Tuesday, August 13, 2024

წმინდა ქეთევანს!

 მაია დიაკონიძე

წმინდა ქეთევანს!


მინდა ასგზის გიგალობო, დედოფალო,

ზეცას მისწვდეს შენთვის შვილთა დანამღერი,

ერი შენის ცოცხლობს ისევ, იბრძვის, ხარობს, 

ხარ შენც ჩვენთან - დედა, რწმენის გადამრჩენი!..


შენს ტანჯვაზე უტირია ურჯულოსაც,

უცრემლიათ შაჰ-აბასის რჩეულ ვარდებს;

შირაზს დღემდე ცეცხლისფერი დილა მოსავს,

სათნოება სისასტიკეს კვლავ ამარცხებს...


ჩემო ტკბილო დედოფალო, წარბი გახსენ,

შენს თვალებში ვხედავ ისევ სევდის ჩრდილებს...

საქართველოს რომ არ ედგას ჯანღი თავზე,

დაშანთული მკერდით ლოცავ ერის შვილებს.


შენი ლოცვა გადარჩენის იმედს გვიკრებს,

საკმევლის სუნს გამოვატან ნატანჯ ფიქრებს...

14.09.2013 წელი


ქეთევან დედოფალს!


ნეტავ, რა სევდა, თუ ვალი დაგყვა,

ქცეულო ნაცრად, მშვენებავ ქალთა:

ქვეყნად სუყველა შენ გცემდა თაყვანს,

ელოდებოდი მირქმას უფალთან?!


მკერდში ფეთქავდა რწმენა, უსაზღვრო,

ეკლის გვირგვინი დედოფალს გერგო

და უსაყვარლეს ზეციურ სასძლოს,

შენივ სისხლის რად გაჩვენეს გემო?!


...შირაზში ქარმა ცად აიტაცა

შემოძარცვული სხეულის სითბოც,

სიმტკიცე შენი და რწმენის დაცვაც

მსოფლიოს გასწვდა, ქართველთ-სულს გვითბობს!..

27.01.2023 წელი



No comments:

Post a Comment