Monday, July 14, 2025

,,კუნწულა" ლექსებიდან, მინიმები

 ,,კუნწულა" ლექსებიდან:

იწრიტება მზე ხაშხაშისფერად,
მწედ დამდგარა პარხალის და იშხნის,
სანამ კიდევ მომავალის გჯერა,
აბრიალე, შენ ქართველო, სისხლი.
მაია დიაკონიძე
12.07.2025 წელი
-------------------------
მე თუ კაცის აღარ მჯერა,
გამრუდებულს ვხედავ ძგიდეს,
ასეთ კაცთან სიახლოვეს,
ქრისტე ღმერთო, ამარიდე.
მაია დიაკონიძე
15.05.2024 წელი
---------------------
***
მსახიობივით ირგებდი როლებს,
ხან მგელი იყავ, ხან კი - ბეკეკა,
ვით თავაშვებულ მრისხანე ნერონს,
ჩამოგშორდები ბრძენი სენეკა.
***
ქარს გადაურჩა ერთი-ორი
მწვანე ფოთოლი,
ხეს ვერ წაართვა, ვერ მოაშთო,
ვეღარ დაგლიჯა,
მოეჩვენა, რომ მის წინ იდგა
დიდი გოდოლი,
და გამოიხმო ქარიშხალი
იმის საჯიჯგნად.
***
გული ცუდს მიგრძნობს,
მყრალი სუნი მოდის ქვაბიდან,
წინ ვერ წავედით,
ძვრა ვერ ვქენით
ჰამურაბიდან.
მაია დიაკონიძე
3.05.2024 წელი
-----------------------
სადღაც კი უკრავს როიალი
ჰანგებს ძველებურს
და კლავიშებზე აცვდებიან
წვიმის თითები...
მაია დიაკონიძე
27.02.2024 წელი
--------------------
მეხვივნენ ცრუ მოყვასები,
მუხლზე ვიდექი აჯებით,
მაინც სად იყვნენ ამდენი
ეშმაკები და ქაჯები.
ვერავის ვერ შევასმინე
ამ ჩემი გულის ნადები.
მაია დიაკონიძე
24.05.2024 წელი
-------------------
დაწრიალებდა ჩემს სულში სევდა
და წუთისოფლის წამებს მპარავდა,
ვერ მოვერიე ქაჯთა და დევთა,
სიცოცხლეც მიტომ დაპატარავდა..
მაია დიაკონიძე
27.05.2024 წელი
-------------------
როგორც ბავშვი, ისევ ვცხოვრობ
ოცნებებში, ზღაპრებში,
იქნებ ვიღაც ჩემს სამყაროს
უმზერს ცოტა ამრეზით,
თავი კარგი რომ ჰგონია და
დიდების სკამზე ზის,
ჩემთვის კიდევ ისეთია,
როგორც ლექსში სკაბრეზი.
მაია დიაკონიძე
13.02.2024 წელი

No comments:

Post a Comment