Tuesday, February 6, 2024

ერთი ლოკოკინას ამბავი (საბავშვო ზღაპარი)

        ერთი ლოკოკინას ამბავი

(ზღაპარი)
დღეს ერთი ლოკოკინას ამბავი უნდა გიამბოთ. ერთ დროს ლოკოკინებს სახლი სულაც არ დაჰქონდათ ზურგით და თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, საითაც გული გაუწევდათ, ჰერი, ბიჭო, დაიძახებდნენ და ეგ იყო. მაგრამ თავიანთ სახლში აუცილებლად ბრუნდებოდნენ.
ლოკოკინა ერნა, ასე ერქვა ჩვენს მთავარ გმირს, დიდი ცნობისმოყვარე ვინმე გახლდათ. ხან მდინარისკენ გაისეირნებდა, ხან ტყისკენ, ხანაც მთებისკენ გასწევდა. სიარულით გულს რომ იჯერებდა, აუცილებლად სახლში ბრუნდებოდა. სახლი მაშინ დიდი ჰქონდათ, დედაც იქ ცხოვრობდა, მამაც და მისი და ტასუნაც. ერთ დღეს, როცა დიდი თოვლი მოვიდა, ტასუნა და ერნა სათამაშო მოედანზე წავიდნენ, ყველა მათი ტოლი აქ იკრიბებოდა. ვინ არ მოსულიყო თოვლის გუნდებით სათამაშოდ: მელაკუდა – ბრაწო, ზღარბუნია - წიკო, ბაჭია - ტატუნა. მეგობრებმა ჯერ იგუნდავეს, მერე მოლიპულ მოედანზე სრიალში გაეჯიბრნენ ერთმანეთს.წინ ტატუნა მისრიალებდა, უკან წიკო და ბრაწო მიჰყვებოდნენ, ერნა კი ყველაზე უკან მიჩანჩალებდა. ტასუნა მსაჯი გახლდათ და ხმამაღლა გაიძახოდა:
ბრაწო, წიკო, ტატუნა,
უი, რა შორს წასულან,
ვერ ეწევა ერნა,
თუმცა ცდილობს ბევრსაც.
გაბრაზებულმა ერნამ ძალიან მოინდომა, ისრიალა, ისრიალა, ვეღარ მოზომა და თოვლის დიდ გროვაში გადავარდა ჯერ ქვევით იყურყუმალავა თოვლში, მერე წინ, მერე მარჯვნივ და ერთ დაბურულ ტყეში ამოყო თავი. მიიხედ-მოიხედა, ადგილი არ ეცნო, შესცივდა, სახლი მოენატრა, დედა და მამა, ბუხართან ჩამოვჯდებოდი, გავთბებოდიო, მაგრამ ახლო-მახლო არც კვამლი მოჩანდა, არც მისი მეგობრების ხმა ისმოდა.შეშინებულმა, რამე ცხოველმა არ შემჭამოსო, პატარა ორმო ამოთხარა, ხმელი ფოთლები წაიხურა თავზე და დაღლილმა დაიძინა.
ბევრი ეძებეს მეგობრებმა, სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. ტასუნამ დედ-მამასაც გააგებინა ერნას დაკარგვის ამბავი, ლოკოკინების მთელი სოფელი გამოვიდა მის საძებნელად, მაგრამ ვერსად იპოვეს.
ამასობაში დადგა გაზაფხული. თოვლი დადნა, აწანწკარდა წყაროები, მიწიდან ყვავილებმა და მწვანე ბალახმა ამოყო თავი. ერნას სოროშიც წყალმა ჩააღწია, ტოტებზე თოვლმა დაიწყო დნობა და პირდაპირ ერნას დაეწვეთა თავზე. გამოფხიზლდა ძილისგან ლოკოკინა. ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე - მეორე, სისველემ შეაწუხა, ფოთლები გადაყარ-გადმოყარა და ზევით ამოვიდა. დაინახა, თოვლი დამდნარიყო. სასიარულო ბილიკებიც გამოჩნდა. მოათვალიერა იქაურობა. ერთ ბილიკს დაადგა კიდეც, მალე ნაცნობ მდინარესთან მივიდა, მერე გეზი სათამაშო მოედნისკენ აიღო, მეგობრები იქ დამხვდებიანო. ასეც იყო. ისინი ერთად ჩამომსხდარიყვნენ მორზე, თათები თავებზე შემოეწყოთ და იმას განიხილავდნენ, საიდან დაეწყოთ ერნას ძებნა.
– ბრაწო! წიკო! ტატუნა! – დაიძახა ერნამ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მეგობრებისკენ გაიქცა. გახარებულმა მელაკუდამ, ზღარბუნიამ და ბაჭიამ ჩაიხუტეს მეგობარი, ჰაერში იმდენჯერ შეისროლეს, ერნას თავბრუც კი დაეხვა.
მეგობრებმა ერთად გასწიეს ერნას სახლისკენ, გახარებული მშობლები და ტასუნა სიხარულით ბუქნავდნენ და მღეროდნენ, მაგრამ აქ ერთგულმა მეგობრებმა, როცა მისი თავგადასავალი მოისმინეს, გადაწყვიტეს: მოდი, სახლი გავუკეთოთ, სულ თან რომ ატაროსო.
შეუდგნენ კიდეც ბრაწო, წიკო და ტატუნა ერნასთვის სახლის შენებას, ტანზეც მოაზომეს, თავიდან ხან დიდი გამოუვიდათ, ხან პატარა, ბოლოს ისეთი გააკეთეს, მეგობარს რომ მოსწონებოდა, – ამის მერე ამით იარე, სადაც დაგიღამდება, სახლში შეძვერი, აღარ შეგცივდებაო. - უთხრეს. შეათვალიერა ერნამ თავისი ახალი სახლი და ძალიან მოეწონა.
ლოკოკინას სახლი - ნიჟარა, ალბათ, ყველას გინახავთ, ხის მერქნის და გამხმარი ფოთლების ფერია, რომ მტერმა ადვილად ვერ შეამჩნიოს.
მას მერე, ლოკოკინები თავიანთ სახლს თან დაატარებენ, თანაც, როცა დადიან, თეთრ ბრჭყვიალა ნაკვალევს ტოვებენ, მეგობრებმა რომ ადვილად იპოვონ.
მაია დიაკონიძე

6.02.2024 წელი       

No comments:

Post a Comment