Wednesday, June 30, 2021

ისევ სიყვარულზე (სატრფიალო)

 შენ, ქარიშხალო, დაივანე თურმე ჩემს სულში,

ომგადახდილი მეომრების ჩამიდგი ჟინი,

ვერ წავუვედი მე ვერსაით ამ წვას და ვნებას,

მეგონა უკვე დამთავრდაო, ის კი არ მიდის.

ამომეტვიფრა უკვე გულში ნაპრალ-ღარები,

უამათოდაც იყო გული განაწანმები,

ნუთუ არ წახვალ, სიყვარულის დარდო და სევდავ,

თუ არ დაყვები ჩემს სურვილს და უფლისა ნებას,

ამოვიგლიჯავ ამ წყეულ გულს, უგულოდ ვივლი...



ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 არ ვიცი, ასე შენი თავი რამ შემაყვარა, 

რატომ მეტრფი და მომიხმობ ასე შორიდან,

თუ არც კი გიცნობ, სიტყვას, ვცანი, დიდი ძალა აქვს,

ვერაფერს იზამ, სიყვარული თუკი მოვიდა.



ერთსტროფიანი (სატრფიალო)

როგორ მიყვარხარ, არ ვიცი, შემომფრთიანებ თვალებით,
გული თითქოსდა წაიღე, წაიღე და სხვა მამეცი,
შენს სახლს და ეზოს გავცქერი, მოქცეული მაქვს თვალები, 
ბიჭო, თუ სიკვდილს მიმზადებ, მაშ საწამლავიც მამეცი.

Tuesday, June 29, 2021

ნეტავ, იცოდნენ (ერთსტროფიანი)

 ნეტავ, იცოდნენ, 

რა სევდა მაქვს სულსა და გულში,

მესმის კივილი ხიდიდან მუნკის,

თუ კი ცხოვრებას არ ახლავს შუქი,

თავს რომ იკლავენ, რაღაზე უკვირთ?!



არ ვიცი, რაა სიყვარულის ესე ნექტარი (სატრფიალო)

 არ ვიცი, რაა სიყვარულის ესე ნექტარი,

ერთხელ შესვამ და სიხარულით იმას შეჰხარი,

ვინაც აღგავა ბნელი შენი არეალიდან,

ვინც მოიისფერო ნათურები შენთვის დაკიდა.

რომ გაგინათოს ხმელეთი და მიაშთოს ბნელი,

გახდეს ამქვეყნად შენი გურუ და შენი მხსნელი, 

შენც იმას მისცე შენი სულის სამყარო ვრცელი,

ვისაც ეძახი, ვისაც ეტრფი და ვისაც ელი..


პოეზია (ერთსტროფიანი)

 როგორც ვხედავ, პოეზია დღეს სიტყვების რახუნია,

არა აზრი, არა ფიქრი, მერანმა გზას აუქცია,

აღარც ლურჯ ზეცაში ფრენა, აღარც გმირი წარსულია,

მოუწყვიათ ბალაგანი, მუზას თვალი დაუვსია.

ავტობიოგრაფია (მაია დიაკონიძე)

                                                                             ავტობიოგრაფია

 

      მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს მრავალშვილიან ოჯახში. მამა მეცნიერ-მუშაკი, რამდენიმე წიგნის ავტორი შრომის ეკონომიკაში, კითხულობდა ლექციებს თსუ- ში, დედა- უკრაინელი, განათლებით ეკონომისტი. 1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე 1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც კანდიდ ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა, ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში". 2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. ამასთან კერძოდ ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას - რეპეტიტორობას წლების მანძილზე. ამჟამად ვთანამშრომლობ საბავშვო-ლიტერატურულ ჟურნალ "დილასთან", სადაც იბეჭდება ჩემი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები.

       ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. 2012 წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა "მწერლის გაზეთში" (2012წელი, N 6), შემდგომ გაზეთებში "ქართული სიტყვა",  "ლიტერატურული მესხეთი", ჟურნალი "ოლე". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს "ემიგრანტის წერილის" ფინალისტი ესსეებში, , ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის" ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ კონკურსში "ბუკნაჭო" ზღაპრისთვის "ფანქრის მთლელი". ამავე წელს კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ ლიტერატურული კონკურსის "წმინდა ნინოს" 2017 და 2018 წლების ერთ-ერთი ნომინანტი. 2018 წელს გავხდი კონკურს "ივერია" ერთ-ერთი ნომინანტი : წლის საუკეთესო ნოვეელა". ჩემი ლექსები, მოთხრობები და ესეები შეტანილია სხვადასხვა წიგნებსა და ჟურნალებში. ვარ ოთხი წიგნის ავტორი,  ერთი საბავშვო კრებულის "იოცნებეთ ყველამ" (ლექსები, მოთხრობები, გამოცანები) (2015),  მეორე ლირიკული ლექსების კრებულია "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017), მესამე წიგნი გამოიცა 2018 წელს, ზღაპრების კრებული, სათაურით "ფანქრის მთლელი", 2020 წელს გამოიცა ასევე მესამე საბავშვო წიგნი "მხიარული ანაბანა", რომელიც გაფორმებულია ჩემი ილუსტრაციებით, 2021წელს გავხდი ლიტერატურული ჟურნალის ,,ანეული" სპეციალური პრიზის მფლობელი რევაზ ინანიშვილის სახელობის ,,ერთი მოთხრობის" კონკურსში, 1922 წელს დავჯილდოვდი წმინდა ნინოს ფესტივალის მედალიონით,ასევე, , როგორც საბავშვო ავტორმა, მივიღე შიო ღვიმელის სახელობის პრემია ნაყოფიერი საქმიანობისა და საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვარ ოცზე მეტი ლექთა კრებული თანაავტორი; ,,მესხეთი ქართულ პოეზიაში", ,,ემიგრანტის დღიური", წმინდა ნინოს ფესტივალის კრებულები, ,,მინიატურული პოეზია" (სამი ტომი_, ,,მინიატურული პროზა",(ორი ტომი), ,,რომ არ მიყვარდე" (ორი ტომი), ქართული პოეზიის ანთოლოგია და ა. შ. ჩემს ლექსებზე დაწერილია ორასზე მეტი სიმღერა, ერთი გადის რადიო ,,არ დაიდარდო"ში, ავტ, ირმა კვაშილავა

       როგორც მხატვარმა მივიღე მონაწილეობა სამხატვრო გამოფენაში, რომელიც  გაიმართა 2017 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც ასევე . მონაწილეობა მიიღეს ჩემი ოჯახის წევრებმა, ასევე ვმონაწილეობდი რამოდენიმე ჯგუფურ  გამოფენაში მხატვართა კავშირსა და მხატვართა ლიგაში (2020 , 2021, 2022წ.წ.), რამდენიმე ნახატი შეტანილია საგამოფენო კატალოგებში.

ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 2016 წლიდან.

 

                                 

ნუთუ არასდროს (სიყვარულზე)

როგორც ვარდის ბუჩქს ეთრთვილება ნაზად ფოთლები,

მეც ისე ნაზად დავითრთვილე, გეძახი, მოდი,

გადამეღალა გული ტანჯვით, ტყუილი ლოდინით, 

ისევ გეძახი, ისევ გიხმობ, ძვირფასო, მოდი.

სულში ამოდის მარადმწვანე კვიპაროსები, 

დგანან, მიცქერენ სევდითა და თავდავიწყებით,

თითქოს მეჭამოს თაფლი წაბლის ანდა იელის,

ვეღარ ვუყურებ ამ ცხოვრებას ლაღი იმედით.

აქვე შენს სახლთან აყვავილდა ცაცხვის ყვავილი,

ყვავის და ყვავის, მე კი ისევ შენ მახსენდები,

ნუთუ არასდროს, აღარასდროს დამიბრუნდები,

და ლურჯი ზეცის კაბადონზე მზედ დაენთები.. 


 

Monday, June 28, 2021

უსახური დღეებია ჩემთვის (სატრფიალო)

უსახური დღეებია ჩემთვის,
როცა შენგან არაფერი მესმის,
მინდა შენთან მუდამ ახლოს ვიყო,
შარბათივით ტკბილი შევსვა ღვინო.
ვისაუბროთ ცოტაზე და  ბევრზე,
სიყვარულის დრო დადგება მერე,
ვნებიანად შემოგხედავ თვალში,
შევისუნთქავ შენი სუნთქვის ჰაშიშს,
სალუქია შენი ხმა და კანი,
ზღვასთანა მაქვს მგონი პაემანი,
ტალღებივით ხარ ფაფუკი, რბილი,
ხან ზვირთებად გაშმაგებით მივლი.
მიმაწვდინე ცის და მთების კიდეს,
ვხედავ, ხელსაც არაფრით არ მიშვებ,
მე კი მინდა ქვევით ჩამოვფრინდე
და ამისთვის ვერ ვპოულობ მიზეზს.

 


ერთსტროფიანი

 მზეს მე როგორ გავეტოლო, 

თუმც,ა ვიცი, ძვირად ვფასობ,

მომიპარო, სად წამიყვან?!

სად დამმალავ მზეთა ნაშუქს.



ჩაიჩხრიალებს წუთები (ერთსტროფიანი)

ჩაიჩხრიალებს წუთები, ჩაიჩხრიალებს წამები,
მე კი უფერო, რომ გხედავ, ვარდივით ვფერიანდები,
მიწამლე, სიტყვა მითხარი, თუ კი მოვრჩები ამ ერთით,
ამაყვავილე ცოტა ხნით, სანამ შემჭამდეს ჟანგეთი.

ემანდ, სულზე მომისწარი (სატრფიალო)

 ეჰ, რომ ვეღარაფრით მომაგენი,

ალბათ, მოძებნას არც ცდილობ,

ნუთუ, ეგ თვალები მატყუებდა,

აკი, გიყვარდიო, ბიჭო.

მთიდან სიო თუ ხარ მონაბერი,

ანდა უკვდავების წყალი,

სანამ ცოცხალი ვარ, გელოდები,

ემანდ, სულზე მომისწარი.




ის ცეცხლი ჩაქრა

ის ცეცხლიც ჩაქრა, ის სიხარულიც,
რომ მინათებდა მომავლის ბილიკს,
შემოვრჩენილვარ ზღაპრებს ჩვეული,
გაცვდა ნერვებიც, მეგონა რკინის,
მიყვარს და ახლა უფრო ვაფასებ 
თითოეულ დღეს და  ნამიან დილას,
თითქოს ვარ ვინმე ალი, გრძნეული,
სამყარო თეთრიც და შავიც მიყვარს.

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ჩემი ლექსის ~

,, დღეც მიყვარს , მაგრამ"
ლექს~კომენტარი :
,, თავს რად იტანჯავ ,
ან რად გინდა ღამის ტრფიალი ,
ან ხორციელი სიყვარულის
ალი რომ გწვავდეს ,
თუ მხოლოდ ბნელი აღძრავს
შენში ვნებათა ღელვას ,
გამოდის , მაშინ სიყვარული
ჯოჯოხეთს ჰგავდეს ."
ასმათი შეთეკაური .
კომენტარის პასუხად
ასმათ შეთეკაურს .
1 . თქვენი წესია , ყველა
ფერში ეძებოთ მუქი ,
ჩვენს სიტყვა~საქმეს
აკრიტიკებთ დღე~ღამ ქალები...
მერე ვინ გითხრათ , ~
ჯ ო ჯ ო ხ ე თ შ ი არ არის შ უ ქ ი ?
მარადიულად თუ ანთია
ცეცხლის ალები !
2 . მე მიყვარს , ღამის სიბნელე
რომ ს ი მ ო რ ც ხ ვ ე ს ჰფარავს
და ღ ა მ ე , შ ი შ ვ ლ ე ბ ს რომ
აფარებს მზრუნველად ჩრდილებს ...
ქალის ს ხ ე უ ლ ი ს შ უ ქ ი ც
ჰყოფნის ო ც ნ ე ბ ი ს კ ა რ ა ვ ს
და მეტი შუქი არც სჭირდებათ
ვნებიან წყვილებს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
27 . 06 . 2021 წელი .

Sunday, June 27, 2021

სატრფიალო (ერთსტროფიანი)

 ღვარად შემოხვალ ჩემში, მოედინები ლავად,

შენ ერთი მიცემ მკერდში, გულს ბაგაბუგი გააქვს,

გამაწითლებ და დამცემ, თითქოს ვიხდიდე სახადს,

ერთი გული მაქვს, კარგო, თუ მოხველ, ნუღარ წახვალ.




სატრფიალო

 ხანდახან სული სინანულის წვიმით ივსება,

გულში კი კრთება, ბჟუტავს შუქი თეთრი ლამპარის,

ნუთუ, არასდროს, აღარასდროს არ დაბრუნდება, 

სახე, რომელიც ჩემი უკვე სულ აღარ არის.

ვნებით ფეთქავენ ჩემთან ახლოს ნუშის კვირტები,

ამ გაზაფხულმა მამცნო შენი გარდაცვალება,

ვიცი, არასდროს, აღარადროს დამიბრუნდები,

ჩაწვნენ ჩემს გულში ია-ვარდნი საფირ- ლალებად.


და ვისაც დიდი სიყვარული არ უგემნია,

მას სამუდამოდ დაწვავს ცეცხლი ღჯუ გეენიას,

რადგან ბრმა იყო წუთისოფლის არეულ გზაზე.



Saturday, June 26, 2021

შენ ჯადოქარი ყოფილხარ (სატრფიალო), მინიმა

 "მიყვარხარ", უკვე გითხარი, მეტი სხვა რაღა გითხრა?!

ჩემს სულში მხოლოდ შენა ხარ, შენ შემოდიხარ ფიქრად,

შენ ჯადოქარი ყოფილხარ, მომინადირე უცებ,

ასე მგონია ვკვდებოდი და  მომისწარი სულზე,

26.06. 2021 წელი





მე კი არ მჯერა (სატრფიალო)

ერთგულებით და სიყვარულით მიცქერის მთვარე,

თან რომ დამყვება ფეხადაფეხ ცხოვრების გზაზე,

ის მათამამებს, შემომაცმევს ატლასს და ფარჩას,

მახსენებს იმ დროს, რომელიც რომ ხიდგაღმა დარჩა.

ფერგამკრთალი და ფითრიანი შორიდან მიმზერს,

რომ მესაუბროს სიყვარულზე, ვერ ხედავს მიზეზს,

ასე ჰგონია, მის შესახებ მე უკვე ვიცი,

მე კი არ მჯერა არავისი ფიცის და მტკიცის.

ერთ დროს ღალატით დაუნდობლად მომიკლეს გული,

გამხდარა ცივი, უგრძნობელი და უსახური,

გულგრილობაა, ახლა რაც მას წამლავს და კვებავს,

მაგრამ მთვარეო, შენზე ფიქრებს მაინცა ვბედავ.

 


ვიცი, გიყვარვარ (სატრფიალო-სასიმღერო)

 

ვიცი, გიყვარვარ და მოკითხვას შორიდან მითვლი,

შენს უნებურად შემასწავლე ღრუბლებში ფრენა,

მოვფრინდები და გაგიტაცებ გრიგალში, ქარში,

დაგმალავ ფრთებქვეშ, არ დაგეტყოს თვალებზე წყენა.

ქარი წაგვიყვანს მაღლა მთაში, მწვერვალზე დაგვსვამს,

იქიდან მთელი სამყარო და ღრუბლები მოჩანს,

ნისლს შემოვიხვევთ, შევერევით ნაცრისფერ ბინდებს

და შეუპოვრად დავუხვდებით ქარიშხალს მბორგავს..

მარტოდ და კენტად (სატრფიალო)

მე შენზე ფიქრმა ოცნებებში მაქცია ჩიტად,
შენი ხელიდან პურის გულის ნამცეცებს ვკენკავ,
მაშინ ვართ ერთად,  თავს აღარ ვგრძნობ მარტოდ და კენტად,
შენი ხელიდან როცა პურის ნამცეცებს ვკენკავ.
შენ ვინა ხარ, და მე ვინა ვარ, პატარა ჩიტი,
ლურჯი თვალები მოგიპყრია ჩემს ბედისწერად,
ამაო არის, ვგონებ, შენზე ოცნება, ფიქრი, 
მაინც მიყვარხარ, რომ იცოდე, ყველაზე მეტად.


Friday, June 25, 2021

პოეტობის რაობა, ესსე

 პოეტობა, ჩემი აზრით, არ არის მარტო ლექსის გარითმვა და გარიტმვა, ეს პირველ რიგში დიდი სიყვარულია ადამიანების მიმართ, იქ უნდა ჩანდეს ღრმა აზროვნების ფიქრი და კვალი, შორს მიმავალი ზრახვანი და სურვილები, გაჟღენთილი მიმტევებლობით, მოყვასის სიყვარულით, პოეზიამ უნდა აგვამაღლოს და არა დაგვთრგუნოს და მტვრად გვაქციოს. სადაც ზიზღია, შური, ბოროტება, იქ პოეზია არ არის. პოეტობა უდიდესი პასუხიმგებლობაა სხვა ადამიანების მიმართ, ის მოგვიწოდებს კარგისკენ და არა ცუდისკენ, ის ვარსკვლავებთან გვათამაშებს, მზეს და მთვარეს მხრებზე შემოგვისვამს, თუმცა ხანდახან ჯოჯოხეთსაც დაგვათვალიერებინებს, რომ არ დაგვავიწყდეს, ეშმაკიც ჩვენთან ახლოსაა.

ერთსტროფიანი

 დღეები დღეებს გაჰყვა და გაქრა,

მკერდმიდებულებს გვეძინა დიდებს,

რომ გამოვფხიზლდით, პატარა ხრამი

აღმოჩნდა ჩვენს წინ, .


ერთსტროფიანი

მიშლიან სახლში წერას,
_ სახლს მიხედეო,  ძერავ,
თორემ თითოეულ ბგერას ჩაგჩრით, 
ტიროდეს ყველა.

Thursday, June 24, 2021

და ჩვენ ვცეკვავდით ჰაბანერას (ერთსტროფიანი, სიყვარულზე)

და ჩვენ ვცეკვავდით ჰაბანერას ვით შეპყრობილნი, 

უჭერო სახლში გვასველებდა ზეციდან წვეთი,

და გამშრალ ტუჩებს ვერ ვშველოდით, ვერც ველურ ვნებებს,

მოკიდებოდა ცეცხლის ალი ანთებულ ფეხებს.

მაგრამ არ ვიცი, ნეტავ რატომ? ჩვენ შეგვაჩერეს...


ციცინათელა, გამოცანა (ერთსტროფიანი)

 ღამით ციმ-ციმ ვანათე და 

ზევით ვარსკვლავს ვდიე, 

მეგონა რომ მზე ვიყავი,

მწერი ვიყავ მცირე.

ერთსტროფიანი

 ერთი სიტყვა ერთი სიტყვა გამაგონე,

თუნდაც ნიავს უჩურჩულე კდემით,

ის მომიტანს, გულის პასუხს,მანათობელს 

და მივხვდები, შენ ხარ ერთადერთი.

სიო, სიო, ჩამიქროლე!

 

სიო, სიო, მომეფერე,

ამიქროლე, ჩამიქროლე,

ვიცი, არ ვარ უკვე ბალღი,

თავს მაგით ვერ მოგაწონებ,

არც სიანცე არ შემშვენის,

აღარა მაქვს კიკინები,

რომ მომქაჩო, გამათრიო,

გახსოვს, როგორ ვტიტინებდი,

ახლა ხმაც კი გამებზარა,

კანს ატყვია ნაოჭები,

თვალებიც კი ის არაა,

სარკეს ვუცქერ გაოცებით,

მაგრამ მაინც, ცელქო სიო,

ამიქროლე, ჩამიქროლე,

ჩემი ნაზი ბავშვობა და

სილამაზე მომაგონე.

 

Wednesday, June 23, 2021

მირხევ, მირხევ სულის სიმებს! (ერთსტროფიანი)

მირხევ, მირხევ სულის სიმებს, აბურდულებს, დაბურდულებს,
რომ ლარივით გაიჭიმოს, არ გაწყდეს და არ დადუმდეს,
ვგრძნობ, რომ ჩემი დარდი გტკივა, მიტომ გულზე მისალბუნებ,
იქნებ მართლაც  გადავრჩე და მრავალ ხმაზე ავჟღარუნდე.

როგორ მინდოდა (სონეტი, სატრფიალო)

 სონეტისმაგვარი


როგორ მინდოდა, გეპასუხა წერილით ჩემთვის,
გამოგეგზავნა სიყვარულით თუნდ ერთი სიტყვა,
ჩავიხუტებდი იმ ერთ სიტყვას დაღარულ მკერდში,
გავიშლებოდი გაზაფხულის სევდიან კვირტად.
ამოვიდოდა ჩემს გულშიაც ნაზი ყვავილი,
უკანასკნელი სიყვარულის შიკრიკი, მაცნე
და შემოდგომის მოქარვისფრო ფერუმარილით
უკანასკნელად გავივლიდი. ოცნების გზაზე,

თუ ცხოვრებაში არასოდეს გიოცნებია,
არ დაგივლია ზეცის კიდე უბელო რაშით,
ჩათვალე, იმ შენს სიყვარულსაც არა აქვს აზრი.
მაია დიაკონიძე
23.06. 2021წელი

მე ვარ შენი მევენახე


 მე ვარ შენი მევენახე,

შენ კი ჩემი ვაზის ძირი,

ყურძენი ხარ დასაწური,

კურთხეულო, ზეცით იშვი,

ფესვს გიმაგრებს ქართლის მიწა,

უკვდავებას შენი ვიმკით,

დაილოცოს შენი ჯიში,

დაიბადოს სადაც იგი.



ყაყაჩოების თაიგული (ერთსტროფიანი)

 ყაყაჩოების თაიგულმა გული გამითბო,

თითქოსდა მზეში შეერია ლურჯი მელანი,
ყაყაჩოების ზღვა იყო თუ დუღდა ვნებანი,
ფაფარი იყო გადმოყრილი ლურჯი მერანის.

გიყვარვარ, არა?! (სონეტი, სატრფიალო)

გიყვარვარ?! არა?! შემომხედე კარგად თვალებში,

იქ უნდა ვნახო ამ კითხვაზე შენი პასუხი,
ციცინათელა გიკრთის ისევ სხივთა თარეშით,
თუ ჩაიფერფლა სამუდამოდ დრო გარდასული?!.
საღამოს ბინდში შენ ხარ ჩემთვის მანათობელი,
შენ კვალს მოვყვები, შენს მკლავებში უნდა ვიდინო,
მაცოცხლებელი მინდა ვიყო შენთვის ნიავი,
მარადისობის წიაღშიც რომ არ დაიძინო.
და ვისაც აღარ უწერია იყოს მიჯნური,
ნურც იმ სისხლსავსე ვნებიან დროს ნუღარ მისტირის,
იქ დასამარდეს, სადაც მორჩა ის სიყვარული.


ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ (სატრფიალო-სალაღობო)

 - ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ, -

ამ დილით ვკითხე გვირილას,

მზესავით შემომანათა,

მზესავით შემომღიმილა.

- უყვარხარ, - ასე მომძახა,

თვალები ამიციმციმა,

შენ ვიცი, არ მაკოცნინებ,

მიტომ ვაკოცე გვირილას.

გული სიამით ამევსო,

მომხიბლა მისმა ღიმილმა,

თუ არ გიყვარვარ, რა ვუყოთ,

გულს გადამიხსნის გვირილა.

Tuesday, June 22, 2021

ცეცხლის ალი ვარ (სატრფიალო)

მე დავიღვარე შემოდგომიის ლამაზ ფერებად,

მაგრამ მათ შორის, წითელია ჩემი მეგზური,

ცეცხლის ალი ვარ, მზე ვარ მწველი, გულის ქალი ვარ,

ყოფნას არ გირჩევ ჩემთან ახლოს, მყის დაიწვები.

თუ სიყვარულის გინდა მითხრა, კარგი, მითხარი,

იქნებ, მეც უღვთო სიყვარულის ცეცხლმა მომიდნოს

და აალდება მაშინ ქვეყნად დიდი კოცონი,

დე, სიყვარულმა ჩვენს ძარღვებში ლავად იდინოს.


მზეო!

 ფოთლებად გამწეწა ქარმა,

ოქროსფერ ფურცლების ტევრში,

ვდგავარ და ისევ შენ გჩემობ,

ოცნებით გიხუტებ მკერდში.

მეჭორე მოგიტანს ამბავს,

როგორ დამეღვარე ფიქრად,

როგორ დავინამე ოფლით,

როგორ გავიყინე სისხლად,

მაინც ვერა ვშველი ჩემს თავს,

ისევ მიყვარხარ და გჩემობ,

როდის აენთები ცეცხლად

ჩემო ფერნაკლულო მზეო?!

,





ავტ. ირინა ხურციძე

 შენ ისევ ისე მარიდებ მზერას,

მე ისევ კვლავ ჩემად გჩემობ,
გგონია საყვედურს გეტყვი?!
ვეფარვი დარდების ჩეროს,...
ვინა ვარ, შემეძლოს მსგავსი,_
დროის სვლა რომ შევაჩერო...
შენ ისევ მარიდემ მზერას,
თვალებს გჭრი?! იქნება მზე ვარ!!....

Monday, June 21, 2021

ბულბულიც ხარ, იადონიც! (სახუმარო-სატრფიალო, სიმღერა)

ჩემი ნაზი ფიქრიც შენ ხარ,

ჩემი თეთრი პეპელაც,

გულიდან ვერ ამოგიღე,

ღმერთს ასე თუ ენება.

ბულბულიც ხარ, იადონიც,

ყურს დამიტკბობ ჰანგებით,

მგონია, რომ ღვინო შევსვი

და იმითი დავთვერი.

ანგელოზი თუ ჩამოდი

და ზეცაში მომიხმე,

არც მაგაზე გეტყვი უარს,

იქ აგიხდენ სურვილებს.

სულ არ ვნაღვლობ ამ სიცოცხლეს,

ოღონდ შენს გვერდზე ვიყო,

თორემ შენმა სიყვარულმა

შეხე, გოგოვ, რა მიყო.

 


 

დარდიმანდი, დარდიმანდი,

დარდიმანდი სიო დაჰქრის,

ყურში ვნებით ჩამჩურჩულებს,

შენ ხარ იაც, ლურჯი ვარდიც,

შენისთანა ქვეყანაზე,

რომ იცოდე, არვინ დადის,

დარდიმანდი, დარდიმანდი,

დარდიმანდი სიო დაჰქრის.

ყელზე ნაზად მომეხვევა,

ამოსუნთქვას აღარ მაცლის,

წამიყვანე, სიო, შენთან,

მომეხსნება გულზე დარდი.

ზევით ციკენ გავეშუროთ,

მაღლა ფრენა ჩვენ არ დაგვღლის,

მე მზის, მთვარის ასული ვარ,

შენ სიო ხარ დარდიმანდი.

 

ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 ყაყაჩოების თაიგულმა გული გამითბო,

თითქოსდა მზეში შეერია ლურჯი მელანი,

ყაყაჩოების ზღვა იყო თუ დუღდა ვნებანი,

ფაფარი იყო გადმოყრილი ლურჯი მერანის.




Sunday, June 20, 2021

ზღაპარში ვიყავით

ზღაპარში ვიყავით, ზღაპრიდან მოვედით
შენ უფლიწული და მე მეფის ასული,
მაკოცე და ჯადო მოიხსნა ავსულის,
დავბრუნდით მიწაზე ჩვენ მზეგადასულნი,
ამიტომ ვერ გნახე, გეძებე, არ ჩანხარ,
ნუთუ შეიცვალე და გადაგიყვარდი,
ის მიჯობს ისევ იმ ზღაპარში დავბრუნე,
სადაც ფიცს არ ტეხენ თვით კუბოს ფიცრამდის.

შემომხვევია (სატრფიალო)


.შემომხვევია წყლის ჭავლი,

ეხება წვივებს, ტერფებს,

- წვიმავ, დიდხანს ნუ შეწყდები,

ხანია, მიჯნურს ვეძებ.

მომელამუნე, დამკოცნე,

ტუჩებსაც მისწვდი მერე...

მომავლე ელვის რკალია,

ნუ განმაშორებ ედემს.

 


ცხოვრება ფლიდი

 როცა სიხარულს არ გიტოვებს ცხოვრება ფლიდი,

როცა არავის არ სჭირდება ცოდნა და ნიჭი,

როცა ყოველი მბზინავ ოქროს გამხდარა მონა,

როცა კაცობაც იყიდება პრასის ორ კონად,

როცა ქალების სიშიშვლეს აქვს ბაზარზე ფასი

და პატიოსანთ დაეკარგათ ცხოვრების აზრი,

როცა სამშობლოც არად ფასობს, გამხდარა მტვერი,

ბევრისთვის ნელა მიილევა ტანჯვაში დღენი.

 

მაშინ ზეობს და ასპარზზე გამოდის ძალა,

რომელიც თავის ბოროტ მიზნებს აღარცა მალავს,

ჩვენ უსუსურნი სიმწრის ცრემლებს ძლივასღა ვყლაპავთ.


 

Saturday, June 19, 2021

სისხლს რად მიმღვრევ (სატრფიალო)

სისხლს რად მიმღვრევ,
რად მიგზავნი სიტყვებს,
ჩურჩულით რომ მეუბნება ქარი,
ას ხმაშიაც შენს ხმას გამოვიცნობ,
შენს ხმას ვიცნობ, გულში დამრჩა კვალი.
გამოვყვები, მობმული ვარ ძაფზე,
შენი ტყვე ვარ, ნადირივით მიჭერ,
ან გაწყვიტე ეგ ოხერი ძაფი,
ანდა ცოტა შეუმოკლე სიგრძე.





შენ - იქით, მე - აქეთ (სატრფიალო)

 შენ - იქით, მე - აქეთ, ვმასლაათობთ,

ბარე, ბევრი დაგვრჩა სათქმელი,

მე ვცდილობ კონვერტში ჩაგატიო,

შენ კი არა გყოფნის აბგები.

მე შენ სიყვარულზე გიამბობ,

შენ კი ამინდსა და ფისოზე,

მთავრდება ჩვენი საუბრები

ისევ შენს იმერულ კილოზე.




სიყვარულმა დამღალა (სატრფიალო)

სიყვარულმა არ ვიცი, ასე როგორ დამღალა,

რომ არ ჩანხარ, ძვირფასო, ცრემლი მომდის ღვარ-ღვარად,

მოდი, გამოანათე, შენთანა ვარ თამამად,

გამიკეთე ხელკავი, რომ ვიარო ამაყად,

რომ მიმაჩნდეს ეს ველი ჩემადაც და შენადაც,

რომ მივეცე ღრუბლებში აღმა- დაღმა ფრენასა,

ეს დრო ჩვენდა საწუხრად, ძლიერ უკუღმართია,

დავეჩქაროთ სიყვარულს, გაიქცევა, მარდია.



შენი გაბუტული ტუჩები ვარ, სატრფიალო (ერთსტროფიანი)

 შენი გაბუტული ტუჩები ვარ, შენი წვიმაცა და თქორიც,

შენი სხივოსანი თვალები ვარ, შენი თითები ვარ, ნორჩი,

შენი ალისფერი ლოყები ვარ, შენი ხერხემალი, (ზურგი)მორჩი,

მუდამ ტუჩზე როგორ მაკერიხარ, ნუღარ გამაწვალებ, მორჩი.

სატრფიალო, ერთსტროფიანი

 შენი ხმა თითქოს მოჩქრიალე ნაკადულია,

ხან იპარება, ხანაც ექოდ ჩამესმის ყურში,

და ეს ცხოვრებაც მერცხალივით საამურია,

როცა მეხება შენი ნაზი ლამაზი ტუჩი.



მეგონა

 

მეგონა დიდი მზე იყავ,

გამინათებდი გზა-კვალს,

მცირე ვარსკვლავი ყოფილხარ,

ზეცაში არც კი ჩანხარ,

გაუფერულდა ცხოვრება,

აღარ მიმაჩნი არად,

ამ უხიაგმა ცხოვრებამ

ლამის შავ მიწას ჩამნთქას.

მინდა ჩაგისუნთქო (სატრფიალო)

მინდა ჩაგისუნთქო როგორც საუკუნო მთის ნიავი,

ჟასმინის და ცაცხვის ნაზავს ემატება შენი კანის,

შენი თმების სურნელებამ და ტანისამ გამაგიჟა,

თვალთა შენთა გამონაშუქს ემატება ზე მთვარისა.

ოხ, როგორმა უძლურებამ შემიპყრო და მასამარა,

ვაი, თუ შენ არ გიყვარვარ, ისე ძლიერ, ისე მძლავრად,

რომ ამ ჩვენი სიყვარულით მთლად შეიძრას ზენარეთი,

სიყვარულით დატანჯული ყველა აღდგეს ხმელზე მკვდრეთით.

აღარ ვიგრძნობ მაშინ მე თავს უმწეოდ და დაჩაგრულად,

ჩემს გულშიაც გაწვიმდება, გაბრწყინდება მზისაგულა

და როდესაც წვიმა მორწყავს დედამიწას, ბროლის თვალი -

ჩემი გული  ნუშს მოისხამს, გაზაფხულის სუნით მთვრალი.

 

 

 


ჩემს ლექსში ბატონმა ელგუჯა ციგროშვილმა ჩასვა ორი სტრიქონი

 ,ჩემთვის ღამეც დღედ გადიქცა ,

მგონი , უკვე აღარ მძინავს "...
("მეც მიგრძვნია , ოცნებები , ~
ამ დროს მეცხრე ცაზე ფრინავს !") ავტორი: ელგუჯა ციგროშვილი
მაგრამ, ხშირად იმ ოცნებებს
ახდენაც არ უწერიათ,
როცა ვხვდებით ჩვენს სულის სწორს
ზოგჯერ არის ძალზე გვიან.

Friday, June 18, 2021

განა მე კი არ მიყვარხარ, სატრფიალო

 განა, მე არ კი მიყვარხარ,

რომ დამდევ, როგორც იაბო,

მინდა, რომ როგორც ვარსკვლავმა,

ვიბრწყინო, სულ ვიკიაფო,

შენც თვალში ცეცხლი დაგინთო,

გულში ჩაგიდგა ნათელი,

სულ იელვარო, მზესავით,

მერე მოგეცეს საშველი.




ჩავიცვი ტანზე იმედები, სიყვარულზე (ერთსტროფიანი)

ჩავიცვი ტანზე იმედები, როდისმე გნახავ

და გავაგრძელებთ სიყვარულის უცნაურ საგას,

შორით ტრფობას და შორით დაგვას აქვს თავის ეშხი,

რომც ვერა გნახო, შენი გულის ბაგუნი მესმის.


სიყვარულს ვერ გაექცევი (ერთსტროფიანი)

სიყვარულს ვერ გაექცევი, სადაც არ იყო, მოგძებნის,

უნდა დაგათროს ვნებებით, აგიწიოკოს გრძნობები,

ფიქრები მიწეწოს-მოწეწოს, სისხლით აგივსოს ტუჩები,

გონიც რომ დაგაკარგინოს, შველას ნურსაით ნუ ელი.


ვარდისფერი იმედებით

ვარდისფერი იმედებით დავფრინავდი ჯერაც ბავშვი,

არ მგონია, ღმერთო, ჩემო, თუ ამხელა გავიზარდე,

დღესაც ზღაპრულ კოშკში ვცხოვრობ, ძირს ჩამოვყრი თმა-დალალებს,

ამოვზიდავ მხოლოდ იმას, ვინც ნატკენ გულს დამიამებს.


Thursday, June 17, 2021

გამოიხედე, ქალაუ! (სატრფიალო)

 ხმას არ მცემ, დუმხარ, მიღიმი,

შენთან ლაპარაკს ვნატრობ,

სულის შეძვრამდე მიყვარხარ,

გვერდს ნუ ამიქცევ, ქალო.

ის აღარ განმეორდება,

რაც რომ სიზმარში ვნახე, 

მე ვიჯექ ტახტზე მეფისა,

შენ კი მეწვინე მკლავზე,

გეცვა ფარჩისა კაბა და

ყელს გიმშვენებდა მძივი,

ტუჩებზე გეკონებოდი,

კვლავ ჟრუანტელი მივლის.

გამოიხედე, ქალაუ,

მაგ თვალთა ეშხით მთქორე,

სიტყვასაც ნუ დამამადლი,

სიზმარს ავიხდენ თორემ.




რატომ გეძახის ეს გული (სატრფიალო)

 რატომ გეძახის ეს გული, რად ვსევდიანობ, გნატრობ,

ჩემი ცხოვრების ყვირილავ, ჩემი ცხოვრების სარგოვ,

სად დამეკარგე, სადა ხარ, ცრემლებით ბალიშს ვალტობ,

ამღერდი, ლექსი მომიძღვენ, ნუ მიმატოვებ მარტო,

იქნება ჩემს ხმას  გამოჰყვე, იქნებ პატივი დამდო,

სულეთში კი არ შემომხვდე, აქ ჩემთან ახლოს გნახო,

გაიჟღრიალებს ეს გული, უშენობით რომ ათოვს,

ჩემი ცხოვრების ყვირილავ, ჩემი ცხოვრების სარგოვ.



ბატონო ჩემო, ბატონო!

ბატონო ჩემო, ბატონო,

რა მშვიდად, წყნარად მიცქერით,

ნეტავ რა ფერის თვალი გაქვთ,

მწვანე, ლურჯი თუ ცისფერი?!

და რატომაა რომ ეს გულიც

ასე უცნაურად მიძგერს,

თვალებში, მაგეთ თვალებში,

ალბათ და ყველაფერსაც მივცემ.


ერთსტროფიანი

 ვის დასცემია 

ქარიშხალი  

პოეტურ ჟინის, 

ის თუ გამიგებს, 

ან მოგკლავს იგი, 

ან ძეგლს აგიგებს.

სიყვარულმა ასე როგორ გამაგიჟა (სატრფიალო)

 სიყვარულმა, მე არ ვიცი, ასე როგორ გამაგიჟა,

დღე და ღამე შენზე ვფიქრობ, შენ ხარ ჩემი ცაც და მიწა,
ზედ ყვავილნი იშლებიან, კესანები, ნარცისები,
გული, გული აღარაა, არის მთელი ყვავილეთი.
ფრთებსაც მალე გამოვისხამ, იქნებ შენთან გამოვფრინდე,
იქნებ შენი ცქერით დავტკბე, ბალახივით ამოვიდე,
ჩემთვის ღამეც დღედ გადიქცა, მგონი უკვე აღარც მძინავს,
შენს ტუჩებზე დაკონება შემერგება მე ბარძიმად.

სიცოცხლე უსიყვარულოდ (ერთსტროფიანი)

სიცოცხლე მშვენიერია, თუ კი ვიღაცას უყვარხარ,

მოისხამ ფრთებსაც არწივის და გაფრინდები უფალთან,

ეტყვი მადლობას, რომ იმან ასეთი ნიჭი მოგმადლა,

სიცოცხლე უსიყვარულოდ უკვამლო ხანძარს მოაგავს.. 

სიყვარულის რაობა (ერთსტროფიანი)

სიყვარულზე თუ კი რამე არსებობს, წავიკითხე აზრები და ლექსები,

არ დამრჩა არც პლატონი, არც გოეთე, არც კანტი და არც  უბრძნესი ჰეგელი,

მე  კი მაინც ჩემებურსაც აღვნიშნავ, არც ვარსებობთ სიყვარულის გარეშე,

უიმისოდ ღმერთმა ნუღარც მაცოცხლოს,  მაგეთ ყოფას მერე რაღას დავეძებ.


ერთი სიტყვა (ერთსტროფიანი)

 ველოდები გულის მურაზს, რომ მომწეროს ერთი სიტყვა,

და ის სიტყვა მირჩევნია, დუნიაზე თუ რამ იქვა,

თუნდაც მომკლას, დამანელოს. დამაყაროს ციდან რისხვა,

მაინც ყველას მირჩევნია მისი მხოლოდ ერთი სიტყვა.



მოღალატეო (ერთსტროფიანი)

 განა არ გყოფნის,  რომ მტანჯე და ცოცხლად მაწამე,

არრაა ყოფილა ფარჩები და შეიდიშები,

შენ მე სულიდან ყვავილების ველი მომპარე,

მოღალატეო, ახლა ურცხვად ნუ იღიმები.


Wednesday, June 16, 2021

ბულბულს (ერთსტროფიანი)

 უკიდეგანო სამყაროს თუ არ ყოფნის ძალა,

მარადიული გრძნობები რომ შეინარჩუნოს,

შენ, ჩემო ჩიტო, რა გული გაქვს ასეთი მკერდში,

რომ გვიგალობ და სიყვარულზე სტვენით აშუღობ.

"მოდი, მნახე" (სატრფიალო)

მეგონა, რომ მოგეწონე, მეგონა, რომ შეგიყვარდი,
ვამზადებდი საკოცნელად ჩემს ვარდივით წითელ ბაგეს,
მაგრამ თურმე ფლირტისათვის გადმომიგდე ორი სიტყვა,
სხვა მიყვარსო, გენაცვალე, რატომ არაფერი გითქვამს...
მე კი უცებ შემიყვარდი, როგორც კი რომ დაგინახე,
"მუხამბაზი" გამახსენდა და იმისი "მოდი, მნახე",
იქნებაც რომ მოგეწონო, იქნებაც რომ შეგიყვარდე,
სისხლში როგორ დაგიარო ელვასავით, მერე ნახე. 

გასკდა გული (სატრფიალო)

რომ არ გიყვარვარ, ვიცი  კარგად და არცა მალავ

გადავუხადო ამ ცხოვრებას მე უნდა ღალა,

იმისთვის, რომ არ დავაფასე გრძნობები წრფელი,

შეუბრალებლად, უგრძნობელად გკარი შენ ხელი.

ახლა კი უნდა გამისწორდე ასე სასტიკად,

აღარ შემხედო, არ მომაპყრო მზერა უძირო,

შენ ჩემს სიყვარულს ინახავდი ისე სათუთად,

გასკდა ეგ გული და გრძნობებიც ორად გაიყო,

ხან ბულბულივით გიყვარვარ და მესათუთები,

ხან საშინელი დამცირების მიდგას წუთები,

მაგრამ მე მესმის შენი, ო, როგორ მესმის,

ჩემი გულიც ხომ გაპობილი ძალუმად კვნესის.




მე შენ გელოდი (სიმღერა, სატრფიალო)

მე შენ გელოდი, მოსვლა მაინც დააგვიანე,

სხეულის თითო უჯრედიდან გეძახდი: - მოდი,

შენ არ გესმოდა, სხვა ბილიკებს,  ქარებს მისდევდი,

სხვა იალაღებს,  სირინოზებს დაჰყავდი ოდით.


და უკვე როცა დავიცალე ცდით და ლოდინით,

გავშალე თმები და მივეცი ტურფა აისებს,

ახლა შენს გულში სიყვარულის ცეცხლი ბრიალებს,

მოდი და ერთად შევეგებოთ სევდის დაისებს.

 

 


ვგონებ რომ (სატრფიალო-სახუმარო)

ვგონებ რომ ცოტათი შექების ღირსი ვარ,

სულ აღარ მაკვირვებს  სიტყვათა თამაში,

ვიცი რომ ვარდიც ვარ, ზამბახიც, გვირილაც,

ზეცაში დავფრინავ ქარივით თამამი

ლურჯ ღრუბლებს ამაყად ზევიდან დავცქერი,

ხან ამ ტყის დალი ვარ, ხანაც ვარ ისიდა,

ვიცი, რომ ლექსებით ზეცამდე ავედი,

იქიდან გიცქერ და იდუმალ მიზიდავ.



Tuesday, June 15, 2021

უმისამართოს! (სატრფიალო)

 წყლის წვეთშიც შენ ხარ, დილის ნამშიც, მფრინავ სიოშიც,

მინდორზე, ველში, ტყის ჩრდილებში, ალუბლის ბაღშიც,

ჩემს ლამაზ ფიქრშიც, გულშიც, სულშიც შენა ხარ მხოლოდ,

მაგრამ ვერ გპოვე, ვერ შეგიცან და ვერსად გნახე.

იქნებ შენა ხარ, ვინც მიყვარდა ამდენი ხანი,

იქნებ შენს ცდაში გათანგულა ჩემი სხეული,

მიწისა უკვე აღარ დამრჩა ვახში და ვალი,

შენკენ მოიწევს უიმედოდ სული ეული.

რომ დამიამოს იარებით დამჭკნარი გული,

უსიყვარულად წასვლა ზეცად რომ უწერია,

მეჩურჩულება სიო ნაზად შენს ძვირფას სახელს,

მაგრამ არ მესმის, ნახვა შენი არ მიწერია.


ტოტემი (სატრფიალო)

ცაცხვებში ყვავილთ მათრობელა სუნი ტრიალებს, 
იმ დღეს მაგონებს, ერთმანეთი რომ გავიცანით,
ჯერაც ბავშვები, უმწიფარი გრძნობით დავთვერით,
ეს განშორებაც ალბათ არის ამის ნიშანი.
შენ ზღვას გაჰყევი, უძიროს და უკიდეგანოს,
მე დავრჩი აქვე, მწიფე ხეა ჩემი სხეული,
ნაყოფი უკვე შემჭკნარა და ძმრადაც ქცეულა,
ის ტკბილი წვენი მიწაზეა გადაქცეული.
არც მე გელი და არც  შენ მელი, თუმც მტკივა ძლიერ,
კანიც გამიშრა, ნაოჭებად იქცა სხეული,
არც მწვანე ფოთლით ვიკვირტები კარგა ხანია,
დარჩება ჩემგან მხოლოდ სული აოტებული.

სულიც ზეციკენ მიიჩქარის კარგა ხანია,
დარჩება ჩემგან მხოლოდ კვამლი აოტებული.
         მეორე ვარიანტი ბოლო სტროფის:
(არც არვის ველი და არც არავინ მელის მე უკვე,
კანიც გამიშრა, ნაოჭებად იქცა ტოტები,
არც მწვანე ფოთლით ვიკვირტები კარგა ხანია,
ჩემი მექნისგან თუ დაჩება მხოლოდ ტოტემი)


Monday, June 14, 2021

ერთსტროფიანი

 ვის უნდა მივცეთ ეს მთა-გორი, სულის მალამო,

უწინამც ღმერთმა ამ მიწაზე დამასამაროს.


ვიცი, რომ მოხვალ (სატრფიალო)

დე, სიყვარულით ვთრთოდე, ვთრთოდე შენს მოლოდინში, 
როგორც ფურცელი, ტრფიალების სტრიქონით სავსე,
თავზე მეხუროს ლურჯი ზეცა, ყოვლისმხილველი,
ფეხებზე მესხას ოკეანის ტალღების ქაფი.
ყურზე მეკეთოს მარგალიტის თეთრი საყურე,
ბრწყინავდეს ისე, გადაფაროს ვარსკვლავთა შუქი,
ვიცი რომ მოხვალ, უსათუოდ, ვიცი, მომაგნებ,
თუ შენც გიყვარვარ, ჩემი ხილვა გწადია თუ კი.

 Потомства от существ прекрасных все хотят,

Чтоб в мире красота цвела — не умирала:
Пусть зрелая краса от времени увяла —
Ее ростки о ней нам память сохранят.

Но ты, чей гордый взор никто не привлекает,
А светлый пламень сам свой пыл в себе питает,
Там голод сея, где избыток должен быть —
Ты сам свой злейший враг, готовый все сгубить.

Ты, лучший из людей, природы украшенье,
И вестник молодой пленительной весны,
Замкнувшись, сам в себе хоронишь счастья сны.
И сеешь вкруг себя одно опустошенье.

Ты пожалей хоть мир — упасть ему не дай
И, как земля, даров его не пожирай.

Уильям Шекспир, 1590-е (перевод Н. В. Гербель, 1879)

შვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,

რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,

დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,

მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.

გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,

შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!

ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა

შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!

მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,

მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,

რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,

მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!


წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,

მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.

Sunday, June 13, 2021

გადამიყვარდი, ერთსტროფიანი (სატრფიალო)

ისე მიყვარდი, ვით პატიმარს ნაზი აისი,

როგორც ჩვილს ძუძუ, მზესუმზირას - მზე უსასრულო,

მაგრამ ახლა კი, ვგრძნობ და ვხედავ, გადამიყვარდი,

ცეცხლში ნაცარი, ნაღვერდალი ციმციმებს მხოლოდ.

,



Saturday, June 12, 2021

ერთსტროფიანი (სატრფიალო)

უფლის ძღვენს, დიდ სიყვარულს ველოდები, 
დრო კი გადის, სიცოცხლეთა მცელავი,
თითქოს უკვე გულიდანაც გაზიდა
მოლოდინი, ნაფლეთებსღა შევხარი,
მაგრამ გულში მაინც რჩება იმედი,
რომ სამყარო გასრულდება ღვთის ნებით.


ერთსტროფიანი (მოგონებებიდან)

 თეთრ ხიდზე ვდგევარ, ხელთ მიჭირავს პატარა ვაშლი,

ისევ იქა ვარ, ისევ იქ ვარ, ვით უწინ, მაშინ,
როცა ვიყავი ერთი ციცქნა, პატარა ბავშვი,
გვერდზე ბებია მოაბიჯებს, მოვყავარ ძალით,
რომ არა ეს და დავრჩებოდი იმ ხიდზე მაშინ.

მომწერე რამე (სატრფიალო)

 მომწერე რამე, დავინახო მგზნებარე ცეცხლი,

ყველა ასოში - განშორების სევდა და ცრემლი,

მჭმუნვარებამ თუ შეგიპყრო და ცახცახით მელი,

სუდარასავით თუ გათეთრდა ფიქრები შენი?!

მომწერე, კარგო, სუნთქვა ვიგრძნო სიცოცხლისმჩენი,

გავიკვირტები, ვით ლოტოსის ყვავილი თეთრი.



სონეტი 2.

 

ვნანობ ახლა, რომ შენ გარგუნე წილად ყოველი,

შენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ძვირად მიღირდა,

მხოლოდ შენ იყავ ჩემი ტრფობის მძიმე უღელი,

შენ იყავ ჩემი დეზდემონაც, ჩემი ისიდაც.

შენ მარტომ შესძელ გაგეხადე ყმად და მონადაც,

შენს დანახვაზე იხსნებოდა ცაზე ღრუბელი

და თუ კი მაინც შეგაწუხე, ვერ შევძელ როცა,

დამაწვა ლოდად, დამიმძიმა ზურგზე უღელი.

შენთვის კი ვიყავ არაფერი, ერთგული მონა,

ამსრულებელი კაპრიზების,  ყველა სურვილის,

მხოლოდ ამჟამად თუ მოგნათლე წიწილმა ქორად,

ახლაღა მივხვდი, დავრჩენილვარ მშიერ-მწყურვალი.

 

ჰე, მეგობარო, თუ არა გაქვს თავისუფლება,

ის სიყვარულიც გრძნობა არის მხილოდ მთრგუნავი,

იქნება შეძლო, იმოქმედო მხოლოდ  გუმანით,

 

ჟანეტ-ჯან (სატრფიალო)

ღვინოს შევსვამ, თითქოს შენს ტუჩს ვეხები,
გამიმზადე, ჩემო მკვლელო, ედემი,
ჩემს თავს უკვე, ვხედავ, ვეღარ ვერევი,
ფაიტონზე შემომისვი მტრედები.
სამოთხეში იმით უნდა წავიდე, 
ჩიტები კი უკან დაბრუნდებიან,
მოიტანენ, ალბათ, ამბავს შენთვისაც,
ლამაზ თვალებს  აშუღი მოკლებია.
შენ იცოცხლე ას და ათას წელიწადს,
ღვინის გემო მხოლოდ ახლა გავიგე,
ფაიტონს რომ გამიმზადებ, მეტყვი: -  წად...
ჟანეტ-ჯან, იქ ოქროს კოშკსაც აგიგებ.





მეგობარს უცხოეთში!

ქარიშხალმა ლიმონივით დამწურა, 
ჩამომფერთხა ოცნება და იმედი, 
მეგობარო, შენ საითღა წასულხარ,
თვალსავსეო, სათნოებით, სიკეთით.
ნუთუ, ქარმა ისე უნდა დაგვჯაბნოს,
ჩვენს თვალებში სხივმა არ იკიაფოს,
და აშარმა, არამზადა, ოხერმა
მარტო სხვათა სიყვარულზე გვიამბოს?
იქნებ აქაც გადაიხსნას ღრუბელი,
რახანია წვიმს და თანაც ქარია,
შენს სამშობლოს მალე დაუბრუნდები,
სხვებზე მეტად, ალბათ, მე მიხარია.





Friday, June 11, 2021

ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 მე ყველა ლექსი მაგონებს შენს თავს 

და თითო სტრიქონს შენთვისა ვწერდი,

ვეღარ ვიშუშებ ჩემს გულში ღიობს,
ვატარებ უკვე მრავალი წლები.

ერთსტროფიანი

 ბექთარი მეცვა, 

მტერს ვებრძოდი, 

ვხნავდი, ვთესავდი,

დღეს ყვავ-ყორანი შემსევია, 
არ ჩანს მესავი.

სონეტი 1


ღმერთმა შეგარგოს სიტკბოება ამა სოფლისა,
შენ მომეც ველი განსჯის ცვლისად ეპიგონისა,
ნეტავ, ამ ქვეყნად რად არ ჩნდება ყველა ლამაზი?!
ზოგს ჭკუა უჭრის, ზოგს ენა აქვს, როგორც ალმასი.
ყველა მათგანი თვის საქმეში ყოფილა ბრძენი,
მაგრამ მე შენმა სილამაზემ შემასხა ფრთები,
გონი დავკარგე და რა ჭკუა ექნება სულელს,
დიახ, მზეს როგორც შენს ტყუპისცალს, უმცროს დას ვუმზერ?!
ამაოება ამ ქვეყნისა ახლაღა ვცანი,
გვერდზე არ მყავხარ, თუმც სათნოა ჩემი მიზანი,
მე უშენობას ვერ ვიტან და ცრემლებით ვიმკი,
იმას, რომ აღარ გიყვარვარ და დავაკლდი ღიმილს .
თუ კი, არ შეგწევს ძალი, ღონე, ადამიანო,
მზეს ვერ დააბამ, გელოდება სრული ფიასკო,
უშენოდ ჩავა და ამოვა ყოველ დილასო.
მაია დიაკონიძე




Thursday, June 10, 2021

რომ გიყვარდი, კი ვიცოდი (სატრფიალო, სიმღერა, შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

რომ გიყვარდი, კი ვიცოდი!

გაზაფხულის წვიმასავით
დამიკოცნი შუბლს და თითებს,
რომ გიყვარდი, კი ვიცოდი,
მაგრამ ნუთუ ასე ძლიერ,
რომ წვიმასაც ჩამოიყვან ძირს
ჩემს ხელთა დასაკოცნად,
მზეს მომართმევ ყვავილივით,
ზეცად გააგზავნი ლოცვას,
რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ,
ვიშლებოდეთ გვირილებად,
ეს ლამაზი სიყვარული
რიჟრაჟივით იღიმება.
და იმ ფაქიზ მოგონებებს,
რასაც წლებთან ერთად ვითვლით,
ამ სამყაროს დავუტოვებთ,
რომ გადახსნას ცაზე ბინდი.
მაია დიაკონიძე
10.06.2021 წელი



მზეო (სატრფიალო)

 მცხუნვარება შენი, მზეო, მკლავდა,

საგრილებლად მივადგები რიონს,

ყველა კენჭი შენს ნათითურს ჰგავდა,

წყალს ვუყურებ, არვინ ამიმღვრიოს.

დავინახო სხივიანი სახე,

სურვილების კიდობანი გავხსნა, 

ჩავიფიქრებ, ყველაზე დიდ სურვილს,

იქნებ დამხვდე ჩემი სახლის  კართან.

 

დალი ვარ დალალდაყრილი (სატრფიალო)

 დალი ვარ დალალდაყრილი,

ფიქრი ვარ მონადირეთა,

მარტო ჩემ ნებით თუ მოჰკლავ

ჯიხვთა, შველთა და ირემთა.

არ მოგასვენებ დღე და ღამ,

გაგიტან თვალთა ისრითა,

იჯდე და ისე ტიროდე,

ფიქრობდნენ, "როგორ იწვიმა",

ის წვიმა თან წაგიყოლებს,

შენს სახლსაც, ნაზელსა თიხითა,

მე ქარიშახალი მამშვიდებს,

შენ წყალზე ივლი ტივითა.




ჩემო ლამაზო ისიდა (სატრფიალო)

ჩემო ლამაზო ისიდა!
ჩაჟანგულ რკინას ვემასგავსე,
გული შეჭამა ტიალმა,
იქნება, ჩემა ნებაზე,
ჩამომიქროლოს ნიავმა.
იქნება, სულის ნაწილებს
აღარ კორტნიდეს ყორანი,
მიპოვნე, მიწა საწილე,
შენს ოსირისად მიცანი,
ათას ნაწილად დაჩეხილს
ანდამატივით მიზიდავ,
დაარჩენ, ვიცი, ჩემს ხეხილს,
ჩემო ლამაზო ისიდა.
მაია დიაკონიძე
10.06.2021წელი
ისიდა (ძველეგვიპტურად „ისეტ“ ან „ასეტ“) — ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები.



ქალ-ვაჟის ტრფიალი

ვაჟი: 

ქალავ, მიყვარხარ, მინდიხარ, 

ტრფობისას შევსვამ ფიალას,

მზემ ჭალას თავი ანება,

ამ გზაზე გამოიარა,

მისი ნამზევი გეტყობა,

შემოგფაკვლია ღაწვები,

ტუჩი ალუბალს მიგიგავს,

შიგ შაქარივით ჩავდნები.

ქალი:

რაი გინდია, ვაჟაუ,

ამ გზაზე რაზედ მიდგახარ,

საფირონის გაქვს თვალები,

შიგ ზღვები მოდი-მიდიან,

ჩემს თვალებში კი სულ მუდამ

შავი ღრუბელი, ნისლია,

ელვა, ჭექა და ქუხილი

ცეცხლებს ისრებად ისვრია,

არ განგმიროს და არ მოკვდე,

შენზე არ დამრჩეს ფიქრია.





მე რომ დამტოვა ტიალად.

ახლა თუ არ მამინდომებ,

თუ ახლაც მეტყვი უარსა,

წავალ და დავიკარგები,

მისდიე შენსა გუმანსა.

ქალი: ვაჟაუ, ტყუილად ბრაზდები,

ჯერ შემოგხედო კარგადა,

მერე არ დავინანიო

რომ აგიფარე ფარადა.




Wednesday, June 9, 2021

აზარფეშას ავივსებ (სატრფიალო)

აზარფეშას ავივსებ, სიყვარულით შეგხარი, 
თითქოს შენი  ტუჩიდან შევსვი ახლა ნექტარი,
თითქოს წყალს დავეწაფე, უკვდავების წყაროდან,
თითქოს პური მოვიმკე საცხოვნებლად კალოდან,
სულში უკვე ჩამიდგეს კალათები ზამბახის,
ანათებენ, ბრწყინავენ, ამაყნი, ლამაზები,
არითმიის ქარები ჩემს სხეულში სახლობენ,
როცა შენ დაგინახავ, ღმერთებიც კი მწყალობენ.




მაინც გვინდა (სიყვარულზე)

 სიყვარულმა სულ არ იცის დახანება,

გესტუმრება, შენ არ იცი, როდის, 

არ არსებობს მისთვის არც დღე,  დაღამება

და ვერ იტანს ჭიანურს და ლოდინს. 

გაგიტაცებს ზევით ცაში და გაგაფრენს,

ხან კი მწარედ დაგანარცხებს ძირსაც,

მაინც გვინდა, ვიყოთ უფრო სასურველი,

ჩვენც გვიყვარდეს, შემოგვხარის ვინაც.

როგორ მიყვარდი... (სატრფიალო)

 სანამ ღრუბელი თავის თეთრ მკერდს გადამიშლიდეს 

და ვნებით, თრთოლვით, სიყვარულით ჩამიხუტებდეს,

მანამ გავყვები შენს ქუჩაზე წვიმის გუბეებს,

ღამის ფარნების ფერადობას რომ იხუტებენ.

გამახსენდები, როგორც სულის, გულის მალამო,

გამახსენდება ის დღეც, წვიმა და ის საღამო,

როცა გვიყვარდა ერთმანეთი და მწამდა შენი,

დღეს ერთმანეთის აღარ გვესმის, რაც გინდა ქენი.

ამოვიღებდი ამ გულიდან თითოეულ ბგერას,

როგორ მიყვარდი, ვერ შევძელი, შენთვის რომ მეთქვა,

მაგრამ შენ ჩემთვის არ გცალია, გიცვლია ფერი,

ლეგა ღრუბლებმა წამიყვანონ, ამასღა ველი.


Tuesday, June 8, 2021

არ გაშალო ფრთები (სატრფიალო, სიმღერა)

ამოვარდა ქარი და თან მოჰყვა თქეში, 

მე პატარა ჩიტი შენს დიდ მხრებქვეშ ვთბები,

მიმზერ ალერსით და სიყვარულით ვტკბები,

არ გაფრინდე, ჩიტო, არ გაშალო ფრთები.

თან არ გაიყოლო ჩემი ოცნებები,

ვიღაცას ვუყვარვარ აუხდენელ გზნებით,

ვიღაც ჩემზე დარდობს, მე რომ არ მგავს ფერით,

ჩემზე ლამაზია, ჩემზე დიდი ფრთებით.

შემიყვარდა ქარი, შემიყვარდა თქეში,

ძლიერ ფრთებქვეშ მძინავს, ძლიერ ფრთებქვეშ ვთბები,

მომაგენი, ვიცი, ალღოთი და გეშით,

არსად გამიფრინდე, არ გაშალო ფრთები,




 


სახუმარო

 დაიღალა ჩვენი ხალხი ათასგვარი კოშმარით

და გაყოფა თავის ყულფში გადაწყვიტა ჯომადიმ,

მაგრამ სულზე კი მიუსწრო ცოლმა, ნაზმა ციციამ,

კაცი ვალით] გააყოლა  საფრანგეთში "ვიზიარს".

იქ რა ნახა ჯომადიკომ უკეთესი ცხოვრება,

მაგ ტალახში რა მინდაო, ვუქცევივართ მონებად,

შეუთვალა, თავის შვილებს, ულამაზეს ციციას,

მაქეთ ვეღარ დამინახავთ, თქვენ რაც გინდათ, გიქნიათ.





დამაკოცნინე (სატრფიალო)

 დამაკოცნინე ეგ თითები, ბროლი, ნათალი,

დამაკოცნინე შენი ბაგე, შეუბღალავი, 

თორემ წავალ და უფსკრულებში ჩაველოდები, 

თუ ვერა ვნახე ჩემი სევდის,  დარდის წამალი.

როგორ მიყვარდა შენი ტანი, ნაზი, ფაქიზი,

როგორ მიყვარდა ეგ თვალები, ზღვები უძირო,

ახლა კი შორს ხარ, როგორ ღმერთი და მემალები,

მინდა ღრუბლებს და დაკიდებულ ზეცას ვუმზირო..

დამაკოცნინე შენი, ტანი, შენი თითები,

შენი ბაგენი, ლამაზ ვარდად მზის ქვეშ გაშლილი,

თორემ შენს კართან შენს ქუჩაზე მთვრალი მოვკვდები,

წყალწაღებული, უსამართლოდ შენგან დასჯილი.



გზაზე სახლისაკენ (სასაცილო ამბავი)

 მოვდივარ სახლისკენ, გზად, ვხედავ, პატარა სატვირთო მანქანა დგას, იყიდება ძველი კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ყველი, გამყიდველი ლურჯთვალა კაცია, იმერელი, ჩასახლებული ახალციხეში, იქიდან ჩამოაქვს ხოლმე პროდუქტი, გამეხარდა რომ დავინახე, ჩემი შვილი ძველ კარტოფილს ითხოვს ახლაც, ახალი არ უყვარს რატომღაც. მივედი, ვიყიდე კარტოფილი, პომიდვრის ჯერი დადგა, კარგები ჩამიწყვე, - ვთხოვე, თქვენ თვითონ აარჩიეთ თქვენნაირი ლამაზებიო, გამეცინა, არაფერი მითქვამს, კი გავიფიქრე, რაღა დროს ჩემი სილამაზეა -მეთქი, დავიწყეთ ერთად ჩალაგება ბოსტნეულის, რომ მივუახლოვდი, რაღაცნაირად დაიბნა, გაწითლდა, ფული რომ მივეცი, ვეღარ დაითვალა, მერე საერთოდ დაუცვივდა ხელიდან, ქარმა წაიღო, მომიწია მასთან ერთად სირბილი და ფულის აკრეფა, ახლა ვზივარ და მეცინება, ძლივს დავეწიე ორ ორმოცდაათლარიანს, კიდევ კარგი სიმწრით ნაშოვნი ფული არ დაკარგა იმ პატიოსანმა კაცმა.

სანამ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

სანამ დაფნისას დავიდგამ გვირგვინს,

დიდება, ტაში წამიღებს ზევით,
მანამ მომხედე ბრძოლებით დაღლილს,
დაკოცნე ჩემი სათუთი ხელი,
რომ სიყვარული ხელახლა ვიგრძნო,
მაღლა საფრენად მოვისხა ფრთები,
თორემ ცივ მიწას დავენარცხები,
ჩემგან დარჩება მარტოდენ მტვერი.
მაია დიაკონიძე


რა დაკარგე, იქნებ მიხვდე გვიან (სატრფიალო, სიმღერა დაწერა მაია სიჭინავამ )

 წავალ, წავალ და დაგტოვებ მარტო,

სიყვარულის აშუღსა და ტრფიალს,

გზა დამხვდება ლამაზი და ფართო,

უარს ვეტყვი ამ ცხოვრებას ტიალს.

იქ მოვისმენ ბულბულების სტვენას,

იქა ვნახავ ყვავილებსაც გვიანს,

ზამბახები გამეშლება ფერხთით,

საუცხოოთ სუმბული რომ ჰქვიათ.

წავალ, წავალ და დაგტოვებ მარტო,

სიყვარულის აშუღსა და ტრფიალს,

მე გზას ვნახავ ლამაზსა და ფართოს,

რა დაკარგე, იქნებ, მიხვდე გვიან.






ვარდი და წვეთი (სატრფიალო)

ისევ სატრფიალო
გავეჯიბროთ ჩვენ ერთმანეთს სიყვარულში,
ბაგე ბაგეს შევახოთ და მოვკვდეთ,
შენ იქნები წამოსული ციდან წვეთი,
გამაჟრჟოლებს, შემეხები ოდეს.
დაცვარულნი ვიკაშკაშებთ მზის სხივებში,
ელვარება გაგრძელდება დიდხანს,
ყველა იტყვის, რა სცოდნია დიად გრძნობას,
მოკვდნენ, მათი სიყვარული ბრწყინავს.
მაია დიაკონიძე

გამშორდი და სხვა ქვეყანას წახვედი (სიმღერა, სატრფიალო)

გამშორდი და სხვა ქვეყანას წახვედი,

გავცქერივარ თვთმფრინავებს ახლაც,

ამ წუთას რომ ზედ თბილისზე ტრიალებს, 

იქნებ შენი პერსონაც თან ახლავს.

გთხოვდი ტრფობას, შენ კი მწუხრი მომეცი,

ნუთუ ვეღარ გადალახე დილემა,

მწერდი, - ცოტა მოითმინე, ძვირფასო,

ყველაფერი ხუთიანზე იქნება.-

მპირდებოდი, შენ კი ისე წახვედი,

სიტყვებიღა დამიტოვე იმედად,

რა ცოდვა მაქვს ასე უპატიები,

დავრჩი მარტო ცის შემყურე ფიქრებად.



ღალატი (სატრფიალო, სიმღერა)

დავიღალე და შენს ლოდინში ფრთები მოვკეცე,

იქნება მითხრა სადა ცხოვრობ,  გრძედი, განედი,

უკანასნელად უნდა შევძლო, შენთან მოვფრინდე

და შემოგხედო, მოღალატევ, უნდო თვალებში.

იქნება შეგრცხვეს და გაწითლდე სულ ცოტა მაინც,

წამოგივიდეს თვალთ ცრემლები უფერო, მლაშე

და წამჩურჩულო: -  შენ მიყვარდი, ყველაზე მეტად, 

ოღონდ ცხოვრებამ დამიგო მახე და გვიან გნახე.

 

Monday, June 7, 2021

ნისლს შევერევი (სატფიალო, სიმღერა)

 ნისლს შევერევი, ნაცრისფერს,

წინ დაგხვდე, კვამლში გაგხვიო,

ქარივით მოგეძალები,

შეხედე, ვეჟო, რა გიყო,

სული შეგეკრას, შენს სუნთქვას

ვგრძნობდე მხოლოდ მე, თვალებით

ვერ მიპოვო და ვერ მნახო,

გულს წაგეკიდოს ალები..