ახლა ჩემს უკრაინელ ბებიებთან დაკავშირებული ამბავი უნდა მოვყვე, სწორედ იმათზე, ერთად რომ დგანან ფოტოში, კატია, დედაჩემის დედა, ხელმარცხნივ და მისი დები: დუნია და პარასკევა. სუყველა დიდი ხნის გარდაცვლილია. 2015 წლის სექტემბერში მოულოდნელად ვნახულობ მათ სიზმარში, თბილისში არიან რესტორანში, უსხედან მაგიდას და ბორშს ითხოვენ. ძალიან აქტიურები და ხმაურიანები, ხის კოვზები უჭირავთ და მაგიდაზე აკაკუნებენ, სწრაფად მომსახურებას ითხოვენ. მე შორიდან ვუყურებ და მერიდება მათი საქციელის, არ ვიცი რა ვქნა, როგორ დავაწყნარო, რამდენჯერმე გაიმეორეს შუათანა დის სახელი - დუნია, თითქოს უნდა დამემახსოვრებინა. დგას ერთი აურზაური რესტორანში. ოფიციანტს ვთხოვე, სწრაფად მოემზადებინათ საჭმელი, მე კი მათკენ დავიძარი, რომ დავამშვიდო. სანამ მივედი, დავინახე, ბორში ჩამოურიგეს თეფშებით, მაგრამ აღარ შეუჭამიათ, ჩაეძინათ. მეც ვეღარ გამოველაპარაკე. გამეღვიძა გაოგნებულს, რაზე ვნახე-მეთქი ასეთი სიზმარი, არ მესიამოვნა, უკრაინაში, ჩვენთან, ქელეხში ამზადებდნენ-ხოლმე ბორშს, თავს ვიწყნარებდი, რომ არ შეჭამეს, კარგია-თქო. დავიწყე ეკლესიაში სიარული, კვერებს ვაგზავნიდი მათ სახელზე, განსაკუთრებით, დუნიას სახელზე. ლოცვები გავაძლიერე, რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყავი. 25 სექტემბერს "შოთაობა" იყო მესხეთში და იქ მივდიოდით მწერლების გარკვეული ნაწილი, სამარშრუტო ტაქსი იყო დაქირავებული, ვერ გადავწყვიტე, წავსულიყავი თუ არა, დილით შვიდ საათზე უნდა ვყოფილიყავი დიდუბეში, თუ მოვიფიქრებდი ბოლოს და ბოლოს. წინა ღამით გადავიფიქრე წასვლა, ძალიან ავფორიაქდი რატომღაც. იმ წელს ზღვაზე ვიყავი და ჯაჭვი, რომელზეც ჯვარი ეკიდა, ტალღებმა გამიწყვიტა, იმ საღამოს სასწრაფოდ ვიპოვე სხვა ჯვარი, დიდი, ვერცხლის, და გულზე დავიკიდე, სოფო მეუბნებოდა, ნაკურთხი არ არის, რას გიშველისო, არა, ჯვარს მაინც აქვს მეთქი ძალა, ნაკურთხია თუ უკურთხებელი. სანთლები დავანთე და ისე დავწექი დასაძინებლად. დილით, 8-ის 20 წუთზე მეუღლის შეძახილმა გამაღვიძა, - მაია, - თქვა და გონება დაკარგა, ავყვირდი, მაგრამ რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, ხმაურზე უფროსი ვაჟი შემოვარდა და გულის კუნთის მასაჟის გაკეთება დაუწყო, მეორე სასწრაფოში რეკავდა, ძლივს გააგებინა, რომ ადამიანი კვდებოდა და უნდა მოსულიყვნენ, ამასობაში ჩემი ქმარი გაშავდა და ფეხები გაჭიმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ დავნებდით, გავაგრძელეთ გულმკერდზე დაწოლა, მეორე ვაჟიც მოგვეხმარა, მე ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებდი, რომ ვნახე, არაფერი შველოდა, ენა ამოვუწიე და უეცრად კაცმა ამოისუნთქა, არაფერი ახსოვდა, თავზე რომ ვადექით, გაუკვირდა, რა მომივიდაო. როგორც იქნა, სასწრაფო მოვიდა, საკაცით უნდა ჩავიყვანოთ და მეზობლებს დაუძახეთო, როგორც ჩემი ბებიები აკაკუნებდნენ ხის კოვზებით მაგიდაზე, ისე ვუკაკუნებდი, ლამის ვუბრახუნებდი მეზობლებს კარებებზე, მომეხმარნენ, ღმერთი გაახარებთ, სასწრაფო თხუთმეტ წუთში მიფრინდა საავადმყოფოში და ჩემს ქმარს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თურმე ინფარქტი მიეღო. ასე გადავარჩინეთ მაშინ ჩემი მეუღლე სიკვდილს, ის ფაქტიურად უკვე მკვდარი იყო, ჩვენ რომ არ მიგვეღო ზომები და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ღმერთი არ დაგვხმარებოდა. ახლა ვფიქრობ, მაშინ ბებიებმა გამაფრთხილეს, მაგრამ რატომ გამომეცხადნენ უკრაინელი ნათესავები, როგორც ანგელოზები, არ ვიცი. ძლიერია კავშირი ნათესავებს შორის და იგი სიკვდილის შემდეგაც არ წყდება, როგორც ვხვდები, არა აქვს მნიშვნელობა დროს და მანძილს, რაც სულის უკვდავებას ამტკიცებს კიდევ ერთხელ.
No comments:
Post a Comment