Friday, August 30, 2024

ლექსები შოთაობისთვის

 

დევიზი: ,,ლაჟვარდში ისევ გაიფრენს წერო”

 

ყვარლის მთებო!

(ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს)

 

ვინა თქვა, რომ ჩვენ გავიყარენით,

ვინა თქვა, ჩემგან სიშორით ყოფნა,

მარტო თქვენ დაგრჩათ ჩემი თვალები,

მარტო თქვენ დაგრჩათ ჩემი ღრმა ხსოვნა.

 

მე თქვენგან ვუმზერ მამულს დაღალულს,

ვით ცხვარს ღამეში,  უმწეოდ შთენილს,

თქვენს შუბლებს ვხედავ, ფიქრით დაღარულს,

მჭმუნვარე სახეთ, მკაცრსა და კეთილს.

 

ისევ ნავარდობს ქარი ღრუბლებში,

თავები ზევით და ზევით მიგაქვთ,

თქვენი ჭაღარა ბამბის ქულები

შვებად დააწვიმს იორს და ლიახვს.

 

მაგრამ რად გინდა, დაცლილა ხალხით,

სოფლებში შუქი აქა-იქ მოჩანს,

აქედან მესმის ტირილი ღალღის,

ჯარახელებიც ვერ შველის, ყოჩაღს.

 

ერთმანეთს ცვლიან კაცთა სახენი,

ვჭვრეტ ლუარსაბსაც, არჩილსაც, კესოს,

და ახლა ნეტავ, საით ამხედრდი,

ტკივილიანო მამულო ჩემო?!

 

მე აქ დავრჩები, ჰე, ყვარლის მთებო,

მე ხომ ვერავინ ვერ გამყრის თქვენთან,

ლაჟვარდში ისევ გაიფრენს წერო

და ქართველებო, მოგიხმობთ ჩემთან!

 

შენ მე მეკუთვნი მარტო!

 

სიგრძე-განი ვერ გიპოვე,

ვერშესადარო ცაო,

ერთურთს სულ სხვები გცილობენ,

შენ მე მეკუთვნი მარტო!

 

სამოთხესავით ლამაზო

მიწავ, გტირი და გდარდობ,

ვხედავ უცხო აქ დარბაზობს,

შენ მე მეკუთვნი მარტო!

 

ყანავ, ოქროსფრად ნაზარდო,

ტოროლავ, ლაღად ჰგალობ,

კანჯარო, კლდეზე მხტომელო,

შენ მე მეკუთვნი მარტო!

 

მოდი, სტუმარო, კეთილად,

მუდამ მოგელი, გნატრობ,

არც ნიკს, ბორისს თუ ზელიფხანს,

შენ მე მეკუთვნი მარტო!

 

გეძახი, მაგრამ ვერ დაგაბრუნე!

 

აქ უშენობამ მთები დანისლა,

ცრემლი ადგებათ შავ მძიმე ღრუბლებს,

და ახლა ვდგავარ ველზე კრწანისთან,

გეძახი, მაგრამ ვერ დაგაბრუნე.

 

ვით ჩავატანეთ ციხეს ზურაბი,

დედამ გასწირა თავისი შვილი,

მისი თვალები შერჩათ უნაბებს,

საქართველოს კი აღარ აქვს ძილი.

 

ჰე, შენ, ქართველო, მითო, ლეგენდავ,

ახლა სხვად მყოფო, მოშლილო ბუდევ,

სამშობლოს კვნესა გესმას ეგება…

გეძახი, მაგრამ ვერ დაგაბრუნე!

 

ფესვი ვარ!

 

ფესვი ვარ და ფესვად მიხმობს,

როცა მოვა ჩემი ჯერი,

შენ კი, ბიჭო, სად წასულხარ,

ხეს ფესვი რად მოაჭერი.

 

შემოაკლდა ხეს ნაყოფი,

ბევრი ხილი ვეღარ ხარობს,

აღარ დარჩა აქ სამყოფი,

შენ კი, ვაჟო, სადა ხარო?!

 

ფესვი ვარ და ფესვად მიხმობს,

როცა მოვა ჩემი ჯერი,

შენ კი, ბიჭო, სად წასულხარ,

ხეს ფესვი რად მოაჭერი.

 

 

ეამბორა საქართველო!

 

ცხადში რომ ვერ წავიკითხე,  წავიკითხე სიზმრად,

გაიშალა მაშინათვე ჩემ თვალისწინ ტიტა,

მღერითა და საგალობლით მეშვიდე ცას შევწვდი,

ახლა მივხვდი, რა ყოფილა, თურმე კარგი ლექსი. -

 

მე, შორენა, გავცქეროდი მოოქროსფრო ყანას,

უფალს შიგნით ყაყაჩოთა ჯარი ჩაეხატა,

შენ კი, უტას, ცადამგებელს ,,სვეტიცხოვლის" ტაძრის,

სიყვარულზე უარისმთქმელს, გადაგედო თავი.

 

ანათებდა ოქროს დილა, იღვრებოდა სხივი,

თავზე გედგა დიადემა, ტუჩს გიპობდა ღიმი,

გაეჩქარე, უფალს შეხვდი, იქ დაგიდგეს ტახტი,

უკვდავების წყალს, ჯერ ბავშვი, რძესთან ერთად სვამდი.

 

მე კი, როგორც ანგელოზმა, გამოვისხი ფრთები,

სიყვარულის უარმყოფელს, იქ უფალთან შეგხვდი,

ეამბორა საქართველო შენს მოკვეთილ მარჯვენს,

და ავიდა ,,სვეტიცხოვლის" ზედიდება ცამდე.

 

No comments:

Post a Comment