პლინიუს უფროსი, რომელიც რომაელი მწერალი და ბუნებისმეტყველი იყო და ჩვ. წ. აღ.-ით პირველ საუკუნეში მოღვაწეობდა, თავის წიგნში "ბუნების ისტორია" წერდა, რომ არწივი ისეთი ფრინველია, რომ მზესაც კი უსწორებს თვალს და თუ პატარა ბარტყი ამას ვერ გააკეთებს ანუ ვერ შეძლებს, ის აუცილებლად დასაღუპავად არის განწირული, რადგან დედა ყოველ მიზეზ გარეშე გადააგდებს მას ბუდიდან. არავინ იცის, ასე მოხდა თუ არა, მაგრამ ჩვენი გმირი - არწივის პატარა ბარტყი ანუ მართვე ძირს ჩამოვარდა და გაოგნებული შეაჩერდა ხეს, რომლის ძირშიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის ფრენის შემდეგ აღმოჩნდა. შეშინებულმა გაასავსავა თავისი პატარა ფრთები და ფიქრი დაიწყო, სიკვდილზე კი არა, როგორც ყველა სხვა გადმოგდებული ბარტყი იფიქრებდა, არამედ სიცოცხლეზე, რადგან ძალიან უყვარდა იგი. არწივს რომ კარგი მზერა აქვს, ყველამ ვიცით და მართვემაც, გრი დავარქვათ, იქით-აქეთ მიმოიხედა. მართალია ისეთი კარგი მზერა არ ჰქონდა, როგორც დიდ არწივს, მაგრამ მაინც არწივი იყო და როგორც ყველა არწივი, ისიც ხუთ ძირითად ფერს ხედავდა, ჩვენგან განსხვავებით, რადგან ჩვენ, ადამიანები, მხოლოდ სამ ძირითად ფერს: წითელს, ლურჯს და ყვითელს აღვიქვამთ. მაღლა აიხედა და ხეს შეაჩერდა, რომელიც უზარმაზარი მწვანე ხასხასა ფოთლებით იყო შემკული. ასეთი ფერი არასოდეს ენახა, ბუდეში ხომ მხოლოდ ცას ხედავდა, მზეს, რომელსაც თვალს ვერასოდეს უსწორებდა, მთვარეს და დედას, რომლის ფერებიც ყველაზე ძალიან მოსწონდა და თავის და-ძმებს, რომლებიც დედას ძალიან ჰგავდნენ, ცოტა უფრო ბაცი ფერისანი. ხის კენწორეზე მცოცავი მუხლუხოები და ჭიანჭველებიც კი დაინახა. მუხლუხოების შეჭმა მოუნდა, იმიტომ რომ ძალიან ჰგავდნენ დედის მოწოდებულ საჭმელს, მაგრამ აბა, იქ როგორ აფრინდებოდა, ფრენა ხომ ჯერ კიდევ არ იცოდა. დედაც არსად ჩანდა, რომ გამასპინძლებოდა. აყვირდა გრი, კი არ აჭყიპინდა, იმიტომ რომ არწივები არ ჭყიპინებენ სხვა უსუსური ბარტყებივით, იქნებ ვინმემ მიშველოსო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მშველელი არა და არ ჩანდა.მუცელიც უბჟუოდა შიმშილისაგან. შესცივდა კიდეც, დედასთან დაძინება მოუნდა, მის ბუმბულქვეშ. გაიხედ-გამოიხედა და გვერდზე რაღაცა კვერცხის ფორმის საგანი დაინახა. ჩაუნისკარტა. პატარა კი იყო, მაგრამ ნისკარტი მაინც ძლიერი ჰქონდა, აბა, ისე რა არწივი იქნებოდა. ქერქი გაიხსნა და იქიდან ზეთისხილის რბილობი გამოჩნდა. დედას მოწოდებული საჭმელი გაახსენდა, ისიც ხომ დაქუცმაცებული და დარბილებული იყო ხოლმე, ჯერ ერთი ნაჭერი გადაყლაპა, მერე - მეორე. მშიერს მოეწონა, კუჭი ამოივსო და იქვე მიიძინა. მეორე დღესაც ხის ნაყოფი მიირთვა, მესამესაც. მწიფე ნაყოფი ხშირად ცვიოდა ძირს. ასე გადიოდა დღეები, ბარტყი წამოიზარდა, ახლომახლოებში გაისეირნა კიდეც, იქვე წყალსაცავი აღმოაჩინა, თევზიც დაიჭირა და გადაყლაპა, ესიამოვნა, ეს რა კარგ ადგილზე მოვხვდიო, - გაიფიქრა. მოეწონა, თავის გადამრჩენელ ხესაც სიყვარულით გადახედა. ეს ხე პალმა რაფია იყო, მისი ნაყოფი უგემრიელესი ხილია, თავისებური არომატით და ვიტამინებით მდიდარი. ნელ-ნელა შეეჩვია გრი თავის ახალ სამყოფელს. აბა, სხვა გზა არ ჰქონდა და რა ექნა, მას ხომ სიცოცხლე ძალიან უყვარდა, თუმცა დედა, მამა და და- ძმები ენატრებოდა.
