ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ამ სალაღობო ლექსმა ,,მუზა", მეც დამაწერინა ერთი ლექსი. გთავაზობთ ორივეს, შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ თქვენი ლექს-კომენტარებით
მ უ ზ ა
(სატრფიალო-სალაღობო)
1. მუზა მართლა თამამია,
კისკისით მხვევს ყელზე ხელებს,
ყურში რითმებს ჩამჩურჩულებს,
სატრფიალოდ გამახელებს:
2 . ,,ლექსი ქალზე დაწერეო, -
რომ ახალი სჯობდეს ძველებს"...
ყურის ძირში კოცნა უყვარს, -
მთელ ტანს ამიჟრუანტელებს.
3. მეც ქალს ვაქებ და ვადარებ, –
თვალ-მარგალიტს, ლალს თუ გიშერს,
მუზაც ისე ცელქდება, რომ
საკოცნელად ტუჩებს მიშვერს.
4. ბაგეს ბაგეს შევაგებებ,
არ დამიგმოს ვინმემ ქცევა,
ამგვარ ომში მე კი არა,
წიწოლაც არ გაიქცევა.
5. ყველა ქალი მუზა არის,
ვინც კი ირგვლივ მახვევია...
და ლექსებიც, – ჩემად რომ ვთვლი,
მათი ნაკარნახევია!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი, 22. 07. 2023 წელი
მუზა
ალბათ ყველა ქალს შეუძლია რომ იყოს მუზა, -
ვით თამუნია წერეთელი, ან ტურფა მერი,
ჭეშმარიტება ასეთია, ვერაფერს ვუზამთ,
მუზათ ნატერფალს არ ედება ფერფლი და მტვერი.
ეკატერინე ჭავჭავაძეს შესტრფოდა ტატო,
,,ტანო ტატანოს" დამღეროდა ბესიკი ქნარზე,
განა იცოდნენ, აირჩიეს რისთვის ან რატომ,
მუზა ხომ ჩვენს სულს იდუმალი სინათლით ავსებს.
ორბელიანს კი თავს ერჩია მწყაზარი ნინო,
ასი წლის მერეც რომ შესტრფოდა გოგლა მის სახეს,
ლექსშიც რომ ფიქრობ, სიტყვით რამე არ აწყენინო, -
ვერ გაექცევი იმათ დიდ ხიბლს, დაგებულ მახეს...
ოცნების მუზას მაინც ვეძებ მე ყველა ქალში,
ზოგის ფიქრები ზღვა არის და ზოგის მდინარე,
და ირეკლება მიუღწევლის სურვილი თვალში,
ვუცქერი ყველას სიყვარულით პირმომღიმარე,
მაია დიაკონიძე
24.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment