Tuesday, August 27, 2024

შაირ – კაფიობა, ლეილა არჩემაშვილის კომენტარით

 შაირ – კაფიობა

(ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნინო სპანდერაშვილი, დარეჯან ჯელაძე, გიგლა ჭინჭარაული, გელა ციგროშვილი, თამრიკო მგელაძე, ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია, ნათელა ცოგროშვილი, ნელი აფციაური)

ციკლიდან: „ჩემი საათი ცოტა წინ არი!”
სალაღობო

ჩემს თვალში ყველა ქალი ლამაზობთ,
გაქვთ ტკბილი ბაგე, თვალები მწველი...
ვინმემ რომ ვაშლი შემომთავაზოთ, –
ჩემი ცდუნება არ არის ძნელი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 02.08.2017 წელი
-----------------------
ეკა ჯავახიშვილი კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

არც ვის ცდუნება არაა ძნელი,
თან თუ ვაშლია ძალიან ტკბილი,
საკითხავია ერთი რამ მარტო,
თუ შეგრჩა ნეტა სავაშლე კბილი?
----------------------------
ნინო სპანდერაშვილი კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

ლოყაწითელა ვაშლისთვის,
კბილები გაიპრიალე,
თუ კი ვერ შევძლებ ცდუნებას,
ვაშლი ხომ გავაპიარე.
----------------------
დარეჯან ჯელაძე კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

კაცის ცდუნებას რად უნდა ვაშლი,
ქალი ისეც ხომ კაცის ხვედრია,
ვაშლს ბევრი არ ჭამს, მაგრამ უარი?
ქალზე რომ ეთქვათ, არ შემხვედრია.
-----------------------------------
კაფიის პასუხად ეკა ჯავახიშვილს:
(ფშაურ კილოზე)

უფალო, ეხლა შენ შემეწიე,
გროვდება ცოდვა, – ახალი, ძველი...
მოდი, შენ შენი ვაშლით მეწვიე,
კბილის მოსინჯვა არაა ძნელი!
კაფიამ გული გამიხალისა,
გამომისწორდა უცებ გუნება,
კბილებიც ისე მოლესილი მაქვს,
ბევრ „ვაშლს“ მოუწევს ჩახრამუნება.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი
---------------------------------
გიგლა ჭინჭარაული კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

შენ თვალს ვერ ამოირიდებ,
არა გაქვს მაგის მიზანი,
მეშვიდე მცნება დაიცავ,
ხარ უცხო ქვეყნის ხიზანი,
რასაც ჩემ ბაღი დაისხამს,
მთელ ვაშლს მანდ გამაგიგზავნი.
--------------------------
ნინო სპანდერაშვილი კაფიის პასუხად გიგლა ჭიჭარაულს:

ვაშლი კარგია, გორული,
რა უჭირს, იყოს კახური,
თუ ვირტუალურ სივრცეში
არაა გამოსახული.
ვერც ჯეჯელავას ვაშლები
გახდება გუჯას მიზანი.
რეალურ ქალთა ცდუნებას
ელის ელინთა ხიზანი.

კაფიის პასუხად ნინო სპანდერაშვილს:
(ფშაურ კილოზე)

ვაშლის პიარიც საქმეა,
ბდღვრიალებს როგორც ყაყაჩო,
ეგ ნაღდად სამოთხურია,
კინაღამ ნერწყვმა დამახრჩო.
ადამი პირველი ცდუნდა,
ყველა კაცი ვართ შემდეგი...
თქვენ მაინც თქვენი ეცადეთ,
ცდას მუდამა აქვს შედეგი!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი
------------------------------
ნინო სპანდერაშვილი კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

ცდა ბედის მონახევრეა,
ყველა თავის ბედს თავად ქმნის,
გასავლელი გზის ნახევარს,
ვშიშობ, შედეგი გარდაქმნის.
-------------------------------
ეკა ჯავახიშვილი კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

