Monday, January 13, 2025

ტყაპუნა წვიმა (საბავშვო ზღაპარი)

ტყაპუნა წვიმა
დილით ვანიკომ ისაუზმა, მერე ბებიამ ეზოში გაისტუმრა, წადი შინაურ ცხოველებს გაეთამაშე, მზეს შეხედე, მიესალმე, ისიც მოგესალმება, სხივებს გადმოგაყრის, იმათაც გაეთამაშე, ნიავსაც, ფოთლებშორის რომ დასეირნობს, ყური დაუგდე, იქნებ, რას გეუბნება, შენ ხომ არ იციო. ბიჭუნამ კანფეტებით გამოიტენა ჯიბეები და გარეთ გამოვიდა. გახსნიდა კანფეტს, ქაღალდს ეზოში დააგდებდა, შიგთავსს კი სიამოვნებით აკნატუნებდა. პირში შესცქეროდნენ ფისუნია - მაცაცო და ძაღლი - გვიდო, აინტერესებდათ, ასე გემრიელად რას მიირთმევს ჩვენი მეგობარიო. ვანიკომ ყურადღება არავის მიაქცია, არც მზეს მიესალმა, არც ცხოველებს, ტოტი ჩამოტეხა იქვე მდგარი კაკლის ხიდან, ფოთლები გააცალა, წკეპლად აქცია. კანფეტების ჭამასაც მორჩა, ახლა გართობა მოუნდა, დაიწყო სირბილი წკეპლით ხელში, ხან მამალს გამოეკიდა და გადაჰკრა, ხან - ქათამს, ერთი-ორი გვიდოსაც მოხვდა და მაცაცოსაც.ცოტა ეტკინათ, მაგრამ უფრო მეტად ეწყინათ ბიჭის ასეთი საქციელი და გულში ხან ,,ვაის" გაიძახოდნენ, ხან ,,ვუის'. ამ დროს ნაწყენი მზე, ვანიკო არ მომესალმაო, ღრუბლებს მიეფარა, ცაზე ღრუბლები გაბატონდნენ. ერთი პატარა ღრუბელი სწორედ ვანიკოს ეზოსკენ დაეშვა და ამ დროს, თითქოს სახეში გაულაწუნესო, - ვაი, - მოესმა. გადაიქნია წკეპლა ვანიკომ, მოარტყა იქვე მდგარ თხას, ახლა - ვუი, - გაიგონა ღრუბელმა. იქნევს წკეპლას ვანიკო, ღრუბელს კი თითქოს კენჭებს ესვრიან ყველა მხრიდან, - ,,ვაი -ვუი",- ესმის. შეისრუტა პატარა ღრუბელმა მთელი უარყოფითი ემოცია, სხვისი ტკივილი, წყენა და გაშავებული წვიმად დაეშვა დედამიწისკენ. ,,ტყაპ-ტყუპ", თავზე დაეცა წვიმის წვეთები ვანიკოს, არ ელოდა, ცოტა ეტკინა კიდევაც, გაკვირვებულმა ზევით აიხედა, ცოტა ნაწყენმა შეხედა ღრუბელს, რატომ გაწვიმდიო, მაგრამ ღრუბელი არ ჩერდებოდა და ისევ გამალებით უშვებდა ზევიდან წვეთებს, ,,ტყაპ-ტყუპ", ისმოდა, წვეთების ხმა მთელ ეზოში. ყველა შემალულიყო თავშესაფარში, ძროხები - ბოსელში, თხები - ფარეხში, ძაღლი - თავის სახლში, ფისოსაც მოენახა თავშესაფარი სახლის აივანზე.
აგერ ბებიამ გამოსძახა ვანიკოს, შემოდი სახლში, რას სველდებიო. ატირებული ვანიკო სახლში შევარდა და ბებიას შესჩივლა, წვიმამ მცემაო. - აბა, შენ რომ წკეპლას უბარტყუნებდი ყველას, კარგი იყოო, - ჰკითხა ბებიამ, - იმათაც ხომ სტკიოდათ?!
მას მერე ვანიკოს ასეთი რამ აღარ მოუმოქმედებია. არც კანფეტის ქაღალდებს ყრის ეზოში, ნაგვის ურნაში მოათავსებს ხოლმე, აღარც წკეპლას ურტყამს ძაღლს და კატას, თხას და მამალს, ყველა ეცოდება, ეტკინებათო. მზეც უცინის მოყვარულ ბიჭს, სხივებს უგზავნის, სითბოს.
თქვენც დაფიქრდით, ტყაპუნა წვიმას იქნებ თქვენც დაუსველებიხართ, იქნებ თქვენც მოგხვედრიათ მძიმე წვეთი და ცოტა გტკენიათ კიდეც. იქნებ თქვენც ვინმეს ატკინეთ ან აწყენინეთ, შეიძლება ძალაუნებურად, გაიხსენეთ და ბოდიში მოიხადეთ, არ დაგავიწყდეთ, ტყაპუნა წვიმაც რომ არსებობს.
მაია დიაკონიძე
11.01. 2025 წელი
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: წყლის სივრცე და ტექსტი
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, Sofio Chelidze და 13 სხვა პიროვნება



No comments:

Post a Comment