Wednesday, January 29, 2025

სამშობლოს! (პატრიოტული)

სამშობლოს!
გამათრახებულს გიყურებ მიწავ,
წყლულ-იარები აღარ გირჩება,
ცით მოვლენილებს გენად და ნიჭად,
ნუთუ მოგველის გადავიწყება?!.
აგვიკიდია ვირის საპალნე
და შევდგომივართ ზეცისკენ აღმართს,
ზოგი მოგვძახის, ,,ღმერთი დამალეს,
ტყუილუბრალოდ ადგახართ მაგ გზას!"
მაგრამ ვით ვპოვოთ ჩვენ სხვა სავანე,
სადაც რძე გასდის ჯეჯილს და ბალახს,
რატომ გვიწესებს ვიღაც სამანებს,
ვიღაც კი ღვარძლით მიწასა კვალავს.
,,სისხლი სისხლის წილ, თვალი თვალის წილ",
ჭეშმარიტება თუ კი ეს არის,
ჩემს სამშობლოზე სილის გაწვნისთვის,
დაე, სამყარომ ზღოს თავის ვალი.
მაია დიაკონიძე
26.05.2024წელი

No comments:

Post a Comment