Saturday, February 17, 2024

მგებრები (ელგუჯა ციგროშვილის მონაყოლის მიხედვით)

       მგებრები

(ელგუჯა ციგროშვილის მონაყოლის მიხედვით)
ყოჩაღი ქალი იყო ბებია. სულ საქმეს ეძებდა, მოსვენებულს ვერ ნახავდი. როცა ვიძინებდი, ეღვიძა, როცა დილით თვალებს დავაჭყეტდი, მაშინაც ეღვიძა. ვეკითხებოდი: - ბებია, გძინავს როდისმე?! - მერეც მეყოფა ძილი, - მეტყოდა. დეიდებთან ერთად ცხოვრობდა. ზაფხულში იქ ჩასულს კვერცხი არ მაკლდა და ქათამი. ფარფარა კაბით და ხელჯოხით მახსოვს. კალთაში ჩავუდებდი ხოლმე თავს, ისე ვიძინებდი. მისმევდა თმებზე ხელს, - ჩემი ქოჩორა ბიჭიო. - მეალერსებოდა. ალბათ, ეს თუ იყო მისი დასვენება. დამიძახებდა დეიდა, - მოდი, ნემსზე ძაფი ამიგეო, - ბავშვს ნუ აწუხებ, თამაშობს, მოდი, მე აგიგებო,- ეტყოდა.
უეცრად დაბრმავდა. როცა სოფელში ჩავიდოდი, ჩემს ხმას რომ გაიგონებდა, დამიძახებდა, - ბებია, ახლოს მოდიო. - ხელს დამისმევდა სახეზე, ყველა ნაკვთს დამითვალიერებდა, მეტყოდა, - როგორ გალამაზებულხარ, ბიჭო!
საქმეს მაინც არ ანებებდა თავს. სახლში დაფაციფუცობდა, ხელის ცეცებით, ხან ჯოხით ყველაფერს აგნებდა. ხუთი წელი ბრმამ იცხოვრა.
ასი წლისა გარდაიცვალა, გასვენებისას, დეიდამ დაატირა, - დედაჩემო, სასაფლაოს კართან რომ დაგხვდებიან მგებრები - ახლობელ-ნათესავები, ბრმამ იქნებ ვერც იცნოო.
უცებ თავი ამტკივდა, საფეთქლები ახმაურდა, ვიგრძენი სისხლი როგორ წამომივიდა ცხვირიდან, გულისპირზე დამეწვეთა. ცხადში ვხედავდი ბებიაჩემს, ბრმა თვალებით, ჯოხით ხელში, როგორ მიიწევდა ჭიშკრისკენ, იქ იყო პაპაჩემიც, სხვა ნათესავებიც, მაგრამ ვერავის ხედავდა, ვერავის ცნობდა, ვერავის სთხოვდა დახმარებას...
ბამბით გამოვიტენე ნესტოები, სისხლი რომ შემეჩერებინა. ვეღარ ვსუნთქავდი. - უჩემოდ ბებიას როგორ დაასაფლავებენ მეთქი, - ვნერვიულობდი. უცებ თითქოს გონება გამინათდა, ბებიას სიტყვები მომესმა, - სხვა რომ დაინახო, არაა საჭირო თვალები, გულის თვალები ხედავენ და გულის ყურები ისმენენ. - დავმშვიდდი. ნელ-ნელა სისხლისდენაც შემიწყდა. გარეთ მანქანა მელოდებოდა. უკანასკნელ გზაზე გავაცილე ბებია, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მგებრები შეხვდებოდნენ, ისიც დაინახავდა მათ, ისინი უპატრონებდნენ და გზამართალს დააყენებდნენ. გულზე პეშვით მიწა მივაყარე. – მსუბუქი იყოს, ბებიაჩემო, ეს მიწა შენთვის. – წავიჩურჩულე. ვიცოდი, ბებიას ესმოდა.
იმ საღამოს ტრადიციულად მეორე სადღეგრძელო მგებრებისა - ამქვეყნიდან წასულებისა დაილია.
მაია დიაკონიძე
16.02.2024 წელი

No comments:

Post a Comment