Saturday, January 4, 2025

ისევ სახუმარო ისტორიებიდან

  ისევ სახუმარო:

ერთი ნაცნობი მყავს, სამხატვრო აკადემია ახალი დამთავრებული ჰქონდა და ვიღაცამ ასწავლა, უფრო კარგად რომ დახატო ადამიანები, მუშაობის პროცესში უნდა ნახო, აი, როგორც ვან გოგი ჩადიოდა მაღაროებში და იქაურ მაღაროელებს ხატავდაო. დიდხანს არჩია ამ ახალგაზრდამ პროფესიული ჯგუფები და ყურადღება მეხანძრეებზე შეაჩერა. მეხანძრეებმა თავიდან ათვალწუნებით შეხედეს, ამან გადაწყვიტა რაღაცით მოეთაფლა ისინი. ადგება დილით, იყიდის არაყს, ,,პოლიტრას", ასე ვეძახოდით მაშინ, მეოცე საუკუნის 80-იანი წლებია. მიადგება... საღამოს ნასვამი მეხანძრეების მანქანას მოჰყავს ჩართული სირენებით. გადაირია იქაური მაცხოვრებლები, რამდენი სირენების ხმას გაიგონებენ, გული უსკდებათ. ხან ასე უთხრეს, ხან ისე, წესიერად მოიქეციო, არაფერი გადის. მაშინ იმდროინდელ მილიციას მიმართეს, ერთი ლოთი მხატვარი ცხოვრობს ჩვენს კორპუსში, გაფრთხილება მიეცით, თორემ დაგვტანჯაო.
ამავე კორპუსში ბინა ჰქონდა ნაქირავები მეორე მხატვარს.
ერთ საღამოსაც მოვიდა ისევ ეს ჩვენი მხატვარი მთვრალი მეხანძრეების და სირენების თანხლებით, მაშინვე დარეკეს მეზობლებმა მილიციაში, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე აიყვანონ, მაგრამ მილიციელებს ცოტა შეაგვიანდათ, მთავარმა მოქმედმა პირმა მოასწრო ბინაში შესვლა და ხელში მეორე მხატვარი შერჩათ, რომელიც სამსახურიდან მოდიოდა. ესეც ახალგაზრდა. ჰკითხეს, ვინ ხარო, მხატვარიო. ეცნენ, გააკავეს და მიაბრძანეს მილიციის განყოფილებაში. რა თქმა უნდა, გაარკვიეს, რომ ის არ იყო, ვინც უნდოდათ და გაუშვეს. გახმაურდა ეს ამბავი. იმ ჩემი ნაცნობის ყურამდეც მიაღწია. მას მერე მშვიდად და წყნარად იქცეოდა, ემანდ, მილიციის ხახაში არ ამოვყო თავიო.

No comments:

Post a Comment