანთ,
დღეს მისი ნახვა გამხდარა ძვირი,
თხელ თეთრ ბურუსში ლანდივით მოჩანს
სახლის პარმაღს ვით აბიჯებს შვილი.
უკან მოჰყვება პატარა რეზო,
მას წინ მოუძღვის ფრთოსანთა გუნდი,
ანგელოზებით ივსება ეზო,
პაპა იზომებს ოქროსფერ მუნდირს.
მაია დიაკონიძე
14.08.2024 წელი

მიკვირს, ვერ გამირკვევია! (სატრფიალო)

 მიკვირს, ვერ გამირკვევია,

რა მაკვირვებს, რა მიკვირდა,
ალბათ, ის ცამდე კლდენია,
თუ ამოვიდა მიწიდან.
შენ რომ ჰაერი გასუნთქა,
და ზეცის მადლით შეგამკო,
რომ გამოგზარდა ფასკუნჯად,
ანდა თეთრფრთება იაბოდ.
გულში ყურძენი დაწურა,
გადაქცეულა მირონად,
ცაზე რომ ალუბლებია,
შენი ტუჩები მეგონა.
მაია დიაკონიძე
20.08.2024 წელი

შენ მითხარ! (სატრფიალო)

შენ მითხარ...
შენ მითხარ, რომ ჩემი თვალები
ყველაფერს ამბობენ,
შიგ მოჩანს დიდი სიყვარული და
მისი დაკარგვის შიშიც,
მართლაც და, მუხლებზე ვუდგავარ
სერაფიმ საროველს,
მიშველოს, სიბნელე დავლახვრო,
შენამდე მოსვლას რომ მიშლის.
მაია დიაკონიძე
24.08.2024 წელი

ზღვა და მზე (სატრფიალო)

 ზღვა და მზე

ზღვა ვიყავ, თითქოს ვუყვარდი ყველას,
და ამავე დროს ვუყვარდი არვის.
შენ ანათებდი, იყავი ყველგან,
მე კიდევ შენზე მრჩებოდა თვალი.
ოქროს სხივებით ამკობდი ზეცას,
ოქროცურვილი გემოსა ტანზე,
მე კესანების სამოსი მეცვა
და საცეკვაოდ გიწვევდი ვალსზე.
შენი სხივები დამებნა გულზე,
ჩავჭიდეთ ნაზად ერთმანეთს ხელი,
ირგვლივ ისმოდა ჰანგები ბიზეს,
ტალღებად თრთოდა ცეკვები ძველი.
მერე დაიწყე ტაატით ჩასვლა,
როგორც სინათლე, მომაკლდი თვალში,
და ამ ჩვენს გრძნობას ნეტავ რა ერქვა,
თუ მენდელსონის ვერ შედგა მარში.
მაია დიაკონიძე
24.06.2023 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტბა გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, Eka Gigauri და 37 სხვა პიროვნება

საყრდენი მიწა მეგონა! (პატრიოტული)

საყრდენი მიწა მეგონა,
ვხედავ გვეცლება ქვეშ,
ცხენი იორღა მეგონა,
ძლივას მიათრევს ფეხს.
სულსაც რომ ვეღარ ვიბრუნებთ
და ვეღარ ვზიდავთ წელს,
გულში ნაწიბურს დავითვლით,
რამდენიც ვავნეთ ღმერთს.
მაია დიაკონიძე
19.08.2024 წელი

მწყემსი ვარ! (პატრიოტული)

 ჩემს მიწას, ჩემს ცას ვუყურებ,

არასდროს რომ არ მწყინდება,
ვაზი იკიდებს საყურეს,
მზე ლალად ამობრწყინდება.

მწყემსი ვარ თეთრი ღრუბლების,
სალამურს ამოვაკვნესებ,
უსამშობლობა თუ მელის,
სიკვდილ მესროდეს ანკესებს.
მაია დიაკონიძე
20.08.2024 წელი

მიყვარს ამინდი ცვალებადი

 მიყვარს ამინდი ცვალებადი!

მიყვარს ამინდი ცვალებადი,

ქალივით ცოტა ჭირვეული,
წვიმა ხან ზრდადი და ხან კლებადი,
წვეთები ბალახზე მიბნეული.
მერე ფეხების დასველება,
მკლავების გაშლა და ჩახუტება,
ნეტავ ზევით თუ ამესვლება,
სიკეთეს წავიღებ ჩაფხუტებად.
ჭექა- ქუხილი თუ დატრიალდა,
ზეცამ ნაპერწკლები თუ კი ჰყარა,
ნეტავ, არ დამირჩეს სატირალად,
ცხოვრება, ვიდგე ფეხზე მყარად.
მაია დიაკონიძე
21.08.2024 წელი

ცას მიეზიდა ღრუბელი (პატრიოტული)

ცას მიეზიდა ღრუბელი

 ცას მიეზიდა ღრუბელი,

მზე დაჰკიდვოდა ბრად,
მონე, მანე და ვრუბელი,
დახატავდნენ ამ ცას?!
ხარბად ვისუნთქავ ამ ჰაერს,
ვინ დამიწესებს ზღვარს,
ანგელოზებმა დალამბეს
ოქროთი მთა და ზღვა.
უბრწყინავთ ქამარ-ხანჯლები,
კლდე კლდეს მიჯრია გზად,
ჩრდილები, როგორც ჩარჩები,
წვრილმანს გვიწვდიან მზას.
გოდრები, ქვევრი, დოქები,
როგორც საუნჯე, დგას,
სიკვდილს ნუ შევეტოქებით,
თვითონ დაგვითმობს გზას.
მაია დიაკონიძე
22.08.2024 წელი


ვანის გოგრა

 ვანის გოგრა

ყუთებში ვაშლი აწყვია,
გვერდზე კენკრა და თხილი,
თვალები მიუტაცია,
გარგარი არ წყვეტს ზიმზიმს.
აგერ გოგრები ქებული,
სუყველასა სჯობს ვანის,
გული აქვს ამოვსებული,
ასეთი არ აქვს არვის.
მაია დიაკონიძე
22.08.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, Eteri Isakadze და 17 სხვა პიროვნება