Sunday, January 26, 2025

რჩეული ლექსები

 

ზმანება
(ხალხურ მოტივებზე)
მთებს შემოუცვამთ ნაბდები,
თავს ადგათ თოვლის ვარაყი...
ერთმანეთს გადასძახიან:
,,გადმო, დავლიოთ არაყი;
გავთბეთ, სისხლი რომ აჩქროლდეს,
მედგრად დავუხვდეთ ყინვასა,
პირზე ღიმილით ვუსმინოთ
მაგის კვნესას და გმინვასა!"
ქარს მოაქვს ღიღინ-ღიღინით,
არყით პირსავსე ხელადა,
მთათ მაიმარჯვეს ყანწები
სასმელის შესასმელადა.
,,ალავერდს" არის ყველასთან
მთების თამადა, – მყინვარი,
გოჩასა ჰგავის, ხევისბერს, –
მარადჟამს გაუცინარი.
ალალად ლოცავს მთა-გორებს,
ბარში, – გაფენილ ხავერდებს
და საქართველოს მომავალს,
სამყაროს შემქმნელს ავედრებს!
მაია დიაკონიძე
27. 10. 2023 წელი

დედაჩემს!
აბლაბუდები ეყარა ნისლის
და ღამეს უფრო მთვარიანს ხდიდა,
რა აწუხებდა მცხუნვარე ივლისს,
საბანს პატარა ბავშვივით მხდიდა.
ბაბუაწვერა ბალიშად მერგო,
თეთრი გვირილა მეყარა ტანზე,
მწვანე ბალახი ქვეშაგად მეგო,
თვალები ჩემი ეკერა ცაზე.
ვხედავდი კოსმოსს, ვხედავდი დედას,
თავსასთუმალთან თეთრკაბა მეჯდა
და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად.
მაია დიაკონიძე
30.06.2024 წელი

სურათის აღწერა
სადღაც ღრუბელი ატირდა,
ჩამოემხო და გაქრა,
მზემ გამოიხმო ახლიდან,
შემოამატა ამქარს.
ცა დაიფარა ღრუბლებით,
ჰგავდნენ ხუჭუჭა კრავებს,
თითქოს უფალი ზეცაში
ფარას უღებდა კარებს...
მოაგელვებდა ღრუბლებზე
თეთრონს—- მმუსვრელი ავთა,
უფლისგან ჩვენთან მოგზავნილ
წმინდა გიორგის ჰგავდა!!!...
მაია დიაკონიძე
8.07.2024 წელი

გაზაფხული მთაში

(მთის კილოზე)
რომ გაუთბება მთას გული,
მეც გადმოვდგები ბანზედა...
ვიცი, რომ ეს გაზაფხული
მთებსაც ჩააცმევს ტანზედა;
გაუხსნის შეჭმუხნულ შუბლებს,
ქუხილის ზარებს დარეკავს,
ქარებს მოუხმობს და ღრუბლებს
მთების გადაღმა გარეკავს.
ხევში ზვავები დნებიან,
იღვიძებს ჭიამაია,
პირმზითში იჭყიტებიან
მორცხვად ენძელა და ია.
გვირილა~ყაყაჩოებით
მორთავს ტყისპირა მდელოებს...
ჩვენც, გაზაფხულის საკადრისს,
ბევრს ვიტყვით სადღეგრძელოებს!
მაია დიაკონიძე
17. 04. 2024 წელი

როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას!
როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას
და მოშხამული სითხით ივსები,
ძილს თუ მიეცი თავი საღათას,
რა გაგიკვირდეს გულში ისრები.
თუ კი გააქრე შენში მაჯნუნი,
შენი ლეილი ვერ დამინახე,
ნიშნობის შემხსენ მე სამაჯური,
შენი ვით გავხდე მე მეინახე.
თუ კი შენც გძლიეს, როგორც კართაგენს,
დროის დინების დიდ ომს დანებდი,
მაშ, სიყვარულის რად თხზავ არაკებს,
ანდა იმედებს რაღად მაძლვდი?!
სიოს რომ მოაქვს ნაზი ჩურჩული,
იქნება შენი ტკბილი ხმა არის,
ისევ გიხილო ჩემი მაჯნუნი,
კვლავ გავიგონო დილის საარი..
მაია დიაკონიძე
5.09.2023 წელი

მინდა გიყვარდე!
მინდა გიყვარდე,
ჩემკენ ჰქროდეს
შენი ფიქრები,
ვატრიალებდეთ
ორივ ერთად
ცხოვრების ჯარას;
ბედნიერება
ზედ გვათოვდეს,
როგორც ფიფქები,
,,უფალი ჩვენთან!"
ან უკეთესს ვინატრებთ
ს ხ ვ ა რ ა ს?!
მაია დიაკონიძე
17.01.2023წელი

სიზმარში ვნახე!

სიზმარში ვნახე, მინდორზე
ჩვენ მივდიოდით ერთად,
შენ გეცვა ლურჯი პერანგი,
მეც ლურჯი კაბა მეცვა,
ქარმა წამიღო ცისაკენ ,
შენ დაბლა დარჩი ველზე...
ავგაროზივით გამომყვა,
შენი ნაკოცნი ყელზე.
მაია დიაკონიძე
20.07.2021 წელი

სიყვარულისა არა ვთქვი!

(ხალხურ მოტივებზე)

სიყვარულისა არა ვთქვი,
თქმა კი ძალიან მინდოდა,
თეთრი და შავი არაგვი
ჩემს კართან ჩამოდიოდა.
ხან ერთი ამომძახებდა,
ხან კი მეორე ყიოდა,
თოვლმა სავალი ჩახერგა,
ფრთები რაღაში მინდოდა.
ვერა ვრჩებოდი ფორიაქს,
ზეცა ზევიდან კვირობდა,
მთას მივადექი გოლიათს,
მის ჩრდილში ძალზე ციოდა.
ხელ-ფეხი როცა შემეკრა,
ფიფქი ზედ დამაცვიოდა,
თავზე სიკვდილის მზე მედგა,
სიცოცხლე აღარ მშიოდა.
გავხედე თოვლის ფარდიდან,
მხედარი მოიჩქაროდა,
თავზე დამადგა მაშველად,
უფლის წვეული გამოდგა....
ჭიქით არაყი შემასვა,
ჩავთვალე უფლის წყალობად,
შევსვი, ნაჟური ყოფილა
უკვდავებისა წყაროდან!!!!
წამოვდექ, გავლა შევიძელ,
სტუმარი მომყვა ბინაში,
ჩემი ნახადი არყით ვთქვით
მადლობა უფლის წინაშე!!!!....
მაია დიაკონიძე
28.01.2025 წელი

წერილი დედას
"განჯინიდან შენს საყვარელ ჭურჭელს ვაწყობ,
დანა-ჩანგალს დაჰკარგვია უკვე პეწი,
- ეს ჭურჭელი უხმარია, რისთვის გინდა?!
კარადაშიც დასდებია ბევრი მტვერი,
გაყიდე და მაგის ნაცვლად სხვა იყიდე,
არ იქნება, ალბათ, უარზე დედაშენი,
თუმცა გული კი დაწყდება, რომ გაიგებს,
- მეუბნება მეზობელი, "тетя" შერი.
როგორც ვატყობ, დიდი ხანი არის უკვე,
დამერწმუნე, თვალი ადგას ამ ჩვენს ჭურჭელს.
- რემონტი რომ გააკეთო შენი ბინის,
აღარ გიღირს?! - არ მამადლის შერი ღიმილს,
- კობალტია, ნაღდი, ლურჯი, ფაიფურის,
დედაშენმა სად იშოვა, იმ დროს, მიკვირს!
დეფიციტში იყო უწინ, შეგინახავთ ასე სრული,
კლიენტს ვნახავ, ვინმე მდიდარს, არ დამრჩებით უმადური,
- აპარპალებს თვალებს შერი, მეც ვუყურებ თვალისშტერვით.
იყიდება ყველაფერი, რაც აღმოჩნდა ჩვენთვის ბევრი,
ბევრი არის ყველაფერი, აღარ დამრჩა ერთი ნერვი,
რემონტი კი არა, ვატყობ, რომ ვიყიდო პური, მაწყობს.
დედა, შენი შენაძენი გაიყიდა ძალზე ბევრი,
დრო არის თუ შერის ნიჭი, ყველა სარფიანად მიდის.
ალბათ, ზამთარს გადავიტანთ, ხომ მექნება გაზის ფული?!
ახლა სულს რომ წამოვითქვამთ, გამომიწევს შენკენ გული,
გესტუმრებით მე და ბიჭი, მაგრამ გზის ფულიც რომ მიჭირს?!
იქნებ შერიმ გამიყიდოს ძველი ფერწერული ტილო,
ჩვენი ბებოს სახსოვარი, სხვა საშველი აღარ არის,
მაგრამ მერე რაღას ვიზამ? მივაღწიო მინდა მიზანს, -
ჯანმრთელი რომ მყავდეს ბიჭი, წინ წავიდეს თავის ნიჭით,
არ მინდა, რომ ჩვენი ბედი მასაც შეხვდეს, მირტყი კეტი.
დაგამწუხრე დედა, ვიცი, ვერ დავიწყებ კუდის ქიცინს,
მაგრამ რაც მჭირს, ძალზე დიდი, - უშენობის დეფიციტი,
გეხუტები, შენი შვილი, ახლა ბავშვი წერას მიშლის,
ნახვა უნდა პარკში ციცრის, დედი, წავალ, ბავშვი მიცდის."
მაია დიაკონიძე
4.02.2018 წელი

აღარ მენახოს!


წყალი შემასვი რა ჭიდან?

წყალი იყო თუ მაჭარი,

დადუღდა, სისხლი გამივსო

წითელი შინდის დგას ჯარი.

დოქის ტუჩს ტუჩი მივადე,

მუჯერეთული, ხვანჭკარა,

შევსვი და ღმერთი ვადიდე,

მზე, ლამაზი და თაკარა.

რამ მოგიყვანა ვენახო, 

თვალში სიცოცხლედ მევსები,

აღარ მენახოს რაჭაო,

მე შენი დანაკვნესები.


მგელს!
ვერ გაგხადეს შენ დარაჯი ეზოს,
უწვრთნელია, ვიცი, შენი ჯიში,
მგელი იყო, ძაღლზე უთქვამთ, ერთ დროს,
არა მჯერა, თუნდაც დამცენ მჯიღი.
საყელური დაიმშვენა ძაღლმა,
კუდის ქიცინს არ ეშვება ახლაც,
ოღონდ იყოს თბილადა და მაძღრად,
იხტუნავებს ცირკში მაღლა-მაღლა.
შენ კი მგელო, არ მიიღებ ლუკმას,
არამს, კუთვნილს ღატაკის და ობლის,
რა ვუთხარი დროს, უჟმურს და უკმარს,
ფეხაკრეფით ქვეყნად მიდი-მოდის.
შეგამჩნიეს, თავს აფარებ არტანს,
ადამიანს, როგორც ეშმაკს უფრთხი,
არ დანებდე, ჩემს იმედებს გატან,
თორემ კაცთა გაგიმზადეს ყულფი.
მაია დიაკონიძე
26.02.2024 წელი


No comments:

Post a Comment