* * *
მოწყენილია უშენობით ჩემი ოთახი
და ყოველღამე ეშინია სიზმარს თენების,
შემოირბინე სიყვარულო, თუნდაც ცოტა ხნით,
თორემ ხელებში მიკვდებიან ქრიზანთემები...
.
გახსოვს? -
სარკმელთან ატუზული მთვარის პროფილი,
დილით, რომ სადღაც დაემალა ღამის ნათებას,
სიყვარული კი, უფალივით უარყოფილი,
ლექსებს შემორჩა ვით ამაო თავის მართლება.
.
ქარიც ხომ გახსოვს,
აშარი და სასომხდილი
(შენს მოსახიბლად რა არ სცადა, რა არ იღონა)...
ახლა ისე ვარ, ვით ედემში სიკვდილმისჯილი,
რომელმაც ევას სიყვარული გამოიგონა...
....
მოწყენილია სიმარტოვით ჩემი ოთახი,
მაგრამ არ მინდა, უშენობამ გამატიალოს...
შემოირბინე სიყვარულო, თუნდაც ცოტა ხნით
და დედამიწა ჩვენს გარშემო დავატრიალოთ...
დავით ახლოური
No comments:
Post a Comment