Saturday, June 1, 2024

ვფიქრობ და მიხარია! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ვფიქრობ და მიხარია!

,, არაგვის ხეობაზედა ,
ერთი ყვაილი ყვავისო ,
იმას ხელ არავინ ახლოს ,
თავის პატრონი ჰყავისო !"
(ფშაური სატრფიალო .)
ვფიქრობ და ... მიხარია !
არც კი ვიცი საიდან დავიწყო ...
ისაც არ ვიცი , ფიქრი საიდან იწყება , ~ არსაიდან , ან ყველაფრიდან !
მეეჭვება , ეს ვინმემ იცოდეს , ბრძენმაც კი , იმიტომ , რომ რამდენი ადამიანიც არსებობს , ფიქრიც იმდენია . ამიტომაც , ყველა თავისთვის და თავისას ფიქრობს .
ბევრს ფიქრი გულს სტკენს , ჰზარავს , აშინებს , ზოგი გაურბის , ზოგს ჰკლავს კიდეც !
მე კი , ვფიქრობ და ... მიხარია .
მე შენზე ვფიქრობ !
რა მიხარია ? ალბათ ის , რომ შენ არსებობ .
რატომ მიხარია ? ~ არ ვიცი .
მიხარია და იმიტომ ...
ან ფიქრს რას გაუგებ კაცი . არც მოსვლას გეკითხება და არც წასვლას .
ისაც არ ვიცი , მაქვს კი უფლება , რომ შენზე ვიფიქრო , ჩემს ფიქრში მაინც დაგითავისო ?
ადამიანი ბუნებით ეგოისტი და მესაკუთრეა . ყველფერი , რაც კარგი და მშვენიერია , თავისთვის უნდა .
მეც ადამიანი ვარ . რა თქმა უნდა ეგოისტიც . იმიტომ , რომ მარტო ჩემთვის მინდიხარ , არავისთვის არც მემეტები და არც მეთმობი .
ისეთი განცდა მაქვს , თითქოს სამოთხეში
ვართ და შენ ევასავით ერთადერთი ხარ , რომ სხვა არჩევანი არ გამაჩნია ;
დაე , ასე იყოს . მე მიხარია , რომ შენზე ვფიქრობ და ეს ფიქრიც მიხარია ...
მიხარია , რომ შენ არსებობ !
ვისაც ფიქრი უყვარს , მას არ შეიძლება , რომ ცაც არ უყვარდეს .
ამიტომ , მე ცაც მიყვარს ;
უსაზღვრო , უნაპირო , ფიქრების და ოცნებების უკიდეგანო საძოვარი .
განსაკუთრებით ღამის ცა მიყვარს . უფრო ნოყიერი გასადევარია ფანტაზიის , ოცნებებისა და ფიქრებისათვის .
უცხო მიწაზე დიდი ხნით ცხოვრებისას ერთი რამე აღმოვაჩინე : ჩვენს ცაში , ბევრად მეტი ვარსკვლავია , ვიდრე სხვაგან !
ბავშვობიდან მიყვარდა ვარსკვლავიანი ცის ყურება ...
ზაფხულშიც ძალიან ლამაზია , მაგრამ ზამთარში მტვერი ნაკლებია , ჰაერი უფრო გამჭვირვალეა და ცაც მეტად კაშკაშაა .
ირგვლივ ყინავდა , ვარსკვლავებიც სიცივეს ასხივებდნენ . მე კი შევყურებდი ამ ცივ უსასრულობას , რომლის ძირშიც ვარსკვლავები , თითქოს ციცინათელებად დაფრინავდნენ და ვნატრობდი , ვოცნებობდი , ვირჩევდი , ვფიქრობდი და ... მიხაროდა !
არა , მთელი ცა კი არა , ერთი ვარსკვლავი მინდოდა , ჩემი წილხვედრი , კაშკაშა , თუნდაც ცივი , რომ იმას გავენათებინე , მე კი გამეთბო !
~ სიგიჟეა არა ?
~ რა თქმა უნდა ?
~ მაშ სიჭკვიანე რაღაა?
როცა არა ჰფიქრობ , არა ოცნებობ , არ ეძებ , ბროლის კოშკებს არ აშენებ , იმედს არც იგონებ და არც ებღაუჭები , თუნდაც იმ უკიდეგანო , ვარსკვლავებით მოჭედილი ცაში , შენს წილ ბედის ვარსკვლავს არ ეძებ ?
აბა , რაღა უნდა გიხაროდეს , რისი მოლოდინი უნდა გქონდეს ?
ვის რაში არგია ეგეთი სიჭკვიანე , თუ თავი ბედნიერად არ იგრძენი ?
მე ვთვლი , რომ ადამიანი , ყველაზე ბედნიერი , ფიქრში და ოცნებაშია .
ხოლო როცა თავს ბედნიერად გრძნობ , ~
გიხარია კიდევაც .
ჰო , და მეც ვფიქრობ და ... მიხარია !
მე შენზე ვფიქრობ და ეს ფიქრი მიხარია !
მიხარია , რომ შენ არსებობ !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
20 . 01. 2012 წელი

No comments:

Post a Comment