Tuesday, August 27, 2024

კაფიობა (მინოსის ლაბირინთებში), წიგნისთვის

შაირ-კაფიობა
(ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, რუსუდან გოგბერაშვილი, გელა ციგროშვილი, მარინა თოფურია, ქეთინო ხუციშვილი)

ეკა ჯავახიშვილს!
(ეკა, ფრთხილად იყავი, ლაბირინთში მაინც ნუ შეხვალ... რა იცი, იქნებ „მინოტავრის“ სიკვდილი მხოლოდ მითია და ისევ მანდ სადმე დაწანწალებს...)
(ფშაურ კილოზე)

მივესალმები ეკასა,
მცურავს ცხოვრების ზვირთებში,
თავის ფეხით რომ მისულა
მინოსის ლაბირინთებში.
მაგას არც რამის შიში აქვს,
მაღლა ღრუბლებში ასულსა,
სუყველას გაუსწორდება,
ალს, კუდიანს თუ ავსულსა.
ბებოც ხომ „პოლზე“ აწყვიტა, –
შეფასება აქვს იპონის...
ეგ მინოტავრსაც მოთეთქვავს,
თუკი მანდ სადმე იპოვნის. ----------------------------
რუსუდან გოგბერაშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

ისევ კაფიებს არიგებ,
გუჯი, არ იშლი შენსასა,
ემანდ, შენც „პოლზე არ გწყვიტოს“,
ნუ ეხუმრები ეკასა!
------------------------------------
ეკა ჯავახიშვილი ელგუჯა ციგროშვილს!

კრეტიდან კაი სალამი,
სიტყვა გაგვიხდა ძვირია,
რა გინდა შუაღამისას,
რა შამამიფრთხე ძილია.
რა კუდიანი, ავსული,
ან რა ალების არია,
მინოტავრთანაც გამხადე
მებრძოლი, მეომარია.
რას არბენინებ საცოდავს,
მუხლებს რისათვის უღლიო,
შენს ამორძალებს მიხედე,
მე არვისთან მაქვს შუღლიო.
შენ ისე გამაპიარე,
თავს რაღაც უნდა მიწიო,
იქნება ორთაბრძოლაში
ბრიუსლიმაც გამომიწვიოს.
დამიფიქსირე მრავალჯერ
მოგება, სუფთა იპონი,
ღადავს მოეშვი თორემა,
რაც რუსომ გითხრა, იპოვი.
-------------------------------------
რუსუდან გოგბერაშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

სწორედ იმიტომ გაფრთხილებ,
შენი ვარ თანამებრძოლი,
ერთი ძმა მაინცღა შემრჩეს
კალმით ქალებთან მებრძოლი!
----------------------------
გელა ციგროშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

რაღა დროს მინოტავრია,
რა ზვირთები და რა წყალი,
ამბობენ, ლაბირინთებში,
მთლად მიიხრწნაო საწყალი...
ფრთხილობენ თანამედროვე
მინოსი, ეგეოსია...
დღეს ეკასნაირებისთვის
საზღვრად გაავლეს ტროსია...
ვაი იმ ბეჩავს, შემთხვევით
თუ სადმე მოახელებენ,
რქებს მოამტვრევენ, უბედურს,
ძვალს და რბილს გაუმთელებენ...
---------------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი პასუხად გელა ციგროშვილს:
(ფშაურ კილოზე)

ეკას ეგენი არ უჭირს,
არც ბებოს დაუხვალია,
თუ რამე წყენა ახსოვდა,
ერთად აიღო ვალია...
,,მააპირქვავა პოლზედა",
მთელი არ დარჩა ძვალია,
კარგი ქნეს, დროზე დამარხეს,
იქ წაიშალა კვალია,
ეხლა მინოტავრს თუ შახვდა,
ვაი, იმისი ბრალია.
-------------------------
ელგუჯა ციგროშვილი პასუხად რუსუდან გოგბერაშვილს:
(ფშაურ კილოზე)
რუსო, შენ ეკას არ იცნობ,
მართლის მთქმელია პირშია,
ნახე, მინოტავრს რას უზამს,
რქებსაც დაამტვრევს ძირშია.
ყანწებად გამამიგზავნის,
ეგ არი ჩვენი პირობა,
ხომ ხედავ, თავსაც არ იქებს,
სჩვევია სიტყვაძვირობა.
მაგრამ მე რა გამაჩერებს,
დუშმანს დაუდგეს თვალები...
იმ ყანწით უნდა დაგლოცოთ,
ჩვენი მოლექსე ქალები.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი.18.01.2016 წელი
---------------------------
ეკა ჯავახიშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

გუჯა, რთულ საქმეს მავალებ,
არც გერიდება იქითა,
მაგ ყანწს შენ მაინც ვერ დაცლი,
ისევ დაგვლოცე ჭიქითა.
მინოტავრის რქებს თუ უცდი,
ხარია, არვის ბარდება,
ჩვენც დასალოცი დავრჩებით,
ე ღვინოც დაგიძმარდება.
---------------------------------
გელა ციგროშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

ეგ რქები მინოსს კი არა
მითებში ქონდა მინოტავრს...
იცის რო ვერას დააკლებთ,
ლაბირინთებში მიროკავს...
რქების გარეშე რო სტოვებთ,
ალბათ ჯერ აზრზე არ არი,
ყანწების დამზადებაშიც
ხელოვნებაა მთავარი...
იქნება ყოველ წელს იცვლის,
იყიდეთ იაფ ფასადა...
დაატრიალეთ ბიზნესი,
გაყიდეთ ერთი – ასადა...
ახლა კი ყური დამიგდე,
ძმაო, შენი ვარ მრჩეველი...
შავ მიწაშიამც მენახოს,
თქვენ ავად დამაწყეველი...
ეკას უფრთხილდი, ჩვენ დობილს,
ქალია, როგორც ჰაშიში...
ეგ რო მაგ კუნძულს დატოვებს,
მაშინ გახდება საშიში...
იქნება ბედისწერაა,
ჟამმ შენ ბილიკზე ამართა,
შენც იგივე არ დაგმართოს,
რაც იქ მინოტავრს დამართა...
-------------------------
რუსუდან გოგბერაშვილი ეკა ჯავახიშვილს:

ეკავ, ისევ ის გირჩევნავ,
მინოტავრს ეცე რქაშია,
იოლ გგონია ჩავარდნა,
ციგროშვილების ყბაშია?!
---------------------------------
ეკა ჯავახიშვილი რუსუდან გოგბერაშვილს:

ციგროშვილები კი არა,
ფშავნიც დაიძრან მთიანად,
შიში არა მაქ მაგათი,
ერთ ლუკმად ვიკმარ მთლიანად.
---------------------------------
გელა ციგროშვილი ელგუჯა ციგროშვილს!

ძმაო, ეტყობა ვცდებოდი,
როცა მეგონა კეთილი...
ვიცავდი მონდომებითა,
როგორც პატიმარს ვექილი.
ეგ დიდხან არ გაჩერდება,
კუნძულზე გამოკეტილი,
მაგ ტროსებს დასწყვეტს, თუნდ იყოს,
ჰეფესტოს გამოჭედილი...
თან მუქარაცა სცოდნია,
გულსრულად, ბარაქიანად...
აღარც კი მალავს, გვიპირებს
შეხრამუნებას ძვლიანად...
ძნელია იმის გაგება,
რას იზამს, ვის რას დამართავს...
ზედმეტ სიფრთხილე არ გაწყენს,
როცა ეგ აფრებს ამართავს...
--------------------------------
ეკა ჯავახიშვილი გელა ციგროშვილს!

გელა, მტერად რად მაცხადებ,
შენთან მშვიდობა მერჩია,
გარეთ პასუხი ვის ვთხოვო,
შინ მეგობრები მერჩიან.
იცი, რომ სიტყვებს არ ვეძებ,
არც პასუხში ვარ მე ჩია,
ცა დამქცეოდა და შენი
,,ღალატი" არ შემემჩნია.
მაგრამ ეტყობა ეშმაკი,
ბოლო დროს შენც შეგეჩვია,
შენით მაგას არ იტყოდი,
ეგ, მისეული ,,სკეჩია",
საგონებელს კი ჩამაგდე,
რა ვუთხრა ან რა მივწერო,
,,ომს" მეგობართან ვერ შევძლებ
თუნდ იყოს საბედისწერო.
-----------------------------
მარინა თოფურია ყველას:

