Wednesday, July 9, 2025

ნაადრევად არ დაზამთრდეს გულში, ავტ. ხათუნა შავგულიძე

ნაადრევად არ დაზამთრდეს გულში
ნაადრევად ჩამოთოვა თითქოს...
თავს მახსენებს იდუმალი სევდა-
ეჰ, რამდენი დაზამთრება იყო,
ეჰ, გაზაფხულს რა ფერები სდევდა...
სულს ათასი მოგონებით ვითბობ,
გარეთ კიდევ უსასრულოდ ბარდნის-
ეჰ, როგორი სიყვარული იყო...
ეჰ, როგორი განშორების დარდი...
ეჰ, რამდენი საყვარელი სახე
შეერია იმ გარდასულ მითებს...
გული ახსნის მოგონებას სარქველს
და მათ თვალებს ვარსკვლავებად მინთებს.
გადაწვდება ფიქრი მშობელ მხარეს,
დამიბინდავს თვალს ცრემლების ფარდა
და ეს ლექსიც, განა არის რამე
უსაშველო მონატრების გარდა?..
მაგრამ...მაინც წელს დათოვა ადრე-
შეერია ფიქრს ფარული კვნესა...
დაგვიდგება გაზაფხულიც მალე
და იმედი ძველ იარებს კემსავს.
ასე იყო ჩვენამდე და ხვალეც
გაგრძელდება, რაც დაიწყო გუშინ...
ოღონდ, სითბო არ ჩაგვიქრეს მალე-
ნაადრევად არ დაზამთრდეს გულში...
ხათუნა ❤

No comments:

Post a Comment