ჩვენ ლექსი წამოვაფიფქეთ,
უცებ გვესროლე გუნდები
შენ რომ ვაშლ ჩაახრამუნებ,
სიცილით გავიგუდები.
ემანდ რომ მიწვევ დიდგულზე,
გაგიწყდა ძარღვი რიდისო.
ვაშლის მჭამელი ვაშლს კი არ
ეძახის, თვითონ მიდისო.
მაგ ,,ალესილი" კბილებით
ვერც შემექცევი ნახევარს,
სხვა უფრო მწიფე მონახე,
შენთვის ძალიან მკვახე ვარ.
არ მოგჭრა კბილი და ეგაც
არ გამიხადო სადარდი,
ნაყოფს შორიდან უყურე
და ვაშლის წვენზე გადადი.
----------------------------
კაფიის პასუხად ეკა ჯავახიშვილს:
(ფშაურ კილოზე)

შენი „სიმკვახე“, თავადო,
შენ კაფიასაც ეტყობა,
„სამოთხურ ცდუნება“ მსურდა,
ხელი იქაც არ მეწყობა.
მე „მკვახე“ ვაშლის შაჭმისა
არც შიში მაქვ და არც რიდი,
ადრეც მიჭამავ, გემოსთვი
ბლომად მარილსაც ვაყრიდი.
ეხლაც საკმაოდ შევიგრძენ,
„სიტკბო“ შენ მწარე ენისა,
ვფიქრობ, მომიწევს გასინჯვა,
მაგ „მკვახე ვაშლის“ წვენისა.
„შე მკვახევ“, ჭკვიანად იყავ,
არ დაგაყარო მარილი,
თორო ვერც ახლოურ გიშველს
და ვერც იმის „მზის არილი“.
მგელაძეც მეცა მგელივით,
მაგას კბენას რას დაუშლი...
ნერვებ საერთოდ არა აქვ
და მე საიდან აუშლი?
ელგუჯა ციგროშვილი
-------------------------
კაფიის პასუხად გიგლა ჭინჭარაულს:
(ფშაურ კილოზე)

ეკამ რო კბილებ მილექსა,
განა ჭორი და ცრუ არი,
არ გავიჩერე პირშია, –
კბილებ თქვენ მოსატყუარი;
ერთ ბაღ ვაშლს სულ მე მთავაზობ,
როგორ შაგკადრო უარი,
დიდ მადლობელიც დაგრჩები, –
შენ ბაღ ს ა მ ო თ ხ ე თუ არი;
თუ არა, ჩემიც ბევრი მაქვ
აზრები გაუფუარი...
უბრალო ვაშლებ, ჩემ მურგვალთ,
თავზე საყრელად სუ არი!
ელგუჯა ციგროშვილი
----------------------------------
კაფიის პასუხად ნინო სპანდერაშვილს:
(ფშაურ კილოზე)

ნინოს ენაცვლოს ძმობილი,
პასუხ მოგართვი გვიანი...
მე რომ ვიღაცა ვაცდუნო,
არა ვარ ეგრე ჭკვიანი;
სულ ვცდილობ, ჩემი მიზეზით,
არავინ ნახოს ზიანი,
მე სამოთხის ვაშლ რომც მამცენ, –
ნაღდად იქნება ჭიანი!
ელგუჯა ციგროშვილი
---------------------------------
ეკა ჯავახიშვილი კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

რას ატეხილხარ, შე კაცო,
რაღა დროს შენი ვაშლია,
გაბედულად რომ გაკოცონ,
სულ ნაწილებად დაგშლიან.
ემანდ ჭკვიანად იყავი,
ჭამე ფაფა და პავიდლო,
მარილს ვაშლს როცა აყრიდი
წავიდა უკვე მაგი დრო.
---------------------------
კაფიის პასუხად ეკა ჯავახიშვილს:
(ფშაურ კილოზე)

