ბავშვობიდან მიყვარს მთები, ან რომელ ქართველს შეიძლება არ უყვარდეს?! ბავშვობაში ზაფხულობით უკრაინაში მივდიოდით ბებიასთან მე და ჩემი და-ძმები, მთაგორიანი საქართველოდან ვაკე ქვეყანაში გადავინაცვლებდით ხოლმე, კენჭს ვერ ნახავდი. საოცრად მიკვირდა, მხოლოდ შავი ნახშირის მთები იდგა გზა და გზა.
როცა ვბრუნდებოდი საქართველოში, პირველი რასაც ვაკეთებდი, მზეზე გამთბარ ქვას ჩავიხუტებდი ხოლმე.
იმერეთში ბებიასთან ჩასული მდინარეში ჩაყრილ დიდ თეთრ ქვებს ჩავეკრობოდი. რამდენ ენერგიას მაძლევდნენ სამშობლოს ქვები, დღემდე არ გამნელებია მთის სიყვარული, მთაც ხომ დიდი ქვაა, საქართველოს გულმკერდზე ამოზრდილი, ჩვენს მამა-პაპათა საფლავებზე მდგარი.
მთაო!
(ხალხურ მოტივებზე)
ყვაილ-კორდ მოგირთმევია,
ჩემ წინ თავდახრით დგეხარ,
ღამენ თეთრ გაგითევია,
გულში მე ერთი გყევარ.
წინ გადამიშლი ბილიკებს,
შემომაშველებ ხელებს,
რაიც რომ ძაან გიჭირდეს,
ერთხელ არ დაიკვნესებ.
თავს ჩამოვიბან არაგვში,
თმებს შემიმშრალებს ქარი,
გამამარჩიე ათასში,
ერთი პოეტი ქალი.
მთაო, შენ ერთი მიყვარხარ,
ვერ მოვწყდი შენ ხელ-ფესვებს,
და როცა წავალ ნისლადა,
ზეცაში დამასვენე.
მაია დიაკონიძე
25.05.2025 წელი
No comments:
Post a Comment