ერთ დღესაც ხის ქვეშ მჯდარს ყვირილი და კვნესა შემოესმა. "ფი, "ფი" - გაიძახოდა ვიღაცა. მიირბინა და არწივის მართვე დაინახა. ამასაც ჩემი ბედი სწევიაო, - გაიფიქრა. გაეხარდა, მეგობარი მეყოლებაო. დედასავით პალმის ნაყოფით კვებავდა, ფი დაარქვა. ცოტა ხანში უკვე ერთად დადიოდნენ წყალსაცავზე, გრი ფისთვის თევზს იჭერდა, ბაყაყებს, ჭიებიც მოსწონდათ, ახალ ცხოვრებას ეჩვეოდა ფიც. მართალია ახლომახლო არც ბატკანი იყო და არც კურდღელი, რომ დაეჭირათ და შეეჭამათ, როგორც სხვა არწივებს, მაგრამ რაც ჰქონდათ, იმითაც კმაყოფილები რჩებოდნენ. მაინც არწივები იყვნენ და ფრენა მალე ისწავლეს, პალმებს ათვალიერებდნენ, საკვები რომ არ გამოლეოდათ, მისი ტკბილი ზეთოვანი ნაყოფი ძალიან მოსწონდათ. თევზებზე ნადირობაც ისწავლეს, ხან ერთი დაეშვებოდა ტყვიასავით წყალში და ხან მეორე, მერე დასხდებოდნენ და ნადავლს გემრიელად მიირთმევდნენ. ბუდეც გაიკეთეს, მაგრამ არა პალმის ხეზე, არამედ - ბაობაბზე, რომელიც დიდი ხანი არ იყო, რაც აღმოაჩინეს. მოეწონათ უზარმაზარი ხე, დატოტილი. ამ ხეზე მათი ბუდე მტრისთვის ხომ ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა! რამდენიმე წელი გავიდა და ბუდეში ბარტყი გამოიჩეკა. ოჰ, როგორ უყვარდათ დედას და მამას თავიანთი პატარა! არც იმას სთხოვდნენ, გინდა თუ არა მზეს გაუსწორე თვალიო, იმიტომ რომ მასაც ისევე არ შეეძლო მზისთვის თვალის გასწორება, როგორც მის მშობლებს, თუმცა მზე მათსავით ძალიან უყვარდა. შეფერილობაც განსხვავებული მიეცა ბარტყს, ის თითქმის მთლიანად შავ-თეთრი იყო, თუმცა არწივი რომ იყო, მაინც ემჩნეოდა. მშობლებმა თავისი სახელები შეაერთეს და შვილს გრიფი შეარქვეს, ადამიანებმა კი, რომლებმაც ის ერთხელ სრულიად შემთხვევით მათ მიერ აშენებული პალმების პლანტაციების თავზე მფრინავი დაინახეს, პალმის გრიფი უწოდეს. ასე გაჩნდა არწივი, რომელიც ძირითადად პალმების ზეთისხილოვანი ნაყოფით და სხვა მცენარეებით იკვებება. მისი საკვების რაციონის დანაჩენი 35 პროცენტი კი წვრილი თევზი, ამფიბიები და ჭიებია, მაგრამ პატარა ზომის არ გეგონოთ პალმის გრიფები, მათი გაშლილი ფრთების ზომა მეტრანახევარს აღწევს და ისინი ძირითადად აფრიკაში ცხოვრობენ.
No comments:
Post a Comment