ქალია მართლაც ჰაშიში,
მაგრამ ცოტანი ჰხედავენ,
თუ ეკას მიახლოებას,
შიშით ვეღარა ჰბედავენ?
იქნებ ვაჟკაცნი გამწყდარან,
თუ ისევ ქსელსა ჰბეჭავენ?!
-------------------------------
გელა ციგროშვილი ეკა ჯავახიშვილს:

თავს იმკვდარუნებ ეკაო,
ესეც ფანდია ომისა...
ვიცნობ თქვენ ჯიშს და მოდგმასა,
ძუ ბოკვერი ხარ ლომისა...
ახლაც ჩემ პასუხს მოელი,
რითმებს ამხადებ ფრთამალსა...
მარტო თქვენ არჩევთ ქალები,
ეშმაკებს დედალ-მამალსა...
ამქვეყნად არცერთი ცოდვა,
არ რჩება ,,განუკითხველი"
,,ღალატი" ვისგან იწყება
თვითონ მიხვდება მკითხველი...
---------------------------------

ეკა ჯავახიშვილი გელა ციგროშვილს:

ჯერ იყო ლაბირინთებში
დამარტყმევინეთ კროსები,
ხან მინოტავრთან შამჭიდეთ,
ხან მაწყვეტინეთ ტროსები.
გამოწვევა არ მივიღე,
შამამიტყუეთ ხვრელშიო,
გაძვრა-გამოძვრა მელა და
შენ შამრჩი ბოლოს ხელშიო.
რუსომაც მხარი აგიბათ,
ერთადა კრავდით ძნასაო,
დაუწყეთ ჭკუის სწავლება
თანამებრძოლს და ძმასაო.
,,ეკას უფრთხილდი" – თითქოს და
მეც შევაცდენდი ,,კრავსაო",
ისე შეშინდა, მე მგონი
უკვე კიდობანს კრავსაო.
კაი, მკითხველმა განსაჯოს,
თუ დამარწმუნეს ამაში,
ეს შეთქმულება არ არის,
მაშინ მოიგეთ თამაში.
--------------------------------
გელა ციგროშვილი ეკა ჯავახიშვილს:

თუ სამთა აზრი ემთხვევა,
მაშ რჩევას გაძლევთ სწორესა...
მწარე გეხვევა ფიქრები,
რაც მამულს მოგაშორესა...
თუ მარტო დარჩი ვერ გასდებ
ზღვაზე ხიდს, ცაზე კიბესა...
დღეს შენი ფიქრი აწყდება
ზღვა – ხმელის კიდით – კიდესა...
მინდა გისურვო. დობილო,
გზა ცისარტყელას ფერია...
კაფია ითხოვს, – თორემ ჩვენ
არა ვართ შენი მტერია...
ჯანდაბამდე გზა ჰქონია
ზევსს, ჰადესსა თუ ჰერასა...
შევძლოთ, ერთურთის გულისთვის
შევებათ ბედისწერასა...
სასურველადამც გმისნობდნენ
ორაკული და პითია...
ვაჰმე, რომ თქვენი ცხოვრება
დღეს ცრემლიანი მითია...
ტკივილიანი ყოფა და
ამოკვნესება გულისა...
თქვენ ქუჩებზედაც დაჰქროლოს
ნიავმა გაზაფხულისა...
p. s.
თუ კიდევ შეგრჩათ სურვილი
ერთმანეთისთვის კბენისა…
თუ გადაგევსოთ ფიალა,
ძაფი გიწდებათ თმენისა..
გაბრაზებულებს სიმწრისგან
გინდათ გადაღრღნა ვენისა…
მოყვრისთვის დანის დაცემა,
ძმისთვის გამოჭრა ყელისა…
მომწერეთ, ყველა თქვენთაგანს
ჩემგან პაუხი ელისა.
-------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი გელას და ეკას:
(ფშაურ კილოზე)

