Friday, June 14, 2024

წიგნის ,,ორომტრიალას" შესახებ

 

„ორომტრიალა“ არის მოთხრობა, ზღაპრის ელემენტებით, ვიტყოდი ნახევრადზღაპარი. შედგება ხუთი თავისაგან. ნაწარმოების მთავარი გმირი პატარა ბიჭი, სახელად კახა, მეტყევეს შვილია, უყვარს ბუნება, ჰყავს მეგობრები: ძაღლი და კატა, ალბათ, როგორც ყველა სოფელში მცხოვრებ ბავშვს. სამსახურში წასული დედა შვილს უბარებს, მარტო რომ არ იგრძნოს თავი, ირმებს ესაუბროს ხოლმე, რომლებიც მის საწოლთან კედელზე ჩამოფარებულ ფარდაგზე ხატია. ბიჭუნაც ასე იქცევა, როცა ეძინება, ზღაპრულ სამყაროში ხვდება, იქ ტყეში, სადაც ირმები ცხოვრობენ. ირმებმა შვილები დაკარგეს. სწორედ შვილების მოძებნაში ეხმარება ბიჭუნა თავის ახალ მეგობრებს. მოხვდება სოფელ ორომტრიალაში, რომელიც თითქმის დაცლილია და ერთ ბებოს შეუფარებია ის ორი ნუკრი, რომლებიც მიწისძვრის შედეგად აღმოჩნდნენ ამ სოფელში. ამ სოფელსაც ორომტრიალა იმიტომ ჰქვია, რომ პერიოდულად მიწა იძვრება ხოლმე, დადიან გზები, მდინარე, წყარო. ამიტომ სოფელშიც არავინ ჩერდება. დილით კახა მამას უყვება ირმების გასაჭირის შესახებ, რომელიც სიზმარში ნახა და მამა, კახა, ძაღლი და კატა მიდიან სოფელ ორომტრიალას სანახავად. პოულობენ კიდეც უცნაური ხის დახმარებით. ორი ნუკრი ირმებთან მიჰყავთ, მაგრამ მამა გადაწყვეტს სოფელში დარჩენილ მოხუცებს მიეხმაროს. თანასოფლელებთან ერთად გაჰყავს გზა სოფლისკენ. ნელ-ნელა სოფელში მოსახლეობა ბრუნდება. ორომტრიალადან ტყეში აღმოჩენილ ხესაც სოფელში დააბრუნებენ, რომელზეც ასევე უცნაური ჩიტები სხდებიან, უმღერიან სიკეთეს. ღმერთი შეისმენს ადამიანების თხოვნას, სოფელში შეწყდება ორომტრიალი, თუმცა სოფელს სახელი მაინც დარჩება, რომ ფრთხილად იყვნენ ადამიანები ბოროტებასთან, რომელსაც არასდროს სძინავს. ნაწარმოები ასწავლის პატარებს ბუნების სიყვარულს, მეგობრობას, ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების აუცილებლობას, რომელსაც პატარა კახასთან ერთად მოგზაურობისას შეითვისებენ.
  წიგნში შესულია მეორე მოთხრობა: ,,მოცეკვავე დედამიწა“, პატარა ბელას მოსწონს მის ხელებზე მოცეკვავე მზის სხივები, რომელთაც დილით ფანჯრიდან შემოაღწიეს. მზის სხივები გოგონას სამზარეულოშიც წაჰყვნენ და იქ აცეკვდნენ, ბებიასაც მოეწონა მოცეკვავე მზის სხივები და აცეკვდა შვილიშვილთან ერთად, ცეკვის ფერხულში ჩაება ძაღლიც, გარეთ ყვავილები, ხეები, აცეკვდა მთელი დედამიწა. ამ მოთხრობის მთავარი აზრია, სიხალისე სუფევდეს დედამიწაზე, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს. ის ხომ ჩვენი სახლია. ცეკვავს პატარა, მასთან ერთად უფროსი, ყველაფერი გარშემო. ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ ის ბუნების ნაწილია, ის თუ ბედნიერია, ბედნიერია ყველა და ყველაფერი გარშემო, თვით ჩვენი მშობელი და დამბადებელი დედამიწაც.

 

 

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment