Wednesday, July 9, 2025

ვარდისფერფეხსაცმლიანი გოგოების ახალი თავგადასავალი, დაკარგული ღიმილები

 

მეხუთე თავი

                   დაკარგული ღიმილები

  ერთ ჩვეულებრივ დილას, როცა ცა სარკესავით კრიალებდა და ქარი ხეთა ფოთლებს ეჩურჩულებოდა, ბელას ფეხსაცმელებმა უცნაური ხმა გამოსცეს — თითქოს კომპიუტერის ეკრანი ჩაქრა, მუსიკალური ნოტები კი ჰაერში აფრთხიალდნენ და  სევდიანი ხმები გაისმა: 

„დაგვეხმარეთ, დავიბრუნოთ დაკარგული ღიმილები!“

იგივე სიტყვები ბელას მეგობრებმაც გაიგონეს. ბელა, სოფო, ქეთი, სალომე და ლიზი მაშინვე შეიკრიბნენ ფისოების პარკში. არავის გაუკვირდა, რომ ვარდისფერმა ფეხსაცმელებმა ფრთები გამოისხეს და ისინიც ახალი თავგადასავლისთვის მოემზადნენ.

მალე აღმოჩნდნენ ძალიან უცნაურ ქალაქში, რომელიც ტელეფონების, კომპიუტერების, ტელევიზორების ეკრანების შუქით იყო გაკაშკაშებული.

— „სად ვართ?“ — იკითხა ქეთიმ.

— „ეს უნდა იყოს სიჩუმის ქალაქი,“ — პასუხად წასჩურჩულეს ფეხსაცმელებმა.

ქუჩები თითქოს გაყინულიყო, ყველაფერი თეთრად ქათქათებდა.  ბავშვები სათამაშო მოედნებზე ისხდნენ, იქვე იყვნენ დედა, მამა, და-ძმა, მაგრამ არავინ ლაპარაკობდა, არავინ უღიმოდა ერთმანეთს, არავინ იცინოდა. სიჩუმეს დაესადგურებინა ქალაქში.  ყველა ტელეფონს, პლანშეტს ან კომპიუტერის ეკრანს მიშტერებოდა. გარშემომყოფებს არავინ აქცევდა ყურადღებას. ეკრანი თითქოს ღიმილს ჰპარავდა შიგ მაცქერალ ბავშვებს თუ დიდებს.

— „ნუთუ ასეთი შეიძლება იყოს ბავშვი? — იკითხა სალომემ — …არ დარბოდეს, არ თამაშობდეს დაჭერობანას, დამალობანას, არ იცინოდეს?“

უეცრად მოედნის  შუაგულში უზარმაზარი ეკრანი აინთო და მასზე უცნაური არსება გამოჩნდა: უსახო, მინის მუზარადითა და თითებზე გამოსახული ,,ღიმილაკებით".

ეკრანელმა ბავშვებს  და დიდებს გამოაცხადა: - მე სიჩუმის ქალაქის მცველი ვარ. ვინც თვალს მომაშორებს, ის დაგვატოვებს სამუდამოდ! -

ყველამ ერთმანეთს გადახედა,  შეშინებულები ისევ ეკრანს ჩააცქერდნენ, არც ერთს არ უნდოდა ეკრანთან განშორება.. 

ლიზის თვალები ცრემლით აევსო და თქვა:

— „აქ ღიმილს და სიყვარულს არ აქვს ადგილი...“

— „არა, არა,  სიყვარული ეკრანში ვერ დაეტევა,“ — მტკიცედ თქვა ბელამ.

გოგონებმა გადაწყვიტეს — სიჩუმის ქალაქის მაცხოვრებლებს შეახსენონ, როგორია, ღიმილი, ხელის ჩამორთმევა, მხრებზე ხელის გადახვევა, მინდორში სირბილი, ერთად ხატვა და სიცილი.

ქეთიმ პატარა ბიჭს მიმართა:

—ბიჭუნა, არ გინდა ეკრანს მოსცილდე? მოდი, ფერების ჯადოქრობა გაჩვენო!“. ბიჭუნამ დიდი ყოყმანის შემდეგ თვალები მოაცილა ეკრანს 
და მათ ფურცელზე ერთად დახატეს ცისარტყელა, რომელიც ბიჭმა პირველად ნახა არა ეკრანზე, არამედ ფანქრით დახატული და ისიც თავისი ხელით. უეცრად ფურცელზე დახატული ცისარტყელა გაიწელა, გაიწელა და ცაში აიჭრა, მერე მრავალ ათას ფერად გადმოეფრქვა ქალაქის მაცხოვრებლებს თავზე, ჩიტებმა დაიწყეს ფრენა და ჭიკჭიკი.

  - რა ლამაზი ფერებია, - დაიძახეს ბავშვებმა, 

- იისფერი ჩემია, - აყვირდა ერთმა პატარა გოგონა, 

- ლურჯი - ჩემი, - დაიძახა მისი ძმამ...

სოფომ ლექსი წაიკითხა, რომელიც ლიზიმ დაწერა:

          ჩიტო, გაგვიღე გულის კარები,

          გვასწავლე ფრენა უღრუბლო ცამდე,

          ჩვენც არასოდეს დავემალებით,

           მზისა და მთვარის მშვენიერ თვალებს!

     სალომემ ცეკვა დაიწყო, გვერდით ქუჩის კედლებზე ჩრდილები ამოძრავდნენ, თითქოს თვითონ კედლებიც აცეკვდნენ.

ბელამ კი ნამდვილი კატის ხმით დაიძახა:
— „ მიაუ, მიაუ, მე კატა კნატა ვარ, აბა მიპოვეთ!“

  პატარა გოგონამ  ტელეფონი ხელიდან გააგდო და კატის საძებნელად გასწია. ძალიან მოუნდა კატა სახლში წაეყვანა და მისთვის ყელზე ვარდისფერი ბაფთა შეება.  

   იქვე პატარა ბიჭუნამ  წამოიძახა:
— „მამა, ნახე, ჩიტი!“ და ხელი ზევითკენ გაიშვირა.
მამამ თავი აწია. მერე მეორე ბავშვმაც აწია თავი. მერე - დედამაც.
როგორც კი თვალები ეკრანებს მოსწყდნენ — ქალაქმა თითქოს თვალი გაახილაო.

ეკრანელი შუბლშეკრული შეჰყურებდა  გოგონებს და თავისთვის ბუტბუტებდა

— მე სიჩუმის ქალაქს ვიცავდი, ადვილია დაამყარო წესრიგი, როცა ყველა ეკრანებშია ჩაფლული, არავინ ლაპარაკობს, არავინ იცინის და ხმაურობს.  -

ბელა მიუახლოვდა დიდ ეკრანს და ეკრანელს უთხრა:
— „მაგრამ ასე ცხოვრება ხომ არ არის საინტერესო?!“

  ეკრანელმა თავი დახარა. ხელები გასალა და სიყვარულის ,,ღიმილაკები" გაუგზავნა გოგონებს. მისი მინის სხეული ფერებად დაიშალა. მოედანი დღის შუქით და მზით განათდა, სათამაშო მოედანი დიდ პარკად გადაიქცა, სადაც ბავშვებმა დაიწყეს თამაში, აგერ ბიჭი თომა ბუშტებს მიარბენინებდა ცაში გასაფრენად, გოგონა კესო ქაღალდის გემებს უშვებდა გუბურაში, ბიჭი ანდრია ფეხით ბურთს კენწლავდა.. ყველა უღიმოდა ერთმანეთს, აგერ ბავშვებს ფერხული ჩაებათ, შეჰხაროდნენ ბუნებას, ამწვანებულ ველებს, ნაძვებზე მოხტუნავე ციყვებს.

 ფეხსაცმლები კვლავ აციმციმდნენ,  დრო იყო სახლში დაბრუნების.

   კმაყოფილმა გოგონებმა უკან მოიხედეს, ცაში მზის სხივები გაჩახჩახებულიყო, ნაირფერი ბუშტები სულ მაღლა-მაღლა მიიწევდა. ბავშვებმა ქვემოდან  ხელი დაუქნიეს და დაემშვიდობნენ, ციდან ცისფერმა ჩიტმა პატარა კონვერტი ჩამოუტანა გოგონებს ვარდისფერ ქაღალდზე დაწერილი წერილით:

„ნამდვილი მეგობრობა არ იწონება მოწონებებით. ნამდვილი მეგობრები შენ გვერდით არიან მაშინაც, როცა ეკრანს ხურავ!


No comments:

Post a Comment