მაღლით დავხედე ბრძოლის ველს
და შამიშინდა თვალია...
მიმოფანტული რითმები,
სულ ნალეწ – ნამუსრალია.
კაფიის ისმის ჯახება,
დგას დიდი ცოდვა – ბრალია,
დაასკვნის მეისტორიე, –
,,ჭიქაში ქარიშხალია!"
გელამ ტრაქტატებ მიკითხა,
საბას და ჟან-ჟაკ-რუსოსი,
ეკას უწუნა კაფია
და მოიწონა რუსოსი.
ძმაო, მე დაცვა რად მინდა,
ტყვიაში ვაჯენ ტყვიასა...
ზოგ უფროს მელექსებოდა,
ზოგიც მეძახდა ძიასა,
სუყველას რას გავიხსენებ,
უნდა ჩავხედო სიასა...
რო ვერვინ ვერსად ვერ მიკბენს,
ვიძლევი გარანტიასა.
შენ და ეკას კი გატყობთ, რომ
ბოლომდე ჰხარჯეთ კალამი...
ჯიუტად უცდით, თუ რომლის
ჩამოვარდება ალამი.
P.S.
მე მომისმინეთ, ორივემ,
ბრძოლაში დაუცხრომელთა,
არც მინოტავრის რქები მსურს,
აღარც ხსენება ცხოველთა.
ცას ცისარტყელა დაჰკიდა, –
მისი ნათელი ჰყო ველთა...
და ასე ბრძანა უფალმა:
,,მშვიდობა ნახონ ყოველთა!"
-----------------------------
ელგუჯა ციგროშვილი პასუხად ქეთინო ხუციშვილს:
( ფშაურ კილოზე)

შენ კომენტარი, ქეთინო,
როგორ არ გამიკვირდება,
ფშაველს კაფიის სათქმელად,
ნეტავ რა ,,მოდა" სჭირდება.
ფშავლების შესაფასებლად
არ გამოდგება ეგ სია...
ფშავლის ჩასუნთქვა ფიქრია,
ამოსუნთქვა კი ლექსია.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 11.09. 2018 წელი
---------------------------
ეკა ჯავახიშვილი ელგუჯა ციგროშვილს:
ვერ ხარ კარგ დღეში, ფშაელო,
ჰყვები კრიტიკის სუ ქარში,
იმდენს ფიქრობ და იმდენს წერ,
არ გაიპარო სუნთქვაში.
სანამ გელას არ სცალია,
შესეულია ვენახებს,
მოვისურვებდი კაფიით,
ჩემთან ტატამზე მენახე.
----------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ეკა ჯავახიშვილს:
(ფშაურ კილოზე)

„განხეთქილების ვაშლსა“ სჭამს,
ეკო ასული ატამზე...
რა ყინჩად გამამიწვია
„ლექს–კაფიების ტატამზე“.
ნეტავი ვინ მამიქსია,
რომ მიღრენს და „მემწვეტება“,
ერთხელ კი შერჩა მაგასა, –
ბებიის „პოლზე წყვეტება“.
წარმატებებმა ბევრ სხვასაც,
ვიცით, რომ თავბრუ ახვია...
თავი ერეკლე ჰგონია, —
ჯაჭვის პერანგ რო გახია;
მე მაგის არ მეშინიან,
თუნდ ყურს დამაჭრას ხახვია,
თავის თავს დააბრალოდეს,
რაიც მოუვა, – ახია!
არ მგონავ, ჩემი პასუხი
ეწამლოს მაგის იარებს...
წუხელის სიზმარში ვნახე, –
ბებოს ბედს გაიზიარებს!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 11.09.2018 წელი
------------------------------------
ეკა ჯავახიშვილი ელგუჯა ციგროშვილს!

სანადე ამას დასწერდი,
ალბათ, მაასწარ გელოცა,
ახია, შენზე მოსინჯო
ჩემი პასუხის გემოცა,
ვერც შენს იარებს ეწამვლის,
არ მცხია თაფლი ენაზე,
ეგ შენ ღრენ, თორემ კბილიც მაქ,
არც უარს ვამბობ კბენაზე.
წარმატებები არაა
უცხო, ეს მე არ მაბრუებს,
მგონი ბებოებს კი არა,
წყვეტა მოუწევთ ბაბუებს.
ერეკლობას არ ვიბრალებ,
არ მქრის დიდების სიონი,
ე, შენ ხომ მყავხარ ვახტანგი,
დაიქცა კავკასიონი.

No comments:

Post a Comment