მავნე ენა გაქვთ ქალებსა,
შენც იმათს მისდევ ჩვევასა,
ვატყობ ცოტაღა უკლია,
ქალავ შენ გადარევასა;
არც გულს ვუჩივი ლამაზო,
არც მაღალ – დაბალ წნევასა,
„შამცდარ“ ადამთან ბალღი ვარ,
თუ გინდა ჰკითხე ევასა.
ჩემ ასაკს ტყუილადა ჰკბენ,
ენას იჩლექ და სტიტინობ...
ხანდახან პასპორტს ჩაჰხედე,
აღუუუ, ნეკზე არ მიკბინო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 9 მარტი, 2018 წელი
-------------------------------------
ეკა ჯავახიშვილი კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს:

კბილებ ნუ ამალესინებ,
საკბენი შენც გაქ ბლომადა,
თუმცა კი გაღიარებენ
,,ფრენდები", ლექსის ლომადა,
ბარელ მაინც ვერ მაჯობებ
გიწვევ ახლა მე ,,ომადა",
ვაშლის კი არა, მთლად ხილის
დაგაკარგინო რო მადა.
----------------------------
გელა ციგროშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

ციბრუტივითა სტრიალებ,
შენ მარტო, ეგენ ბევრები...
რა ხდება, სუყველამ ერთად,
რად აიშალა ნერვები?!
თუმც ადამ – ევას მიზეზობთ,
მანდ სხვა რამ არი მთავარი,
,,გამოტყდით", აბა, – რა ხდება?!
ცეცხლი უკვამლოდ არ არი...
ხან მეშვიდე ცას უწიე,
ხან ზღვის პირამდე ეშვები...
გვიანღა ვხვდები, თბილისში,
რად დაილესე ეშვები?!
-----------------------------------
ეკა ჯავახიშვილი პასუხად გელა ციგროშვილს:

აქამდე ჭამდა გორისას,
საღი იყო თუ ჭიანი,
მადა ჭამაში მოვიდა,
სხვას რას იტყოდა ჭკვიანი?!
მაინცა ვჭამო, ბარემო,
რაღა გორისო, სამოთხის,
ეგ ისე ჩიჩქნის ვაშლს თუ არ
გველს ვიცი, ნაღდად ამოთხრის.
------------------------------
თამრიკო მგელაძე ელგუჯა ციგროშვილს:

რა ძალა გედგა, გუჯაო,
რად გაგვიშალე მუჭაო,
ჩუმად გეჭამა ეგ ვაშლი,
გორისა, თმახუჭუჭაო,
კომენტარების შამხედვარ,
თვალებს ვეღარა ხუჭავო.
----------------------------
გელა ციგროშვილი პასუხად ეკა ჯავახიშვილს:

მარჯვედ ჩასაფრდი ეკაო.
დედა არ ტირის ფრთხილისა...
მე ის აზრ გამოვიტანე
დამკვეთი შენ ხარ ხილისა.
ფშაველი ყველგან ფშაველობს,
ბარში, მთასა და ველზედა...
მაგ გველის შხამი ვერ გასჭრის,
ჭეშმარიტ არაგველზედა...
რა კი ხალისით შეგხვდათ და
აჰყვა თქენ გამოწვევასა.
ასიც რომ გყავდეთ ადამი,
ცხვირწინ აგაცლით ევასა...
-----------------------------------------
კაფიის გაგრძელება, გელა ციგროშვილი ეკა ჯავახიშვილს:

მანამდე გუჯა არა ჩანს,
მისი ვიქნები ვექილი..
თუნდ ბროწეული მიირთვას,
ეგეც ხო არი ხეხილი...
გზა სამოთხისკენ მძიმეა,
ციცაბო -კლაკნილ - ტეხილი...
თავისას ვმალავთ, სხვისა სჯობ,
ცოდვები გამოტეხილი...
ეკავ, ეკო ხარ თუ ევა,
ბაღისკენ მოდის კვალია.
თამროც მხარს გიჭერს, დობილი
ან რა აქვ დასამალია,
შენს ადამზედაც იფიქრე,
კარგად შაავლე თვალია..
,,ექვსი არ ქონდეს თითი და
კისერზე დიდი ხალია''...
----------------------------------
ეკა ჯავახიშვილი კაფიის პასუხად გელა ციგროშვილს:

გელა, მაგ აზრებს შეეშვი,
ეშმაკურებს და მაცდურებს,
ოღონდ ,,სამოთხე" ეწეროს,
გუჯას ატამიც აცდუნებს.
ე გველიც ისე მაშინებს,
ხსენებაზეც მჭირს ,,აშლები",
შანსი არაა მაგისთვის,
რომ დამეკვეთა ვაშლები.
საეჭვოდა დუმს, არ მამწონს
პასუხს არ გვიწერს მალითა,
ეტყობა უკვე ბაღშია,
შესაქცევს სწონის თვალითა.
ერთით რას დაყაბულდება,
ჭამა მოუწევს სამ-ოთხის,
გაძღეს, იქნება კარები
აღარ გაუღონ სამოთხის.
--------------------------------
ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია ეკა ჯავახიშვილს:

ეკოს შაირიც უხდება,
ტუჩზე წითელი პომადაც,
ვიდრე გულ შაუწუხდება,
თათხოს კაცების მოდგმა და,
განაღა გამიკვირდება
სხვის მერე, მე თუ მომადგა...
----------------------------
დაგვიანებული კაფია გელა ციგროშვილს და ეკა ჯავახიშვილს!
(ფშაურ კილოზე)

„სამოთხის პარადი მიჰყავს“
ჯავახიაანთ ეკოსა...
აპირებს ადამის დარად
ელგუჯაც გამორეკოსა.
ის არ სჭამს, ეს მიზეზს ეძებს,
ლამის ჯოხიცა რეკოსა,
ნეტაი ძველი ცოდვები
მაინც არ ამოქექოსა.
გუჯა მარტოკა არ არი,
გელაი ჰყავის ვექილი,
თუმცა „სამოთხის თემებში“,
არ არის გამოქექილი.
აქ „გურჯის“ კაფიაც ვნახე,
ვერც იმას უშველს სიგურჯე...
ილოცოს, იმის სახესაც
რომ არ დაეტყოს სილურჯე.
ღმერთმა არა ქნას, რომ ეკამ
მოთმენის ძაფი გაწყვიტოს
და ბესოც ჭრელი კნუტივით
კედელზე შამააწყვიტოს.
მაგას ეგენი არ უჭირს,
ბებოც ხომ „პოლზე“ გაშალა“...
რა ექნა, იმ კუდიანმა
გოგო ნერვებზე აშალა.
ბებომაც ჭკუა ისწავლა,
წელსაც კარგა ხანს ითრევდა...
და ზავის ნიშნად მას მერე,
სულ თეთრ ცხვირსახოცს იქნევდა.
ელგუჯა ციგროშვილი
11.03.2018 წელი
---------------------------
ნათელა ციგროშვილისგან ელგუჯა ციგროშვილს:

სიყვარულს „ევა“ დავარქვათ,
ვინ რას გაიგებს, ნეტარა,
თუ ვაშლს ვერ შეჭამ, ძამიკო,
არ დაიქცევა ქვეყანა.
----------------------------
კაფიის პასუხად ნათელა ციგროშვილს:
(ფშაურ კილოზე)

ეს ჩემი ძმისწული ნახეთ,
ამასაც მუზა აშლია...
რად არ დასდგები ნათელავ,
რაღა დროს შენი ვაშლია?!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი
--------------------------
ნათელა ციგროშვილისგან ელგუჯა ციგროშვილს:

შენ გეხმარები, ელგუჯავ,
არ შეგაცდინოს „ევამა“,
იქნება დარჩენა გიჯობს,
რად არ ჩუმდები ნეტავა?!
იქნება ვაშლ ვერ ჩაკბიჩო,
„მიქსერის“ ძებნა დავიწყე,
სასწრაფოდ გამამისტუმრე,
მეც ხვეწნას აღარ დაგიწყებ!
---------------------------
ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს:

ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.
გაგიპიარათ კაფია.
მამა-პაპათგან გენებში
ჩაბუდებული მაქცია.
საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ
ნიჭიერებ ხართ ფშავლები.
ისედაც ენა გრძელებსა,
სულ დაგიგრძელათ ენები.
-----------------------
ელგუჯა ციგროშვილი კაფიის პასუხად ნელი აფციაურს:

( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო — ენა გძელიო"...)
ვახუშტი რა შუაშია,
მოლექსისა გვაქვ გენები,
ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,
ფშავლებს გძელი აქვ ენები...
მოკლეთი ვის შავასმინოთ,
სიტყვა გძლად მოსახსენები?
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 7. 03. 2021 წელი

ეკა ჯავახიშვილი ელგუჯა ციგროშვილს:

რა ხდება გუჯა შენ ბაღში,
ვერ მოგიკითხე რა ხანი,
ძველ ,,ვაშლებ" ახრამუნებ თუ
სხვები ,,დაისხა“ ახალი?
აქ ჩიტებ მოაქვთ ამბები
ამრევ დამრევი ტვინშია,
გუჯა წელს დარჩა უვაშლოდ,
გველი ზის კარანტინშია.
-----------------------
კაფიის პასუხად ეკა ჯავახიშვილს:
(ფშაურ კილოზე)

სადა ხარ, თავადის ქალო,
ბედისას ვიწყებ გმობასა,
არც მწერ, არც მეხმიანები,
რად მაჩვევ უშენობასა?!
,,ჩიტებს ამბები მოაქვსო"...
რად რა რა მიბნევ ტვინსაო,
სამოთხის ბაღში რა უნდა —
მიწიერ ,,კარანტინსაო?! "
არავინა ჩანს, დაიხსნას
მსოფლიო, გასაჭირიდან...
ნეტაი რა მევაშლება, —
ნიღაბს ვერ ვიხსნი პირიდან.
ბევრში შემძვრალა სატანა, —
ვირუსს, ვირუსზე აჩენენ...
ღმერთი თუ არ ჩაერია,
კოცნასაც გადაგვაჩვევენ!
იმედს არავინ იძლევა,
წამოაგდებენ როს ენას, —
გველის მოსმენა სჯობია,
ტელევიზორის მოსმენას .
,,ორმაგ ნიღაბი იხმარე!" —
დიქტორ მაძალებს ამასა...
გ ვ ე ლ ი სულ ვაშლებს გვირჩევდა,
თან გვაძალებდა ჭ ა მ ა ს ა!!!
თუ ,,გ ვ ე ლ ი " ,,კარანტინშია", —
მეორედ მოსვლას მაგონებს...
ცეცხლგამძლე ,,მასკა" სჭირდებათ,
შენფერ, — ,,პირცეცხლა" დ რ ა კ ო ნ ე ბ ს!"
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12. 03. 2021წელი

ლეილა არჩემაშვილი
,,ფშავლის ჩასუნთქვა ფიქრია,
ამოსუნთქვა კი ლექსია.'' ამ ორი სტრიქონის ავტორი პოეტი ელგუჯა ციგროშვილია. უნიკალური ნათქვამი! ფშავლების ნიჭიერება მხოლოდ ორ ტაეპში ვიღაცას ჩაეტიოს, ეს ძალიან იშვიათია.❤🌺ვაჟასაც კი რამდენიმე წინადადება დასჭირდა, ფშავლების პოეტურობა მკითხველისთვის რომ გაეცნო: ,,ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, _ მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე." (ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,ფშავლები"). ელგუჯა, უნიჭიერესი ხარ, ხმამაღლა ვამბობ! ❤❤❤❤

No comments:

Post a Comment